logo_geo
eng_logo
„Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
- +

15 აგვისტო. 2020. 11:40

 

 

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად  - „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, „Fitch“-მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად,  სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა, ხოლო კანადის სუვერენული რეიტინგი AAA დან AA+ მდე შეამცირა.

 

„Fitch“-ის 2020 წლის აგვისტოს ანგარიში საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან მიმართებით, ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.

 

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მიმზიდველი საინვესტიციო  და ბიზნეს გარემოთი და მაღალი მართველობის  ხარისხით. თანმიმდევრული და საიმედო პოლიტიკის ჩარჩო ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ.

 

სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საიმედო და  თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას. ეროვნული ბანკის გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობას, ხოლო შეზღუდულმა სავალუტო ინტერვენციებმა შეარბილა სავალუტო კურსის მერყეობა.

 

„Fitch“ არ მოელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით,  რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.

 

სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია ოფიციალურ კრედიტორებთან წარმატებული თანამშრომლობით. გარდა ამისა, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მმართველობის  ხარისხით და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივით.

 

„Fitch“–ის შეფასებით, 2021 წლის აპრილამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გახანგრძლივება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და  ხელისუფლების მზაობას გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, საარჩევნო წლის მიუხედავად.

 

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია ეკონომიკის რეალური 4.8%-იანი კლება 2020 წელს, ხოლო 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღება და 4.5%-იანი ზრდა.  რელიზის თანახმად, ვირუსის შემაკავებელი და პრევენციული ღონისძიებების შემსუბუქებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გაჯანსაღებას. ბოლო მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა თვეებთან შედარებით. 2020 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა მთლიანობაში 5.8%-ით შემცირდა. „Fitch“-ის შეფასებით, მეორე ნახევარში მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის გაჯანსაღება, რაც მნიშვნელოვნად განპირობებული იქნება სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდით.

 

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მთავრობა პანდემიის შემდგომ შეინარჩუნებს მზაობას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართ, რაც მხარდაჭერილია სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამით.

 

 

right_banner
არქივი
right_banner