logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არ ვიცი, ვის რა როლი აქვს გუშინდელ სპექტაკლში, ჰარცელს, ბადრი ჯაფარიძეს ან მელიას, ადგნენ და ერთმანეთში არკვიონ
- +

24 სექტემბერი. 2021. 12:19

 

 

„არ ვიცი, რა და როგორ იყო, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში – ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ასე შემდეგ. ეს ადგნენ და გაარკვიონ, ერთმანეთში არკვიონ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

აღნიშნული კომენტარი სარჯველაძემ განაცხადა კითხვაზე, ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირების შემდეგ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელი შსს-დან ითხოვდა გარანტიას, რომ ნიკა მელიას ევროკავშირის ოფისიდან გამოსვლისას ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინა.

 

„ამაზრზენი ქცევები, რომელსაც გვთავაზობენ, ამის პოპულარიზებას ეწევიან, იმის ნაცვლად, გამოვიდნენ, თქვან, რომ მელიამ რაც იკადრა, არის წარმოუდგენელი. ამის ნაცვლად, ალტერნატიულ ვერსიებს და ალტერნატიულ საყურადღებო ცენტრებს ქმნიან. რატომ? ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები და კონფლიქტები იყოს, უნდა გამოვიდეს და უთხრას, მელია გაჩერდი, ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ. მელიასთვის უნდა ეთქვა, ამაში ორი აზრი არსებობს? თავს იკავებს, არ ვიცი, რა და როგორ უთხრა, მაგრამ ამბავი რაც გამოვიდა, ყველა ცდილობს, მიმართულებები სხვაგან გადაიტანოს. ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, მაინტერესებს, კობახიძის სახე როგორი იყოო. არ ვიცი, როგორ დაიდგა და ვის რა როლი ჰქონდა. ეს ამბავი იყო ამაზრზენი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დაწყებამდე ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად, ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“. ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner