logo_geo
eng_logo
პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
- +

21 სექტემბერი. 2022. 13:10

"წარმოგიდგენთ ცოტნე ყავლაშვილს, რომელსაც ბევრი თქვენგანი იცნობს - იგი წლებია, საჯარო სამსახურში მუშაობს და გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და მაგალითია იმის, რომ საჯარო სამსახურში შრომით, კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით შეიძლება, ადამიანმა კარიერული საფეხურები გაიაროს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაცხადა, სადაც თანამშრომლებს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი - გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი წარუდგინა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მისთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება -კანდიდატის და შემდეგ უკვე ახალარჩეული ხელმძღვანელის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა.

შალვა პაპუაშვილმა ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც უწყებამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია.

ახლახან ვნახეთ სხვადასხვა კვლევის შედეგები, თუ როგორ მოწინავე პოზიციებზეა სხვადასხვა შეფასებით და ამაში ირაკლი მექვაბიშვილის წვლილი დიდია და ამაშია თქვენი, აუდიტის სამსახურის თანამშრომლების დამსახურება, რომ ამ მართლაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს აქვს ასეთი წარმატება. იმ პერიოდში, რომელშიც ირაკლი მექვაბიშვილი ამ სამსახურს ხელმძღვანელობდა, ასეთი წარმატების მიღწევას განსაკუთრებული უნარი, შემართება და მოტივაცია სჭირდება და მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ახალარჩეული გენერალური აუდიტორი საჯარო სამსახურსა და მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას კარგად იცნობს. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ცოტნე ყავლაშვილის წარდგენას დადებითი რეაქცია მოჰყვა.

„ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა, ნაწილმა, მართალია მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მოვუწოდებდი. აუდიტის სამსახური პარლამენტისთვის და განსაკუთრებით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ვინაიდან ამ დასკვნებიდან იღებენ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ოპოზიციისთვის, იმისთვის, რომ კრიტიკული დღის წესრიგი ჰქონდეთ ან საკითხები დააყენონ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ზოგიერთმა მწვანე ღილაკს არ დააჭირა ხელი, განხილვის დროს ვნახეთ, რომ არავის არ ჰქონია რაიმე კრიტიკული შენიშვნა ცოტნე ყავლაშვილის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ წარმატებაზე, რომელსაც ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობით სამსახურმა მიაღწია, კიდევ ბევრი რამის დაშენება შეიძლება. ვუსურვებ ცოტნე ყავლაშვილს და ყველა თქვენგანს წარმატებას ამ საქმიანობაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner