„ნაცმოძრაობის ეს განცხადებები ცხადყოფს იმას, რომ ისინი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ჩვენ დღეს კარგად ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ეს არჩევნები, აბსოლუტურად ყველა მოვლენა, რომელიც ვითარდება და რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველო, მათი მხრიდან ხდება პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციის ნაწილი ტინი კოქსს პრორუსს უწოდებს და „ქართულ ოცნებას“ მისი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს. ტინი კოქსი, ჯამში, 175-მა დეპუტატმა აირჩია, მეორე კანდიდატს, უკრაინელ ალექსანდრ მერეჟკოს კი მხოლოდ 44-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.