logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს
- +

27 იანვარი. 2021. 14:05

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნინოობასთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მან დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა.

 

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს.

 

წმინდა ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია. თქვენ გიფიქრიათ, საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ენერგია, რომ ამ შორეულ ქვეყანაში წამოსულიყო. ღმერთი იყო მასთან, ღმერთი მფარველობდა მას. მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას. შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი და ღვაწლი, შეგეწიოთ მისი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი!“ – აღნიშნა პატრიარქმა.

 

მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ – 27 იანვარს მის გარდაცვალებას და 1 ივნისს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner