logo_geo
eng_logo
მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
- +

18 ივნისი. 2021. 14:49

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაბა ურეკში, სანაპიროდან წყალში შენიშნეს არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

 

შემთხვევაზე რეაგირება მაშველებმა უმოკლეს დროში მოახდინეს. არასრულწლოვნის დასახმარებლად წყალში სპეციალური აღჭურვილობით შევიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ნაპირიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით მყოფი ბავშვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს.  მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქობულეთში, ზღვაში შევიდა მოქალაქე, რომლის ადგილსამყოფელს თანმხლები პირები ვერ პოულობდნენ და ითხოვდნენ მაშველების დახმარებას.

 

გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მაშველები წყალში გასაბერი ნავით შევიდნენ და მოქალაქე ნაპირიდან  დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. მამაკაცი წყლიდან უკვე გამოყვანილია უვნებლად. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება შტორმი. უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner