logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: თანამოაზრეობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ყველაზე ეფექტურ შედეგს იძლევა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 10:22

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელ შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა მერობის კანდიდატმა  ქუთაისის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართა.

 

საარჩევნო პროგრამასთან ერთად შეხვედრაზე ქუთაისის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი, ტურისტული ბიზნეს-სტრატეგიები და მათი განხორციელების შესაძლებლობები, პანდემიისგან მიყენებული ზარალი და გამოწვევები განიხილეს.

 

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, იოსებ ხახალეიშვილი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ყველა სამსახურებრივი პოზიციიდან მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან. მისი დიდი ხელშეწყობით, 2021 წელს ქუთაისი უმასპინძლებს ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების დიდ ფორუმს, შესაბამისად, 300-მდე მაღალი დონის ექსპერტს და სტუმარს ევროპიდან, რაც  აამაღლებს ქუთაისის ცნობადობას ევროპაში.

 

„მოგეხსენებათ, ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მამოძრავებელი ძალა და კორონავირუსის პანდემიამ სწორედ მას მიაყენა ყველაზე დიდი დარტყმა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, კონკრეტულად კი „DMO იმერეთი“ - ის ადამიანები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ  ტურიზმის გაუმჯობესებისთვის, მისი ხარისხისა და სერვისების სრულყოფისთვის. ქალაქის ახალი იმიჯისთვის, რაზეც მიუთითებს სულ ახლახან ჩატარებული ეფექტური რებრენდინგი. ისინი მუდმივად ახორციელებენ საინტერესო პროექტებს, უფასოდ, რათა ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ სფეროს ნიუანსების შესწავლა და გზის გაკვალვა. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და გვერდით დგომას. თანამოაზრეობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ყველაზე ეფექტურ შედეგს იძლევა.  ჩვენ ერთად აუცილებლად დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ ქალაქის განვითარებისათვის“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

შეხვედრაზე „ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნია თავის ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე დღეა, ქუთაისში იმყოფება და იოსებ ხახალეიშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner