logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: წმინდა მარიამის დღემდე მიკვლეულთა შორის უძველესი ფრესკები...
- +

28 აგვისტო. 2019. 18:52

 

ვინაიდან დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა, წარმოგიდგენთ წმინდა მარიამის დღემდე მიკვლეულთა შორის უძველეს ფრესკებს, რომელთაგან პირველს - სირიაში, დანარჩენებს კი რომში ჩატარებული გათხრებისას მიაკვლიეს.

 

ღვთისმშობლის პირველი ფრესკა აღმოჩენილ იქნა სირიაში, 1920 წელს - ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ ტრანშეის გათხრისას. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიკვლეულ იქნა უძველესი ქალაქი დურა-ევროპოსი, რომელიც მეფე სელევკმა დააფუძნა მდინარე ევფრატზე, კერძოდ ჩვ.წ.აღ-მდე. დაახლოებით 300 წელს, ხოლო ჩვ.წ.აღ-მდე. 165 წელს ქალაქს უკვე რომაელები დაეპატრონენ.

 

ყოვლადწმინდა მარიამის ეს ფრესკა არის დღემდე მსოფლიოში აღმოჩენილ ყველა ფრესკას შორის უძველესი და იგი თარიღდება დაახლოებით 232-256 წლებით. უკვე დადგენილია, რომ შემოსევების გამო მცხოვრებლებმა დატოვეს ქალაქი დურა-ევროპოსი, ხოლო ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილი, მათ შორის პალმირას ღმერთების ტაძრები, უძველესი ქრისტიანული, ე.წ. „სახლის“ ეკლესიები, სინაგოგები და სხვა ძეგლები ქვიშით ამოავსეს, რითიც, დღეის გადასახედიდან, ფასდაუდებელი საგანძური შემოუნახეს კაცობრიობას. „დურა“ არამეულად ნიშნავს სიმაგრეს, ხოლო დურა-ევროპოსი, თავისი ფრესკებით და საგანძურით, მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილი უძველესი ქრისტიანული და სხვა რელიგიური ნაგებობების და რელიკვიების სავანედ მიიჩნევა.

 

ამ უძველეს ფრესკაზე აღბეჭდილია მარიამ ღვთისმშობელი პირველი ხარების მომენტში. ხანგრძლივი კვლევით დადგინდა, რომ ეს იყო არა ვიღაც სამარიტელი გოგონა, არამედ წმინდა მარიამი, რომელსაც ჯერ წყლის მოსატანად წასულს მიახარეს - შენთან არს უფალიო, ხოლო როდესაც დაბნეული სახლში მიბრუნდა, მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა:

 

„და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“ (ლუკა 1:28).

 

საინტერესო დეტალია... რომ სირიის გათხრების შემდგომ ეს ფრესკა გადატანილ იქნა აშშ-ში და დღეს იგი დაცულია იელის უნივერსიტეტის მუზეუმში. რაც შეეხება საგანძურის აღმოჩენის ადგილს, მას კარგა ხანს აკონტროლებდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები.

 

სანამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ფრესკას აღმოაჩენდნენ სირიაში, მანამდე უძველესად ითვლებოდა აქ წარმოდგენილი დანარჩენი ფრესკები, რომლებიც ნაპოვნი იქნა რომის გათხრებისას, როდესაც მიაკვლიეს ჩვ.წ.აღ. II-IV საუკუნის უძველეს ორსართულიან მიწისქვეშა სამარხებს და დღეს ის ადგილი ცნობილია წმ. პრისცილას კატაკომბების სახელით. დღეს კატაკომბების პირველ სართულზე, რომელსაც „ბერძნული კაპელა“ ეწოდება, დაცულია ადრეული ქრისტიანული ხელოვნების უამრავი ნიმუში, ბერძნული ხელნაწერები და უძველესი ფრესკები, მათ შორის დღეს წარმოდგენილი მარიამ ღვთისმშობელი ყრმით, რომელსაც გვერდით უდგას წინასწარმეტყველი ესაია. ფრესკები დათარიღდა ჩვ.წ. II საუკუნით.

 

წმ. პრისცილას კატაკომბებში არის 27 მიწისქვეშა „ოთახი“, რომელთა დათვალიერება გულგრილს არავის დატოვებს. რომში წამსვლელებს გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ ეს საოცრება.

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს გილოცავთ, მეგობრებო!

 

ფოტოებზე ფრესკების გარდა აღბეჭდილია დურა-ევროპოსი და წმ. პრისცილას კატაკომბები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner