logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ირაკლი აბაშიძე - 110 (წერილი 1)
- +

21 ნოემბერი. 2019. 01:21

 

(ნაწილი პირველი)

 

ყველას ვულოცავ ქართველთა დიდ დღესასწაულს - გიორგობას!

 

ეს დღე კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ბუმბერაზი პიროვნების - დიდი პოეტის, გამოჩენილი სახელმწიფო და უდიდესი საზოგადო მოღვაწის ირაკლი აბაშიძის დღეობაა.

 

წინა წლებში, რამდენიმე მოგონება შევთავაზე ჩემს მეგობრებს. თუ არ დამძრახავთ წელსაც გავიმეორებ და კიდევ ერთხელ გავიხსენებ და თქვენთან

 

ერთად შევეცდები მოვეფერ ადამიანს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ ისტორიაში, განსაკუთრებით მისი კულტურისა და ლიტერატურის სფეროში. მისი სახელი დაკავშირებულია შოთა რუსთაველის ნაკვალევზე იერუსალემში შემდგარ ექსპედიციასთან, რომელმაც საქართველოს დაუბრუნა მისი პორტრეტი...

 

ჩემ „პაწია" პირველ მოგონებას" დავიწყებ პოეტის პატრიოტული ლირიკის ერთი შედევრის შეთავაზებით. "კაპიტანი ბუხაიძე", ასეა დასათაურებეული ეს ლექსი - მოწოდება. თუ გნებავთ - ანდერძია მომავალი თაობებისთვის.

 

დაე, „ვიღაცეებმა" იქილიკონ იმ დროზე, როცა შეიქმნა ეს ლექსი, ანუ, როცა ფაშისტური გერმანია უტევდა კავკასიას... და თუ ამ ლექსს დაკვირვებით ჩაიკითხავენ, გაიაზრებენ და ობიექტურად აღიქვამენ, მაშინ... თავად შექმნან უკეთესი პატრიოტული ანდერძი:

 

"კაპიტანი ბუხაიძე"

 

„მე, ქართველი ბუხაიძე,

ბალყარეთის მთებში ვწევარ...

რომ შემეძლოს საფლავიდან,

ძმებო, მხრების წამოწევა,

მე სიცოცხლეს ხელმეორედ

შევწირავდი მშობელ მხარეს,

შევწირავდი იმავ მიწას,

დღეს რომ გულზე დამაყარეს.

ვინც დამხედოთ, გადაეცით

საქართველოს მთებს და ველებს,

რომ მისი ძე, ბუხაიძე,

აქა ვჟლეტდი სისხლის მსმელებს;

არ ვუშვებდი დარიალთან

გააფთრებულ ყვითელ გველებს...

მე საფლავში არა ვწევარ, _

აქ დარაჯად დამაყენეს.

და ვუბარებ ყოველ ქართველს:

მისი წმინდა ვალი არი _

მოკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრას

დერბენტი და დარიალი."

 

******************************

 

ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ბატონ ირაკლი აბაშიძესთან. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ახალგაზრდული წლებიდან ვგრძნობდი მის კეთილ დამოკიდებულებას და, რა გასაკვირია, გაათმაგებული სითბოთი ვცდილობდი გადამეხადა მისი ყურადღება- მოფერებისთვის.

 

მიუხედავად დროის სიმცირისა, ჩვენ-მისი ახალგაზრდა მეგობრები და ისინი-„ბებერი მეზურნეები", ანუ როგორც თავის უახლოეს სამეგობროს უწოდებდა ბატონი ირაკლი, ხშირად ვახერხებდით ერთად ყოფნას, ქალაქგარეთ გასვლას... მისი მეგობრები კი არანაკლებ საინტერესო და დიდებული ადამიანები გახლდნენ: აკადემიკოსი შოთა ძიძიგური, პროფესორი დავით ჩხიკვიშვილი, ბატონი როინ მეტრეველი და არაერთი სხვა ნიჭიერებით და კეთილშობილებით გამორჩეული, დამსახურებული პიროვნება...

 

ამ ფანტასტიურ ადამიანებთან ჩვენი ყოფნა იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთ „უნივერსიტეტს" ვამთავრებდით, თავისი „ასპირანტურით" და „დისერტაციით" დამთავრებული... რამდენ სიახლეს ვისმენდით, ვიგებდით... რა ინტელექტუალური პაექრობის მოწმეები ვხდებოდით... და ყველაფერ ამას ახლდა საოცარი იუმორი, სიხალისე... მოგონებები ისეთი, ვერსად რომ წაიკითხავდი და გაიგონებდი...

 

ჩემს თავს უფლებას მივცემ ერთი შემთხვევა გავიხსენო. მთლად „ინტელეგენტური" არა, მაგრამ... უბრალოდ, ამ წრის იუმორის დონეზე მეტყველებს.

 

... ზესტაფონში ვართ, „ვარინკობას" ატარებს საქტელერადიოს ხალხური შემოქმედების რედაქცია, ანუ „ქართული ხმები"... ბატონი ირაკლი და მისი „ბებერი მეზურნეები" ოჯახებიანად, რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან... ბოლოს სუფრაა. წარმოიდგინეთ ატმოსფერო, ვინც კარგად მღერის ყველა ამ სუფრასთან ხალისობს. არის სიცილი, ანეგდოტები, ერთმანეთის მოფერება...

 

აკად. შოთა ძიძიგურის მეორე ნახევარი-მომხიბლავი და უთბილესი ქალბატონი რუსუდან ბოკერია თავს ევლება მეუღლეს და, როგორც წესი, მოფერებით მიმართავს არა სრული სახელით, არამედ შემოკლებულით: „შ"-უ.. „შ"-უ.. „შ"-უ... ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ ყველას ყურადღება მიიქცია და... უცებ, ბატონმა ირაკლიმ ძიძიგურს თანაგრძნობით უთხრა: შოთა, რა ბედნიერი ხარ, ყარამანი რომ არ გქვიაო...

 

მისი საჯარო შეხვედრები მაგნიტივით იზიდავდა ხალხს. საინტერესო, გულწრფელი, სიბრძნითა და იუმორით აღსავსე.

 

...მოსკოვში, ოსტანკინოს დიდ დარბაზში საკავშირო ტელევიზია მკითხველთა გრანდიოზულ შეხვედრა უწყობს ირაკლი აბაშიძეს. წარმოგიდგენიათ რა აუდიტორია ყავს ამ დროს ბატონ ირაკლის-მთელი საბჭოთა კავშირი და არა მარტო! ეს დარბაზი ხომ ისეა გაჭედილი, ნემსიც არ ჩავარდება.... ყველა ლექსს დამსწრენი დიდი ტაშით ხვდებიან...ასევე, შეკითხვებზე პასუხებს...

 

აი ერთი შეკითხვა: „Как вы относитесь к славе?»

 

პასუხი: «Как к женщине - не следует надоедать!»

 

ტაში მაგრამ რა ტაში... ნამდვილი ფეირვერკია და ისევ შეკითხვა:

 

«Вы настоящий метр...»

 

ბატონმა ირაკლიმ არ დაამთავრებინა მის თაყვანისმცემელს, რომელსაც უნდოდა ხაზგასმა იმ ჭეშმარიტებისა, რომ სცენაზე პოეზიის მეტრი იდგა, და ღიმილით „მიახალა": «не метр, а метр девяносто!»

 

დარბაზი მართლა დაინგრა სიცილით და ოვაციით...

 

კიდევ ერთი „ისტორია"... უბრალოდ, განწყობისთვის...

 

კომპოზიტორმა ეთერ ჭელიძემ შექმნა სიმღერა ირაკლი აბაშიძის ლექსზე: „ჭაღარა თბილისი". ვიდრე ტელერადიოკომიტეტში მოიტანდა, როგორც ჩანს, ბატონ ირაკლის მოასმენინა და, ყოველ შემთხვევაში, მისი მხარდაჭერა დაიბევა. მით უმეტეს, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა ჩვენი მამა-შვილური დამოკიდებულება. ბატონმა ირაკლიმ დამირეკა და სიმღერის გულწრფელი მოწონება მომახარა...

 

არცერთ კომპოზიტორს, ასაკის და ცნობადობის მიუხედავად, ასეთი „ჩაწყობა" იმ დროინდელ ტელერადიოში ნამდვილად არ ჭირდებოდა, ოღონდ რამე კარგი(!!!) დაწერილიყო და... მაგრამ ინერცია ინერციად რჩებოდა, ერთადერთ სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში კონკურენცია მაინც დიდი იყო. ამას ემატებოდა რადიო-ტელევიზიის სამხატვრო საბჭოს მკაცრი ფილტრი..

 

არც ის იყო ჩემთვის დამალული, რომ „ძველ ავტორიტეტები" მანდამაინც არ წყალობდნენ „ახალბედებს" ან „ნაკლებად ცნობადებს", ამიტომ, ყოველ პარასკევ-დილით უშუალოდ ვხვდებოდი კომპოზიტორებს, უწინარესად, ახალგაზრდებს, ჯერ კიდევ და ვახალისებდი მათ ჩვენთან თანამშრომლობისკენ. ვცდილობდი პირადად ჩემთვის ჩაებარებინათ „პროდუქტი". ეს „ხერხი" აადვილებდა კონტროლს სამხატვრო საბჭოს ე.წ. „კონუნქტურაზე" და მეტ-ნაკლებად აადვილებდა ახალთაობისთვის „გზის გაკვალვას". ამ მიდგომაში გვერდში მედგნენ მუსიკალური რედაქციების ხელმძღვანელები-ევგენი მაჭავარიანი და ლალი ვარდანაშვილი, მაგრამ სამხატვრო საბჭოში ისეთი ავტორიტეტები შედიოდნენ, რომ არ იყო ადვილი მათი „დათრგუნვა", მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

...მოულოდნელად შემოდის ჩემთან შეწუხებული ლალი ვარდანაშვილი, რომელმაც უკვე იცოდა ბატონი ირაკლის ზარის შესახებ, სამწუხარო ამბით: სამხატვრო საბჭომ ე.ჭელიძის ეს სიმღერა დაიწუნა და მის ეთერში გაშვებას გზა გადაუკეტა. არადა, პრემიერა უკვე დაგეგმილია იმდღევანდელ "მოამბეში", რომელიც ორ საათი უნდა დაიწყოს.

 

მიზეზი? აბსურდული! "ეგო , პროფესიონალი არ არის და..." როგორ ჩანს, ზოგიერთ "მეტრი" ვერ მოერია პირადულ "მოტივებს" უღალატა ობიექტურობის გრძნობას.

 

ამ „გარკვევაში" ვარ და ისევ მირეკავს ბატონი ირაკლი, შეწუხებული. უკვე "მოასწრეს" მისი "გახარება სამწუხარო ამბით.. იქეთ მამშვიდებს, იმაზე დარდობს, რომ თავი არ ვიგრძნო უხერხულ დღეში, რომ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. არადა სიმღერა მეც აშკარად მომწონს.

 

ჩემთან ვიხმე გოგი დოლიძე, თემურ ჭკუასელი, გია ჭირაქაძე, თამაზ ელიავა... ჩემი „გაჭირვება" გავანდე და მოვთხოვე მაქსიმალური ობიექტურობით სიმღერის შეფასება. გოგი "კივის" - "სუპერია, მამა! მოგვეცი ერთი საათი და "ივიკოს, მერაბს და სუხარას" (სიმღერის შემსრულებელ ტრიოს) შევეჯიბრებითო.

 

იმ დროინდელი სისტემა ისეთი იყო, რომ მე, როგორც ხელმძღვანელს შემეძლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რამეთუ სამხატვრო საბჭო ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარესთან არსებული სათათბირო ორგანო გახლდათ. ჰოდა... მიუხედავად დიდი პატივისცემისა მათი ავტორიტეტისადმი, რეგალიებისადმი და პირადი მეგობრობისადმი., მათი თათბირი არ მივიღე და...

 

ვურეკავ ბატონ ირაკლის და სტუმრობის ნებართვას ვთხოვ. საუბარი ისე წარვმართე, რომ ვითომ ბოდიშის მოსახდელად მინდა ვეწვიო. მამობილ ჩვეული კეთილშობილებით დამთანხმდა და, მერე გამომიტყდა, ვიცოდი განიცდიდი და შენი დამშვიდება მოვინდომეო... "„ქართული ხმების" ბიჭებთან ერთად თავზე რომ დავადექით ცხელი ხაჭაპურებით ხელდამშვენებულნი. მასპინძელმა "საბოლოოდ" ჩათვალა, რომ „დაწუნებული" სიმღერის გამო „შესარიგებლად" მივედი... ბიჭებმა ოპერატიულად შესწავლილი „ჭაღარა თბილისიც" უმღერეს და... ამასობაში "მოამბე" ჩაირთო, რომელიც ბატონი ირაკლისთვის სრულიად მოულოდნელად გაიხსნა... ეთერ ჭელიძის ამ სიმღერის პრემიერით... თვალცრემლიანი ირაკლი გახარებულია. ჩვენც, მასზე მეტად...

 

გავა 20 წელი. და შედგება სია „საუკუნის 10 საუკეთესო სიმღერა" და... მავანთა მიერ "დაწუნებული" ეთერ ჭელიძისა და ირაკლი აბაშიძის ეს შედევრი ამ სიაში დაიკავებს მეშვიდე ადგილს!

„ვოტ ტაკ"!!!

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner