logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: წინ კიდევ ბევრი კედელი გვაქვს და ეგებ, ერთხელაც დავფიქრდეთ: გვიღირს?
- +

19 დეკემბერი. 2019. 14:32

 

ამჯერად სალომე, სულ რაღაც 17 წლის.

 

წავიდა და დაგვიტოვა გზავნილი: „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“

 

ალბათ, გვიღირს.

 

არც ლუკა და არც სალომე არ არის პირველი... წინ კიდევ ძალიან ბევრი კედელი გვაქვს.

 

მერე რა, რომ დღეს უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ სუიციდის გაშუქებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება;

 

ვთანხმდებით, რომ ასეთ შემთხვევების აქტიური ტირაჟირებით ხელს ვუწყობთ, უფრო მეტიც, ახალ ნაღმებს ვდებთ და ვქმნით მორიგი სუიციდური შემთხვევების შესაძლებლობას;

 

ვეთანხმებით ყველა ფსიქოლოგს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ასეთი შემთხვევების საჯარო გავრცელებას ტალღისებური ეფექტი აქვს და ისიც გვესმის, რომ ასეთ დროს სუიციდური ფაქტების კიდევ უფრო გავრცელების დიდი რისკი არსებობს;

 

ვთანხმდებით, რომ უზარმაზარი ნეგატიური ინფორმაციის ნაკადით, ტრაგიკულ შემთხვევაზე ჩვენი მძაფრი აგრესიით რეაგირებით, ვზაფრავთ განსაკუთრებით მოზარდებს, ჩვენ შვილებს, რომლებსაც აბსოლუტურ დაუცველობის განცდას, სასოწარკვეთას და იგივე აგრესიას ვუნერგავთ;

 

ვთანხმდებით, რომ ქუჩაში გაკრული სტიკერები წარწერით, „ამ ცხოვრების დედაც“, ვირუსულად ედება ქვეყანას, ამას ჩვენივე შვილებიც კითხულობენ და მათზე უმძიმეს გავლენას ვახდენთ;

 

ვთანხმდებით, რომ არ მოგვწონს ამდენი ღვარძლი, სიძულვილის ენა და ბულინგი, მაგრამ საკუთარი ინტერესების, პოზიციების თუ სიმართლის დასაცავად მაინც ამ გზით მივდივართ;

 

ვთანხმდებით, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში არსებული ნეგატივი არსად იკარგება სამყაროში და ისევ ჩვენ და ჩვენ შვილებს გვიბრუნდება - მძიმე შედეგებიც სახეზეა;

 

ვთანხმდებით, რომ არაფერი და არავინ არ ღირს ერთი მოზარდის სიკვდილად და ეს ერთი ცხოვრებაც ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ამდენ ურთიერთსიძულვილში გავატაროთ:

 

ვთანხმდებით, რომ ჩვენი, ყველას დანაშაულია ამ ერთი არასრულწლოვანის სიკვდილი და ახლა ამ ამბავს გამოძიების გარდა, ჩვენი სწორი ანალიზი სჭირდება, რომ ხვალ ჩვენი შვილები არ ჩადგნენ პატარა ლუკას და სალომეს რიგში;

 

ვთანხმდებით, რომ ამ ტრაგედიებით ყველანი ძალიან გავბრაზდით და გავნადგურდით, მაგრამ არც სასოწარკვეთა და არც აგრესია პრობლემას ვერ მოგვიგვარებს;

 

ვთანხმდებით, რომ მოზარდები, ვინც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, არ არიან გმირები და ჩვენს შეცდომებს ემსხვერპლნენ.

 

კიდევ ბევრ რამეზე ვთანხმდით, მაგრამ კვლავ:

 

ვაშუქებთ,

ვსჯით,

განვსჯით,

ვილანძღებით,

კედლებს ვაჭრელებთ,

ვაჩენთ ხანძრებს,

გარშემომყოფებს ვზაფრავთ,

ვტკენთ...

 

და, რას ვუპასუხებთ ერთხელაც, ამ რთული ფონით დამძიმებული ჩვენი შვილებიც თუ მოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან: „ამ ცხოვრების დედაც!“

 

მართალი იყო ლუკა, როცა გაფრინდა...

 

მართალი იყო სალომე, როცა დაგვიტოვა გზავნილი: „გიღირდათ?“

 

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ დამნაშავეებს მუდმივად გარეთ ვეძებთ და იშვიათად ვუსმენთ ჩვენივე გულისცემას. აღარ გვაქვს თავის, ადამიანების და სამყაროს სიყვარული და ეს უსიყვარულობაც ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება.

 

რა მოხდება ერთხელაც, თუკი ჩვენი შვილებიც მოგვბაძავენ და იტყვიან: „ამ ცხოვრების დედაც“... მერე გაფრინდებიან სადღაც უსასრულობაში და ჩვენივე ხელით მოხატულ ქუჩებში დაგვიტოვებენ სისხლისფერ წარწერას: „აბა, დამიჭირეთ!“

 

მართალი იყო ლუკა, სალომეც, როცა გაფრინდნენ და არავინ არაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენთან დარჩენილიყვნენ.

 

ნუ დავაყენებთ რიგში ჩვენ შვილებს. მათ სამყაროს სიყვარული უნდა ვასწავლოთ და არა პირიქით.

 

წინ კიდევ ბევრი კედელი გვაქვს და ეგებ, ერთხელაც დავფიქრდეთ:

 

გვიღირს?

 

 

 

 

ქეთი ხოსიტაშვილი

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner