logo_geo
eng_logo
NDI და IRI საქართველოს წინააღმდეგ
- +

24 დეკემბერი. 2019. 17:00

 

 

 

(გაგრძელება)

 

NDI-ის სათავე ოფისისგან განსხვავებით, რომელიც „დუმილის უფლებას იყენებს“, ფაქტზე დაჭერილმა IRI-ის სათავო ოფისის ხელმძღვანელმა, დენიელ თვინინგმა, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული კითხვებისთვის ეპასუხა და უხერხულობაში ჩავარდნილს (რბილად ვამბობ) განმარტებები გაეკეთებინა და როგორც მინიმუმ, ბოდიში მოეხადა, „გამოღმით შეგრჩება“ დაისახა მიზნად და ამისთვის უკადრებელიც იკადრა: ჩვენი მუშაობით მხოლოდ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებები გამოთქვამენ უკმაყოფილებასო.

 

ახლა ჩვენიც მოისმინეთ, ბატონო თვინინგ - „რუსეთი“ და „რუსული“ სწორედ ისაა, თქვენი პატივცემული მოადგილე უკანონობას რომ სჩადის, აგერ უკვე თხუთმეტი წელია და მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ მილიონებს მარცხენა ჯიბეში რომ იტენის და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ საქმეში მარტო არ უნდა იყოს(!).  

 

სწორედ თქვენი და ზოგიერთი თქვენი კოლეგის „დამსახურებაა“, ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, „მეგობრობის“ თქვენეული გაგება, თქვენი ქვეყნისადმი ნიჰილისტურად რომ განაწყობს, რადგან მარტივ კითხვას - „თუ ჩვენს შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს, თუ ჩვენს არჩევანს არაფრად აგდებენ, მაშინ რა განსხვავებაა კაპიტოლიუმსა და კრემლს შორის, ცეკას მეორე მდივანსა და საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობებს შორის?“ - დამაჯერებელი პასუხი არ მოეძებნება. მთავარი ხომ დახმარება არაა, მთავარი თავისუფლებაა - „თავის“... „უფლება“!

*

ზემოთ გაგაცანით მცირე ჩამონათვალი იმ ინსტიტუციებისა და კონკრეტული პირებისა, ვინც პრონაცურ-პროსააკაშვილურ პროცესში „თხემით-ტერფამდე“ იყო ჩართული. საინტერესოა, რომ ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, ოფიციალური კავშირების დიდი ხნის წინ გაწყვეტის მიუხედავად, საქართველოს თემატიკას თავს ვერ ანებებს, ან... არ ანებიებებენ(!). განსაკუთრებით ეს მაშინ ჩანს ხოლმე, როცა ნაც-მავნებლებს ძალიან უჭირთ.

 

მაგალითად, ნოემბერში განვითარებული ბოლო მოვლენების დროს, „აუ, რამდენი ვართ“ აქციებისთვის „ცეცხლის შენთების“ მიზნით, ავანსცენაზე, იმავე IRI-ის „სოცმკვლევარებთან“ ერთად, კიდევ ერთხელ უხმეს (ასეთი რამ ადრეც ბევრჯერ მომხდარა) ყოფილ ელჩებს, უილიამ კორტნისა და კენეტ იალოვიცს.

 

უილიამ კორტნი ის ელჩია, რომლის დიპლომატობის პერიოდშიც გადაწყდა რუსეთში დიდი ხნის წინ „სტავკაგაკეთებულ“ სააკაშვილზე არჩევანის შეჩერება. მან პირველმა დაიწყო ქართულ გავლენიან წრეებში იმის „დატესტვა“, საზოგადოებისთვის ჟვანია უფრო მისაღები იქნებოდა, თუ სააკაშვილი. „აზრის შესწავლა“ იმდენად ფართო წრეს მოიცავდა, რომ ინფორმაციამ მოკლე დროში ქვემოთაც ჩამოაღწია.

 

კენეტ იალოვიცი 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების, მსოფლიო მასშტაბით სარეკორდო გაყალბების, ერთ-ერთი თანაავტორი გახლავთ. სწორედ ამ არჩევნებით დასრულდა „ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის“ პოლიტიკური ველის მოსუფთავების რამდენიმე ეტაპიანი სპეცოპერაცია. დღესაც თვალწინ მიდგას, ბატონი ელჩყოფილი მხარდამხარ როგორ დაჰყვებოდა(?) პრეზიდენტ შევარდნაძეს საარჩევნო ღონისძიებებზე და ღიად გამოხატავდა(?) „თავისი და თავისი ქვეყნის“ მხარდაჭერას „მოქალაქეთა კავშირის“ მიმართ. მალევე გახდა ცნობილი კულუარული ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება რა შედეგსაც დაწერდა(?), ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობაც იმ „შედეგს“ დაუჭერდა მხარს (აღიარებდა). ჩემო მკითხველო, ეს ის არჩევნებია, რომელიც პირდაპირ ოქმებში გაყალბდა და „მოქკავშირის“ მიერ „მიღებული“ 980 000 ხმიდან არანაკლებ 2/3-ისა მიწერილი იყო.

 

... ჰოდა, იმას ვამბობდი, „აუ, რამდენი ვართ“ აქციებისთვის „ცეცხლის შენთების“ მიზნით, ჯერ იყო და მწარედ გაწბილებულმა IRI-მა სახელდახელოდ გამოაცხო „ახალი კვლევები“ (მათი „ობიექტურობის“ საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რომ „პოლიტიკურ ფიგურებში“ პირველ ადგილზე „გავიდა“ ხალხში „ნოტარიუსად“ და „ჩანგალად“ წოდებული ბაქრაძე, ხოლო მესამეზე - „პუსტა-პუსტა“ და „მუშტი-სილა“ უსუფაშვილი), ხოლო შემდეგ, ელჩყოფილებმა „დაგვმოძღვრეს“ შეჭმუხვნილი წარბებითა და  მკაცრი ტონით.

 

*

გულახდილად ვიტყვი - დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიერ სრულიად სხვა რაკურსით, სრული ობიექტურობით შეფასდება დამოკიდებულებები ერთგული მოკავშირის, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რასაც აუცილებლად მოჰყვება მიდგომების გადასინჯვა.

 

NDI-ის, IRI-ისა და საქართველოს მიმართულებაზე მომუშავე მთელი ამ დაჯგუფების დამაზიანებელ საქმიანობას მრავალი წახნაგი აქვს. ისინი იმდენად არიან ჩაჭიდებული თავის გავლენებს ჩვენს ქვეყანაში, რომ როდესაც ბატონმა დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტად არჩევისთანავე, მსოფლიოს თითქმის ყველა (ამერიკისთვის მნიშვნელოვანი) ქვეყნიდან გაიწვია ელჩები, ბატონი იან კელი, რომელიც ჰილარი კლინტონის ფოტოთი მკერდდამშვენებული ღიად გამოხატავდა თავის უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას ბატონი დონალდ ტრამპის პერსონის მიმართ, ვადის ამოწურვამდე დარჩა თანამდებობაზე.

 

(წარმოდგენილი ანალიზის ობიექტურობის ნიშნად, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი უაღრესად დიდი პატივისცემა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ბატონი რიჩარდ ნოლანდის მიმართ.)

 

2012 წლამდე თუ იმას ვფიქრობდით, რომ ზემოხსენებული დაჯგუფების დამოკიდებულებას საქართველოს წინა ხელისუფლებების მიმართ განაპირობებდა სტაბილურობის ინტერესი(?), ქვეყანაში მომხდარმა ძირეულმა ცვლილებებმა მთლიანად შეცვალა ჩვენი შეფასებები - „პარტნიორებმა“ შეინარჩუნეს გასაოცარი „ერთგულება“ და „სიმპატიები“ ოპოზიციაში გადაბარგებული, მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული ნაცპარტიის მიმართ და დემონსტრატულად ზურგშექცევით დგანან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

 

ამ დამოკიდებულების ნათელი დადასტურებაა თუნდაც ბატონი იან კელის საქმიანობის ერთი ეპიზოდი, როდესაც თავგამოდებით ცდილობდა და მიაღწია კიდეც „ნაცმენტალობით“ გამორჩეული ნინო ლომჯარიას გაყვანას ომბუდსმენის მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ხილული ფაქტია, რომ ელჩის ეს „ღვაწლი“, უწყვეტად და თანმიმდევრულად „ფასდება“ კონკრეტული შედეგებით. ბოლო მაგალითი გავიხსენოთ: ახლახან, სულ რაღაც თვენახევრის წინ, ქალბატონმა სახალხო დამცველმა(!) დამხობაზე ორიენტირებული ე.წ. ოპოზიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გაამართლა და ამით ღიად უბიძგა ახალი დესტრუქციული ნაბიჯებისკენ, რითაც, ფაქტობრივად, დანაშაულის  თანამონაწილე გახდა.

*

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რამდენიმე წერილი მივუძღვენი გიორგი მარგველაშვილის „პოლიტიკურ ფიგურას“. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს ამ პერსონის ჯერ განათლების მინისტრად, ხოლო შემდეგ პრეზიდენტად დანიშვნის გამო, მძიმე შეცდომებად ვაფასებდი (ასეთი იყო საერთო სახალხო განწყობაც, განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში). „თანამდებობებთან შეუფერებლობის“ მიზეზად მრავალ პიროვნულ ნაკლსა და სისუსტესთან ერთად, იმ გარემოებასაც ვასახელებდი, რომ იგი, დიდი ხნის განმავლობაში, ნაც-სააკაშვილების ღია მხარდამჭერისა და ლობისტის და „ქართული ოცნებისადმი“ მტრულად განწყობილი NDI-ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით აღჭურვილი (როგორც თარჯიმანი, ფლობდა ყველა სახის ინფორმაციას) თანმშრომელი იყო.

 

ჩემი პირვანდელი შეფასების გადასინჯვა მომიწია მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ, გასულ წელს, სატელევიზიო ინტერვიუში ბრძანა, რომ „მთელი ხუთი წელი დასჭირდა ამერიკელი მეგობრების დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენი საგარეო ორიენტაცია მყარი და შეუქცევადიაო“. ამ ახალი გადასახედიდან დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მარგველაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ნინო ლომჯარიას და სხვათა პოლიტიკურ პროცესში ზემაღალი პასუხისმგებლობებით ჩართვა იმ ერთგვარი იძულებიდან გამომდინარე ხდებოდა, რომ საქართველოზე მომუშავე ინსტიტუციებთან თანამშრომლობაში ნდობა გაძლიერებულიყო და ორმხრივ ინტერესში გადაზრდილიყო.

*              

„ნაც-სააკაშვილების მეგობართა ჯგუფის“ მრავალწახნაგოვანი მუშაობის მნიშვნელოვან და მეტად საყურადღებო მაგალითად მიმაჩნია ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ამ თემაზე იმ კუთხით, რაც მე მინდა შემოგთავაზოთ, ჯერ არავის უსაუბრია, ამიტომ ცოტა შორიდან მოვუვლი:

 

2017 წლის გაზაფხულზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების შიგნით მიმდინარეობდა პროცესი, რომელიც ერთგვარი შეთქმულების ხასიათს ატარებდა. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეეცადა ესარგებლა ბიძინა ივანიშვილის პასიური როლით და თავის თანამზრახველებთან ერთად ხელში სრულად აეღო მართვის სადავეები. ამ საქმეში, რამდენიმე მინისტრთან, რამდენიმე პარლამენტართან და ზოგიერთ სხვა მნიშვნელოვან ფიგურასთან ერთად, პრემიერს პოზიციებს უმაგრებდა მამუკა ხაზარაძეც.

 

„ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი ფიგურიდან“ ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ. გამოჟონილი ინფორმაციით (თბილისი პატარა ქალაქია), კვირიკაშვილის გუნდის კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის „უძღები შვილი“, გიორგი მარგველაშვილი უნდა ყოფილიყო.

 

ნიშანდობლივია, რომ პირველი შეტევები სასამართლო სისტემის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერისა და მერიის სამსახურების მისამართით სწორედ აღნიშნული დაჯგუფების წარმომადგენლებისგან წამოვიდა...

 

ისევ ანაკლიის პორტს დავუბრუნდეთ - ძალიან დახვეწილ და ყოველმხრივ დაბალანსებულ საქართველოს თვისებრივად განახლებულ კონსტიტუციას ერთი ნაკლი აქვს: მასში სრულიად უადგილოდ არის „ჩაკვეხებული“ ჩანაწერი ანაკლიის პორტის შესახებ. ცნობილია, რომ ქვეყნის მთავარ კანონში კონსტიტუციის სტანდარტებთან ეს სრულიად შეუსაბამო მუხლი მთავრობის და პირადად პრემიერ კვირიკაშვილის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე აისახა.

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა და კვირიკაშვილის გუნდისთვის სათანადო ადგილის მიჩენის შემდეგ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებულმა მოვლენათა განვითარებამ გააჩინა ეჭვები, რომ ეს უდიდესი მასშტაბის პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო რესურსების არაადეკვატურ გამოყენებას გარკვეული, პოლიტიკური და კერძო ინტერესებით დაკავშირებული ჯგუფების სასარგებლოდ. ის ფაქტი, რომ „ანაკლიის კონსორციუმი“ თავს ვერ ართმევს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, იმის დასტურია, რომ გათვლა „სხვა რაღაცაზე“ კეთდებოდა.

 

ჩემო მკითხველო, იკითხავ, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ წერილის თემასთან რა კავშირშიაო? პირველი კავშირი ისაა, რომ პროექტის მესვეურებმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელისუფლებას დააბრალეს, ყველაზე ბინძური, ნაცმოძრაობისეული, მეთოდით: „ქართული ოცნება“ რუსეთის დაკვეთას ასრულებს, ამერიკის ინტერესის საწინააღმდეგოდო; მეორე კავშირი კი ის გახლავთ, რომ აგვისტოს თვეში, ბოლო იმედის სახით, „კულისებიდან“ გამოიყვანეს და „ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად „აირჩიეს“, ქართველებისთვის კარგად ცნობილი პერსონა - თედ ჯონასი. ეს ის თედ ჯონასია, რომელიც დენიელ კუნინის შემდგომ პერიოდში ხელმძღვანელობდა NDI-ის საქართველოს ოფისს და თავისი დიდი წვლილი მიუძღვის იმ პოლიტიკის გატარებაში, რამაც ქვეყანას სააკაშვილის სამარცხვინო რეჟიმი მოახვია თავს, თავისი უმძიმესი შედეგებით.

 

NDI-ის ბუდიდან აფრენილ ჯონასს და მარგველაშვილს, ახლახან „ლელოს“ მიერთებულ, IRI-ის „ფავორიტ“ უსუფაშვილსა და ნაცრეჟიმის დროს მრავალი ჩვიდმეტი მილიონის მშოვნელ ხაზარაძეს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ კვირიკაშვილის გეგმას განხორციელება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან „მოტეხვის“ შემთხვევაში ეწერა, დავინახავთ, რა კვანძიც იკვრებოდა და იკვრება, და, რაც ყველაზე მთავარია, რა ინტერესის გარშემო - ლოგიკას ისევ და ისევ კერძო ინტერესებისკენ, ისევ და ისევ მილიონებისა და მილიარდების ტრიალისკენ მივყავართ.

*

როცა „ნაც-სააკაშვილების მეგობართა ჯგუფის“ საქმიანობას მიმოვიხილავთ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა ვიცოდეთ. ქვეყანაში დღეს მიმდინარე „არეულობის სცენარების“ მომზადებაში, „ახალი კმარას“ მონაწილეთა დატრენინგებასა და როლების გადანაწილებაში მთავარი პერსონა ერთი ამერიკელი ქალბატონია (ეს ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეეთერიდან ექსპერტ გია აბაშიძისგან შევიტყვე. სამწუხაროდ, ქალბატონის გვარი ვერ დავიმახსოვრე), რომელიც თავს „მიშას ფანს“ უწოდებს და უარყოფს თავის კავშირებს თავისი ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებთან, რაზედაც ჩვენ მხოლოდ მხრები შეგვიძლია ავიჩეჩოთ.

*  

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის უდიდესი პოლიტიკოსის, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობის დასრულების შემდეგ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა (ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი) თანდათანობით დაღმავალი  ტრაექტორიით განვითარდა და რამდენჯერმე ჭაობშიც აღმოჩნდა.

 

რონალდ რეიგანის დიდი გამარჯვებების შემდგომ პერიოდში აშშ-ის პოლიტიკური სპექტრი, ხანგრძლივი დროით, მიღწეულით ტკბობის ნირვანაში გაეხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას. დროთა განმავლობაში, პოლიტიკურ ასპარეზზე გაძლიერდნენ ის სუბიექტები, ვისაც ცხოვრების თავის თავზე მორგების „ღვთით მომადლებული ნიჭი“ აღმოაჩნდა. თანდათან პოლიტიკა და ეკონომიკა, კერძო ინტერესის ჭრილში, უფრო და უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

 

აღნიშნულ პროცესს შედეგად მოჰყვა რუსეთის პოზიციების გაძლიერება, მისთვის საინტერესო ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით აშკარად და თვალსაჩინოდ ეს ჩვენს რეგიონში ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში, ირანში, სირიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში რუსეთს ასეთი მასშტაბის გავლენები საბჭოთა იმპერიის დაშლის მერე არ ჰქონია.

 

ამავე კონტექსტში (პოლიტიკა-ეკონომიკა-კერძო ინტერესი), ჩემი და სხვა ავტორების არაერთ წერილში გამოტანილ კითხვებს - რატომ ჩაება საქართველო წინასწარ წაგებულ ომში, სად წავიდა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით გამოყოფილი მილიარდობით დოლარი და როგორ შთანთქა ეს ყველაფერი ერთდღიანმა ომმა - დღემდე პასუხი არ გასცემია.

*

საქართველოსა და ქართველ ერს, ისევე, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ აგორებული ნეოლიბერალური ტალღის ყველა მოწინააღმდეგეს მთელს მსოფლიოში, დონალდ ტრამპისა და მისი უკვე ნათლად გაცხადებული პოლიტიკის იმედი უნდა ჰქონდეს. ეს არ არის, როგორც ერთ ცნობილ ლექსშია, ერთი „ბარინის“ მეორე „ბარინით“ ჩანაცვლების გლეხური მოლოდინი, ესაა ამერიკის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის იმ ღირებულებითი და მენტალური ცვლილებების გაძლიერების, გაღრმავებისა და ბოლომდე მიყვანის მოლოდინი, რასაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი წლის წინ მისცა დასაბამი.

 

თუ კარგად დავაკვირდებით, ყოველგვარი „შეიარაღებული თვალის“ გარეშეც მკაფიოდ დავინახავთ, რომ „ნაც-სააკაშვილების მეგობართა ჯგუფის“ წევრები, ძირითადად, იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები არიან, ვინც ყველა ხერხით (ბულინგით დაწყებული და იმპიჩმენტის საპარლამენტო პროცედურით დამთავრებული) გააფთრებით იბრძვის აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი პროგრესული, მძიმედ დაავადებული მსოფლიოს გადარჩენისკენ მიმართული პოლიტიკის წინააღმდეგ.  

 

დასასრულ, შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას - საქართველოს ბედი 2020 წლის შემოდგომით გასამართი ორი არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. კარგი სცენარით, აქ - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს, სოლიდური უპირატესობით, იქ - დონალდ ტრამპმა.

 

 

 

 

ბიძინა  დვალი

 

right_banner
არქივი
right_banner