logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: 1896 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ირლანდიური წარმომავლობის უდიდესი ამერიკელი მწერალი ფრენსის სკოტ კი ფიცჯერალდი
- +

24 სექტემბერი. 2020. 12:56

 

 

„თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა...“.

 

ბოდლერის ეს სიტყვები ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა გამახსენა, რომელსაც, თავად პოეტისა არ იყოს, ძალზე უყვარდა ეგ „საქმე“. თუმცა, გასაკვირი არაფერია, რადგან მსოფლიო ლიტერატურასა და ხელოვნებას მრავალი ალკოგენია ახსოვს, რომელთა შედევრები სწორედ რომ „მასეთ“ მდგომარეობაში შეიქმნა (ამ სიტყვებს ალკოჰოლიზმის წახალისებად ნუ ჩამითვლით, უბრალოდ, ფაქტებს ვერსად გავექცევით). ბევრი რომ არ გავაგრძელო...

 

1896 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ირლანდიური წარმომავლობის უდიდესი ამერიკელი მწერალი ფრენსის სკოტ კი ფიცჯერალდი, რომელსაც სახელი აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორის, ფრენსის სკოტ კის პატივსაცემად დაარქვეს. თუმცა, „სახელდების“ თვალსაზრისით არც ფიცჯერალდი ჩამორჩა ვინმეს და მისი წყალობით და მეცადინეობით ХХ საუკუნეს „ჯაზის ეპოქა“ ეწოდა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ფიცჯერალდის სახელსვე უკავშირდება ჯონ ბრუქსის შექმნილი მამაკაცის პერანგის ახალი მოდელი - ღილებიანი საყელოთი, რომელიც ძალზე უყვარდა მწერალს. მრავალ ფოტოზე ფრენსისი სწორედ მასეთ საყელოიან პერანგშია გამოწყობილი, რომელსაც მალევე „მიეწება“ ფიცჯერალდის სახელი. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში მასეთი მოდის პერანგს „ბატენს“ ვეძახდით.

 

ფიცჯერალდის შესახებ დაწერილ სტატიებსა თუ მოგონებებში, უმეტესად კი ყვითელი პრესის ფურცლებზე, ხშირად ამოიკითხავდით თითქმის ყველა ეპითეტს, რომელიც საძულველი ან საყვარელი ადამიანისთვის შეიძლებოდა გაგემეტებინა: ექსცენტრიული ლოთი, ეპატაჟური შიზოიდი, მოქეიფე გენია, მილიონობით ადამიანის კუმირი, საყვარელი გიჟი, წუთიერ სიამოვნებას დახარბებული შლეგი და ა.შ... ყველაფერი კი ასე იწყებოდა:

 

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა პირველი მოთხრობა 13 წლისამ დაწერა... წერდა პიესებსა და ლექსებსაც, მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსებში, უყვარდა ფეხბურთიც, მაგრამ, ერთხელაც, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველაფერი „შეჩერდა“... იგი მოხალისედ წავიდა ომში და ქვეითი ბრიგადის უმცროსი ლეიტენანტიც გახდა. აი, სწორედ იმ ომმა შვა ე.წ. „დაკარგული თაობა“, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლადაც ფიცჯერალდი მიიჩნევა, რასაკვირველია, ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად. ომი ყოველმხრივ საბედისწერო აღმოჩნდა იმ დროს ჯერ კიდევ უცნობი მწერლისთვის. ერთხელაც ბარში გასართობად შესულმა „ის“ გაიცნო, ალაბამას შტატის მოსამართლის 18 წლის ქალიშვილი ზელდა სეირი და ქალი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა. მაშინ, ალბათ, ვერც კი იფიქრებდა, რომ სწორედ ზელდა გახდებოდა მისი მთელი ცხოვრების სიყვარული, მშფოთვარე მუზა და უამრავი ნაწარმოების პროტოტიპი.

 

1920 წელს გამოვიდა ფიცჯერალდის პირველი რომანი „სამოთხის ამ მხარეს“, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. მასში მოთხრობილი იყო „ჯაზის ეპოქის“ განწყობაზე, „დაკარგული“ ყმაწვილების განცდებსა და თაობების სულიერ სიცარიელეზე...

 

წიგნის წარმატებიდან სულ ცოტა ხანში ფრენსისი და ზელდა დაქორწინდნენ და წყვილის „თავაშვებული“ ცხოვრებაც დაიწყო. ზელდა და ფრენსისი თავდავიწყების მორევში გადაეშვნენ: გაუთავებელი საღამოს წვეულებები, ალკოჰოლში „ცურვა“, სკანდალები, ეპატაჟური ისტორიები... და ეს ის პერიოდია, როდესაც ამერიკის სინამდვილესა და ფიცჯერალდის ცხოვრებაში მკვეთრად შეიჭრა ჯაზი - თავისი თანამდევი „ატრიბუტიკით“. და... ასე დაიწყო ფიცჯერალდის ამერიკული ოცნების ასრულებაც... თუმცა...

 

მიუხედავად ბოჰემური ცხოვრებისა, ფრენსისი ბევრს მუშაობდა, წერდა მოთხრობებსა და რომანებს, რომელთა უმეტესობა ავტობიოგრაფიული ხასიათისა იყო. იმავე პერიოდში დაიბადა მათი ქალიშვილი სკოტტი. ზელდა გახალისდა, ხან ხატავდა, ხან ბალეტით ერთობოდა და... თითქოს ყველაფერი დალაგდა... მერე კი... 1924 წელს წყვილი პარიზში გაემგზავრა, სადაც ყველაფერი ახლიდან დაიწყო... პარიზში ფრენსისმა ერნესტ ჰემინგუეი გაიცნო. იქვე დაწერა თავისი საკულტო ნაწარმოები „დიდი გეთსბი“, რომელიც „ამერიკული ოცნების“ და „ჯაზის საუკუნის“ სიმბოლოდ იქცა.

 

ამბობენ, რომ ერნესტსა და ზელდას დაუფარავად სძულდათ ერთმანეთი. წყვილის „არანორმალური“ სიყვარულის შემხედვარე ჰემინგუეიმ ისიც კი თქვა, ეს ორი არსება არაფრით ეშვება ერთმანეთის წვალებასა და ალკოჰოლით ერთმანეთის მოკვდინებასო... ის კი არა და, ერთხელ მწერალმა ვერ მითმინა და ზელდას შიგ პირში მიახალა, შენნაირი მუზა ღუპავს ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ მწერალსო...

 

მოგეხსენებათ, თავაშვებული და თავდაუზოგავი ცხოვრება თავის „საფასურს“ ითხოვს... ასე მოხდა ჩვენი ბოჰემური წყვილის შემთხვევაშიც. ერთხელაც, ზელდას შიზოფრენია დაუდგინეს, თუმცა, ამბობენ, რომ ფიცჯერალდი თავადაც ერთგვარი შიზოიდი იყო, ალბათ იმიტომაც უგებდა ზელდას, მოსწონდა მისი სკანდალები და თუნდაც მისი დაუსაბუთებელი ეჭვიანობა, მათ შორის აისედორა დუნკანის მიმართ. ერთხელ, რესტორანში ყოფნისას, აისედორასა და სხვათა თვალწინ გაუთამაშია ეჭვიანობის სცენა და კიბიდან გადაშვებულა, ვითომდა თვითმკვლელობის მიზნით... მერე კი...

 

თანდათანობით ზელდას მოჩვენებები დაეწყო, ესმოდა მუქარის ხმები... მოკლედ, ზელდა ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს და დარჩენილი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ იქ გაატარა.

 

უნებისყოფო ფრენსისმა კვლავ ლოთობა დაიწყო და თრობაში პოულობდა შვებას. მიუხედავად ამისა, სწორედ მაშინ შეიქმნა მისი კიდევ ერთი საკულტო რომანი „ნაზია ღამე“, რომელიც კარგად აღწერს რომანტიული ილუზიების მსხვრევას და იდეალური ამერიკული ოცნების მეორე, უარყოფით მხარეს...

 

1937 წლიდან ფიცჯერალდი მუშაობდა ჰოლივუდში და სწორედ იმ პერიოდში დაწერა რომანი „უკანასკნელი მაგნატი“, რომელიც ვერ დაასრულა. ეს რომანი მის კიდევ ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.

 

ყველაფერი დამთავრდა 1940 წელს, როდესაც საბოლოოდ დაიმსხვრევა ფიცჯერალდის ამერიკული ოცნება, რომლისკენაც მთელი ცხოვრება ილტვოდა.

 

1940 წელს 44 წლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ოცდაათამდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის მისი ქალიშვილი სკოტი და გამომცემელი მაქსველ პერკინსი.

 

ქმრის გარდაცვალების შემდგომ ხმებს, რომლებიც ზელდას ჩაესმოდა, მისი „ნაწვალები“ მეუღლის ხმაც დაემატა, რომელიც გამუდმებით ეფერებოდა... 8 წლის შემდეგ კი ზელდა იმდენად კარგად გახდა, რომ ნება დართეს, მშობლების სანახავად წასულიყო. გამომშვიდობებისას დედას უთხრა, ნუ ღელავ, სიკვდილის არ მეშინია, სკოტი მეუბნება, სიკვდილი საშიში არ არისო...

 

იქედან ზელდა კვლავ კლინიკაში დაბრუნდა და რამდენიმე დღეში იქ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა.

 

და... ამ ფბ-პოსტს დიდი გალაკტიონის საოცარი ლექსით დავასრულებ:

 

„ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,

მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი.

ოცნებას შვენი, ვით თვალნი შენი,

შოპენი, ვერდი და პაგანინი.

პოეტის ახლო გედება ალი;

იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,

მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით

და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი“.

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner