logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: 31 ოქტომბერს ვნახავთ, მერაბ კოსტავასთვის ხელის მომქნევი რამდენი ხაზარაძე გვყავს საქართველოში!
- +

18 ოქტომბერი. 2020. 20:37

 

 

ქართველ ამომრჩეველს მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტიისთვის ხმის მიცემაც ეყოფა, რომ მერაბ კოსტავას თვის ხელის მოქნევის თანაავტორი გახდეს!

 

დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კახაბერ ყორღანაშვილი, იასე ფალავანდიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი რომ მონაწილეობდნენ, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხმას აიღებდნენ?

 

რა თქმა უნდა, ძალიან ცოტას.

 

წესით, საერთოდ არ უნდა აეღოთ, მაგრამ ცოტას მაინც აიღებდნენ, რადგან საქართველოში დღემდე მოიძებნება ახალი ჯურის კოლექტიური ყორღანაშვილი, კოლექტიური ფალავანდიშვილი და კოლექტიური ბერბიჭაშვილი, რომელიც მოღალატეებს, გამცემებსა და მკვლელებს უყოყმანოდ დაუჭერს მხარს.

 

ჰოდა, კახაბერ ყორღანაშვილი, იასე ფალავანდიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი რამდენ ხმასაც აიღებდნენ, მამუკა ხაზარაძემაც ზუსტად იმდენი უნდა აიღოს, იმიტომ, რომ იგი ყორღანაშვილის, ფალავანდიშვილისა და ბერბიჭაშვილის თანამედროვე პოლიტიკური რეინკარნაციაა.

 

შესაძლოა, მავანი შემოგვედაოს – რატომ ადარებთ მამუკა ხაზარაძეს კახაბერ ყორღანაშვილს, რომელმაც სამშობლოს უღალატა და 1569 წელს, ფარცხისის ომისას, ყიზილბაშ დამპყრობლებს მეგზურად დაუდგაო?

 

შესაძლოა, მავანს გაუკვირდეს – რა საერთო აქვს მამუკა ხაზარაძეს 1832 წლის შეთქმულების გამცემ იასე ფალავანდიშვილთანო?

 

შესაძლოა, მავანი მთლად გადაირიოს – როგორ შეიძლება, მამუკა ხაზარაძე ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემსრულებელ გიგლა ბერბიჭაშვილს შეადაროთო?

 

მავანი, ფაქტობრივად და იურიდიულად, მართალიც იქნება, რადგან მამუკა ხაზარაძე 1569 წელს ყიზილბაშ მომხდურებს არ შეკვრია, 1832 წელს ეროვნული შეთქმულება არ დაუბეზღებია და 1907 წელს ილია ჭავჭავაძისთვის ტყვია არ უსვრია, მაგრამ 1989 წელს ეროვნული მოძრაობის მიტინგი დაარბია და ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას ხელი მოუქნია.

 

მერაბ კოსტავასთვის ხელის მოქნევა კი, მორალური თვალსაზრისით, კახებერ ყორღანაშვილის, იასე ფალავანდიშვილისა და გიგლა ბერბიჭაშვილის ნამოქმედარს არ ჩამოუვარდება. ის კი არა, დროსა და კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ და კარგად ავწონით, რა მნიშვნელობის ფიგურაა მერაბ კოსტავა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მისთვის ხელის მოქნევა, შესაძლოა, კახაბერ ყორღანაშვილობაზე, იასე ფალავანდიშვილობასა და გიგლა ბერბიჭაშვილობაზე უარესიც იყოს.

 

მამუკა ხაზარაძემ მერაბ კოსტავას ხელი რომ მოუქნია, ამაზე ჩვენ კი არა, უკვე მთელი საქართველო ლაპარაკობს.

 

რაც დრო გადის, უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანთა წრე, რომლებიც პირდაპირ ადებენ ხელს ხაზარაძეს, როგორც ეროვნული მოძრაობის მიტინგის დამრბევსა და მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევ ზონდერ-კომკავშირელს.

 

მარტო უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ჩვენს გაზეთს სამმა ახალმა რესპონდენტმა მისცა ინტერვიუ.

 

– 1989 წლის 18 თებერვალს გეპეის პირველ კორპუსთან გამართულ აქციაში ვმონაწილეობდით და საკუთარი თვალებით ვნახეთ მამუკა ხაზარაძე,

რომელიც მარბიელთა ერთ-ერთ რაზმს ხელმძღვანელობდა და მერაბ კოსტავას ხელიც მოუქნიაო!

 

ეროვნული მოძრაობის ძველმა აქტივისტებმა და ეროვნული გვარდიის ვეტერანებმა ხაზარაძეს მერაბ კოსტავასთვის ხელის მოქნევის ამბავი ამასწინათ ზუგდიდში გაუხსენეს, სადაც იგი წინასაარჩევნო შეხვედრის გასამართად ჩავიდა.

 

მოკლედ, ხაზარაძე სადაც არ უნდა წავიდეს და საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა გამოჩნდეს, მერაბ კოსტავასთვის ხელის მომქნევის სამარცხვინო სახელი ყველგან თან ახლავს.

 

ძველი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და მათი ყოფილი მოწინააღმდეგეები დღეს უკვე ერთხმად აღნიშნავენ, რომ 1989 წლის 18 თებერვლის აქციის დარბევა იმავე წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის გენერალური რეპეტიცია იყო.

 

უკეთ რომ ვთქვათ, გეპეის პირველ კორპუსთან ეროვნული მოძრაობის მიტინგის დარბევით ქართველმა ზონდერ-კომკავშირელებმა ტრამპლინი მოუმზადეს როდიონოვის რუს სალდაფონებს, რათა მათ რუსთაველის გამზირი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა სისხლით გადაეწითლებინათ.

 

იმ სისხლის შხეფები კი მამუკა ხაზარაძესაც სცხია.

 

წარმოვიდგინოთ, რომ მამუკა ხაზარაძეს „საქართველოს სახალხო საინვესტიციო კორპორაციაში“ შენახული ხალხის ანაბრები არ მიეტაცებინა;

 

წარმოვიდგინოთ, რომ მამუკა ხაზარაძეს „თიბისი ბანკის“ კაბალური პროცენტებით საქართველოს მოსახლეობა არ გაეტყავებინა და მოქალაქეებისთვის ასეულობით მილიონი დოლარის უძრავ-მოძრავი ქონება არ წაერთმია.

 

წარმოვიდგინოთ, რომ მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის რეჟიმის ფინანსური ჩაფარი არ ყოფილიყო და მისი ბანკი ადეიშვილის პროკურატურას ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევის დანაშაულებრივ ინსტრუმენტად არ გამოეყენებინა;

 

წარმოვიდგინოთ, რომ მამუკა ხაზარაძე არც „ტუალეტის მჯღაბნელებისა“ და „უბორნიის პოეტების“ ფინანსური დონორი ყოფილაო;

 

წარმოვიდგინოთ, რომ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც არ ჩაეფლავებინა;

 

წარმოვიდგინოთ, რომ მამუკა ხაზარაძე არც 17 მილიონის გათეთრებაში ყოფილა მხილებული და ოფიციალურად ბრალდებული;

 

ჰო, წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგის დარბევაში მონაწილეობა და მერაბ კოსტავასთვის ხელის მოქნევაც ეყოფოდა, რომ კახაბერ ყორღანაშვილის მორალური ყონაღი, იასე ფალავანდიშვილის პოლიტიკური ფალავანი და გიგლა ბერბიჭაშვილის სულიერი ძმაბიჭი ყოფილიყო.

 

ასე რომ, ქართველ ამომრჩეველს მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტიისთვის ხმის მიცემაც ეყოფა, რომ მერაბ კოსტავასთვის ხელის მოქნევის თანაავტორი გახდეს!

 

საკმარისია, ქართველმა ამომრჩეველმა ბიულეტენში მამუკა ხაზარაძის პარტია შემოხაზოს და საარჩევნო უბნიდან პირდაპირ 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგზე ამოყოფს თავს, სადაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტებს გადაჭრილი სკამის ფეხებით დაარბევს და მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევი ზონდერის უმძიმეს მორალურ ხვედრს გაიზიარებს. ვისაც ამის სურვილი აქვს, თამამად და თავისუფლად შეუძლია, ხმა მისცეს ხაზარაძის „ლელოს“!

 

ასეთებისთვის საარჩევნო სლოგანიც გამზადებულია: ხმა მიეცი ხაზარაძეს! მოუქნიე კოსტავას!

 

ხმა მიეცი ხაზარაძეს! მოუქნიე კოსტავას! – მორალისა და ზნეობის თვალი ამ სლოგანს „ლელოს“ ყველა საარჩევნო ბილბორზე, პლაკატსა და ბუკლეტზე ამოიკითხავს.

 

ხმა მიეცი ხაზარაძეს! მოუქნიე კოსტავას! – მორალისა და ზნეობის თვალი ამ სლოგანს საარჩევნო ბიულეტენში, „ლელოს“ საარჩევნო ნომრის გასწვრივაც შეამჩნევს.

 

ასე რომ, 31 ოქტომბერს ვნახავთ, მერაბ კოსტავასთვის ხელის მომქნევი რამდენი მამუკა ხაზარაძე გვყავს საქართველოში!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner