logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჯგუფებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, სწორება აქვთ სააკაშვილზე
- +

18 თებერვალი. 2020. 23:50

 

 

„ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსვლა, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც იყო ხელისუფლებაში და დიქტატორული მეთოდებით მართავდა ქვეყანას და დემოკრატიაზე მათი მხრიდან საუბარი უბრალოდ უადგილოა,“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

„ჯგუფებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, სწორება აქვთ სააკაშვილზე. ჩვენ გვაქვს საქმე სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლისთვისაც ყველაზე საშიშია დემოკრატია, მშვიდობა და საზოგადოებაში კეთილდღეობის განცდა. ცხადია, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და ბევრი გაჭირვებული ადამიანია, თუმცა ქვეყანა ვითარდება. 2013 წელს ჩვენს ქვეყანას ძალიან რთული სტარტი ჰქონდა, იყო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჯერ დანგრევა და გამოსწორება სჭირდებოდა, და შემდეგ ახალ რელსებზე გადაყვანა. ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა ეკონომიკური მიმართულებით, ჯანდაცვა მთლიანად იყო ჩავარდნილი. დღესაც არსებობს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები, მაგრამ საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინი ჩანს. ხელისუფლებისა და სისტემის მიმართ საზოგადოებაში ნდობა გაჩნდა.

 

იქ, სადაც არსებობს პოზიტივის მოლოდინი და ხელისუფლება სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას და თავის შეცდომებზე რეაგირებს, იქ ჩნდება ნდობა. ეს არ აწყობს ჩვენს ოპონენტს, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი კრიზისი და აპოკალიპტური სურათი. გარკვეული მედიასაშუალებები მუდმივად აშუქებენ მხოლოდ კრიმინალს, მხოლოდ მძიმე სოციალურ ვითარებას და უიმედო სიტუაციას ქმნიან. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსვლა. ეს ის ხალხია, რომელიც იყო ხელისუფლებაში და დიქტატორული მეთოდებით მართავდა ქვეყანას. მათ ძალაუფლების გამოყენების თავისი სტილი უკვე აჩვენეს და დემოკრატიაზე მათი მხრიდან საუბარი უბრალოდ უადგილოა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner