logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უბადრუკი პიარაქციისა და 200 პირბადის დარიგებისთვის საფრთხის ქვეშ დააყენეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა
- +

27 მარტი. 2020. 01:13

 

 

“უბადრუკი პიარაქციისა და 200 პირბადის დარიგებისთვის საფრთხის ქვეშ დააყენეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შექმნეს პანდემიის კიდევ უფრო გავრცელების რისკი, რომელსაც ამდენი ხანია, ვაკავებთ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

 

 

„მსგავს აქციებს მივესალმებით, ოღონდ, უნდა იქნას დაცული ის დისტანცია, რომელიც მოწოდებულია. უბრალოდ, დაუშვებელია, პიარაქციის ჩატარებისა და ორასი პირბადის დარიგების გამო შეკრიბო რამდენიმე ასეული ადამიანი და უხეშად დაარღვიო საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამის გამო, გამოყენებულ იქნა ის სანქცია, რომელიც დღეს იქნა გამოყენებული, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სანქცია ცხადია, უფრო ძლიერი და შესაბამისი იქნება“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

აღნიშნული განცხადება სოზარ სუბარმა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფონდ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ მიერ ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების გადასაცემად მოქალაქეების მასობრივი შეკრება მოხდა.

 

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ზომები ტარდება იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული, თუნდაც, სხვა რეგიონებში, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყველა რეგიონის დონეზე შექმნილია შტაბები, რომლებიც ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და დღეს მათ მიეცათ უფლება, ძალიან სწრაფად, ზემდგომ ორგანოებთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, თავად მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც მათ აუცილებლად მიაჩნიათ.

 

 

„თუ რამე ისეთი იქნება, რაც აუცილებლად საჭიროებს ზემოთ შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ეს შტაბის ხელმძღვანელთან შეთანხმდება და მიღებული იქნება ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები, რათა მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ეპიდემიის გავრცელებას“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონულ შტაბებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია და შეთანხმება, თუ როგორ მოხდეს კოორდინირებული მუშაობა და რა უნდა გაკეთდეს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner