logo_geo
eng_logo
საავტორო უფლებებისთვის ბრძოლამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა
- +

26 ნოემბერი. 2019. 11:43

 

 

საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებებისთვის ბრძოლა სასამართლოში გრძელდება. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) ახლადშექმნილ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას (GERA) არსებობის უფლებას ედავება და ამტკიცებს, რომ ბაზარზე ოპერირების უფლება მხოლოდ მას აქვს.

 

როგორც ჩვენთან საუბარში GERA-ს იურისტი, მარიამ გაბაშვილი აცხადებს, GCA-ს მოთხოვნები სამართლებრივად უსაფუძვლოა და საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს.

 

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) არის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს, კონკრეტულ ნაწარმოებებზე, ფონოგრამებსა და შესრულებებზე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვას. რაც შეეხება არსებულ დავას GCA-სთან, ეს ორგანიზაცია ედავება ობიექტებს, რომლებშიც საჯაროდ სრულდება მუსიკალური ნაწარმოებები და აცხადებს, რომ Rozum-თან გაფორმებული ხელშეკრულებები არის ბათილი, რადგანაც მათი თქმით, ჩვენს მხარეს არ აქვს კომპეტენცია გასცეს ობიექტებზე მუსიკალური ნაწარმოებების გაჟღერების უფლება და მოითხოვს, რომ ობიექტების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდეს მათთან და არა GERA-სთან ან როზუმთან.

 

- მაშინ, როდესაც თავად არტისტს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება GCA-სთან ხელშეკრულება, რის საფუძველზე მოითხოვს ორგანიზაცია ობიექტებისგან რაიმეს?

 

მ. გაბაშვილი: კანონში არსებული პრეზუმფციის მიხედვით, კოლექტიური მართვის ორგანიზაციას  აქვს უფლებამოსილება საქართველოს ტერიტორიაზე  გაჟღერებული ნებისმიერ მუსიკისთვის შეაგროვოს ფული, იქნება ეს ნაცნობი თუ უცნობი შემსრულებელი. უცნობი გამოდის სწორედ ის ავტორი, რომელიც არაა ორგანიზაციაში გაწევრიანებული და უცნობია თუ ვის ეკუთვნის ნაწარმოები, მაგრამ ეს პრეზუმფცია მოქმედებდა ბაზარზე იქამდე, სანამ იარსებებდა GERA. თუმცა, მას შემდეგ რაც გამოჩნდა GERA რეპერტუარი გაიყო, ჩვენ გავხდით Sony Music Entertainment-ის, Warner Music-ის, Universal Music-ის ოფიციალური წარმომადგენლები, ჩვენთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 300-ზე მეტ ავტორ–შემსრულებელს.

 

- რადგანაც GERA–ში არსებული სისტემით, გროვდება მხოლოდ ორგანიზაციაში დაცული საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირების მოსაკრებელი, GCA–ს მიერ წლების მანძილზე ნაგროვები უცნობი პირების ჰონორარები სად წავიდა?

 

მ. გაბაშვილი: კანონის თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული უცნობი პირების ჰონორარები შესაძლოა შენახულ იქნას ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე 3 წლის განმავლობაში.

 

- ანუ თუ პიროვნება მივა ორგანიზაციაში და ხელშეკრულების გარეშე მოითხოვს 3 წლის განმავლობაში შეგროვებულ ჰონორარს, ორგანიზაცია ვალდებულია ეს თანხა გადასცეს ავტორს ან შემსრულებელს?

 

მ. გაბაშვილი: დიახ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ GCA–ს არ აქვს ტექნოლოგია, რომლითაც დაამტკიცებს საჯაროდ შესრულებული რეპერტუარის არსებობას, შესაძლოა ავტორებს გაუჭირდეთ იმის დამტკიცება, რომ მათი ნაწარმოებები სადმე სრულდება.

 

- GCA-ს მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ის GERA-ს არსებობის უფლებას ედავება...

 

მ. გაბაშვილი: რეალურად GCA არ ამბობს ამას პირდაპირ, თუმცა მათი განცხადებით GERA–ს არ აქვს უფლება შეასრულოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, რაც ნიშნავს, რომ ეს განცხადება არსებობის აკრძალვაა, რადგანაც GERA–ს საქმიანობა სწორედ აღნიშნული ფუნქციები და უფლება–მოვალეობებია. GCA აპელირებს კანონში არსებული მუხლით, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან , თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად ეს მუხლი არის ძალიან სადავო. არ შეიძლება ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ უმალვე გააფორმოს ხელშეკრულებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან. ყველაფერს დრო სჭირდება. თუ ამ მუხლზე ვიდავებთ, არც GCA–ს აქვს პირადად გაფორმებული ხელშეკრულებები. GCA არის ერთ–ერთი პირველი საავტორო უფლებათა დამცველის ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე. რეალურად მან გადაიბარა არსებული ორგანიზაციის  საქმიანობა. ამ ჩანაწერით გამოდის, რომ ნებისმიერი ახალ–შექმნილი ორგანიზაცია ვერ დაკავდება აღნიშნული საქმიანობით, რაც შექმნის ქვეყანაში მონოპოლიას. გარდა ამისა, მთლიანად კანონი იმგვარადაა დაწერილი, რომ ტერმინოლოგიიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ იქნება საუბარი მხოლოდ ერთ ორგანიზაციაზე, მაგალითად: „შეაგროვოს ერთ–ერთმა კოლექტიური მართვის ორგანიზაციას“, „მიმართონ შესაბამის კოლექტიური მართვის ორგანიზაციას“ და მრავალი სხვა ჩანაწერი. შესაბამისად, როდესაც კანონი მოიხსენიებს ორგანიზაციებს მრავლობით რიცხვში, შეუძლებელია საუბარი იყოს ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც უფლება აქვს აწარმოოს საქმიანობა.

 

- თუმცა, ამავდროულად GCA განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საქპატენტის წერილზე.

 

მ. გაბაშვილი: საქპატენტი არის ორგანო, სადაც თავს იყრის კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ისეთები როგორიცაა წესდება, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კრების ოქმები და ა.შ. საქპატენტი არ წარმოადგენს კოლექტიური მართის ორგანიზაციების არც მარეგისტრირებელ და არც ზემდგომ ორგანოს, ესაა ორგანო, რომელსაც გადაეცემა დოკუმენტაცია. საქპატენტში მოსარგებლეს შეუძლია ტარიფებზე დავა, მაგრამ ორგანოს მიერ დაფიქსირებული პოზიცია, გახლავთ დამოკიდებულება საკითხისადმი და ამიტომ მათი როლი ვერანაირად ვერ იქნება გადამწყვეტი.

 

- თქვენთან მოდიან არტისტები, საინტერესოა მათია აზრიც.

 

მ. გაბაშვილი: არის GCA–ს საქმიანობით ძალიან ბევრი უკმაყოფილო არტისტი, რომლებსაც გულწრფელად გაუხარდათ GERA–ს შექმნა, რადგანაც ჯანსაღის კონკურენტუნარიანი სფერო მუდამ ორიენტირებულია ხარისხზე. უკვე 300–მა არტისტმა, ავტორმა, შემსრულებელმა გადმოგვცა თავიანთი უფლებები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ.

 

- იყო საუბრები GCA–ს მხრიდან გაჟღერებულ მუქარებზე, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

 

მ. გაბაშვილი: მოსარგებლეებმა გვითხრეს, რომ ხორციელდება ზარები GCA–დან, რომლებიც შეიცავენ აშკარა შანტაჟის ნიშნებს. მაგალითად, მოსარგებლეების თქმით, ორგანიზაციიდან დარეკეს და მოითხოვეს, ან გაფორმდება მათთან ხელშეკრულება, ან ობიექტი დაჯარიმდება და შესაძლოა სულაც დაიხუროს. მე პირადად ეს საუბრები არ მომისმენია, თუმცა ობიექტების წარმომადგენლების თქმით, ძალიან აგრესიული ტონით ესაუბრებიან, ისინი თავს შევიწროებულად გრძნობენ. ერთ–ერთმა მოსარგებლემ ეს სასამართლო პროცესზეც განაცხადა.

 

ადვოკატ კახაბერ ასლანიშვილის აზრით, GCA-ს განცხადება ბაზრის მონოპოლიის მცდელობაა და არც კანონში მოცემული უზუსტობები არ აძლევს აღნიშნულ ორგანიზაციას არავითარ სასიკეთო პროგნოზს.

 

GCA–ს მიაჩნია, რომ ვინაიდან რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს, როგორც კოლექტიური საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაცია შეუძლია უცნობი და  ნაცნობი ავტორების სახელით შეაგროვოს ჰონორარები, როგორც საავტორო ისე მომიჯნავე უფლებებზე, და სხვას არავის აქვს ამის უფლება, რაც თავისთავად გამორიცხავს ბაზარზე პრეზუმფციის გაორებასაც და სხვის მიერ შეგროვებასაც. იმიტომ რომ მისი ლოგიკით ყველაფერს ის აგროვებს და ბაზარზე არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორმაგ დაშვებას, რომ სხვებმაც შეაგროვონ უცნობებისთვის. ესაა მათი პოზიცია ძალიან მოკლედ. რატომ არის მათი პოზიცია მცდარი? იმიტომ რომ ავტორი კარგავს უცნობის სტატუსს მაშინ, როდესაც  ის ხდება ცნობილი ანუ როგორც კი ის გამოხატავს თავის საავტორო უფლებას კონკრეტული არტეფაქტის სახით. მას უკვე წარმოეშობა საავტორო ან მომიჯნავე უფლება, გადაცემული აქვს ან პირდაპირი ხელშეკრულებით სხვა უფლებამფლობელისთვის, რომლის ცნებასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ან სხვა მფლობელისათვის, სხვა კოლექტიური ორგანიზაციისათვის, რომელსაც ასევე ითვალისწინებს აღნიშნული კანონი, ან პირდაპირი ხელშეკრულებით ფიზიკურ პირზე ან უშუალოდ იცავს თავის უფლებებს. სასამართლომ საერთოდ უნდა გამორიცხოს პრეზუმფციის არსებობა, იმიტომ რომ პრეზუმფცია როგორც სამართლებრივი კონსტრუქცია არის მხოლოდ და მხოლოდ თეორიული დაშვება იმისა, სავარაუდოდ არსებობენ სხვა ავტორებიც, რომლებიც  არ უნდა დარჩნენ მოთხოვნის შემთხვევაში უფლებაშელახულნი, ანუ მათი სახელითაც ჰონორარი ვიღაცამ უნდა შეაგროვოს. როგორც კი ეს ავტორები თავის ჰონორარს მოიკითხავენ, ისინი „უცნობის“ სტატუსს კარგავენ. GCA–ს მტკიცება, რომ არ შეიძლება მათ რამდენგანმე ეძიონ თავისი ჰონორარი ნონსენსუალურ ხასიათს იძენს, რამეთუ ბაზარზე ფუნქციონირებს ორი ორგანიზაცია, რომლებსაც შეეძლოთ არტისტის სახელით ემოქმედათ. შესაბამისად არტისტი მიაკითხავს ერთის ნაცვლად ორს, რაც რა თქმა უნდა, არტისტს თავად აწყობს, რადგანაც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ეს ორი ორგანიზაცია შეეცდება შესთავაზოს მას რაც შეიძლება უკეთესი პირობები.

 

- თუმცა, აქამდე GCA–ს ჰქონდა მონოპოლია ბაზარზე და ახლა რთულად ეგუება კონკურენტებს.

 

კახაბერ ასლანიშვილი: შესაძლოა მისი მონოპოლია ისტორიულ ჭრილში იმის გამო მოხდა, რომ გარკვეული მუხლები არასწორად იქნა გაგებული ორგანიზაციის შექმნის მსურველების მიერ, შესაძლოა მათ ჩათვალეს, რომ GCA–სთან ჭიდილი ამაოა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. საქმე იმაშიცაა, რომ კანონის მიხედვით მოცემულია რიგი პუნქტებისა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ორგანიზაციას აქვს არსებობის და ფუნქციონირების უფლება. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ყველა ვინც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, იძენს აღნიშნულ უფლებებს. რაც შეეხება თავად კანონში არსებულ დეფინიციებს, რომლებიც ჩემი აზრით გადასახედია და არასწორადაა მოცემული, თუ GCA გვედავება ერთ ან ორ ეპიზოდს, ჩვენს სასარგებლოდ ოთხი ეპიზოდი მაინცაა მოცემული, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ მრავალ ორგანიზაციაზეა საუბარი. გარდა ამისა, სასამართლოში წარდგენილი ჩვენს მიერ 7 მილიონი ნაწარმოები არის GERA–ს მართვაში – ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობილი რეპერტუარი, რომელიც არ ექვემდებარება პრეზუმფციას გვაქვს მხოლოდ ჩვენ, GCA–ს მსგავსი რეპერტუარი არ გააჩნია. როდესაც სასამართლოს წინაშე მტკიცებულების სახით წარვადგინეთ რეპერტუარი, სასამართლო იძულებულია პრეზუმფციის მოქმედება გამორიცხოს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ჩვენი მტკიცების ტვირთი ვზიდეთ და დავადასტურეთ სასამართლოს წინაშე, GCA–მაც უნდა წარადგინოს თავისი რეპერტუარის წარმოდგენა, რასაც ის ვერ ახერხებს, რადგანაც უახლესი ტექნოლოგიები, რომლითაც ხელმძღვანელობს GERA მას არ გააჩნია.

 

 

მაია ჩუბინიშვილი

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner