logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: თუ ვინმეს სურს “ოცნების” დამარცხება, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ჩამოაშორონ პოლიტიკას
- +

2 მარტი. 2020. 20:41

 

 

“ტრამპმა საქართველოში რევოლუციურ სცენარს ამერიკული დაფინანსება გამოაცალა”

 

 

ირაკლი გოგავა საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, გამორჩეული პოლიტოლოგია. ყოფილი პარლამენტარი და საპარლამენტო ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორად ერაყში, სადაც ერაყის პრეზიდენტის და პარლამენტის რეფორმებს უძღვებოდა, იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველი. ის მუშაობდა პოლიტიკური კონსალტინგის ისეთ ამერიკულ კომპანიებში, როგორიცაა Burson-Marsteller, Penn, Shoen, Berland, Wooden Horse Strategies. 2018 წელს ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით იმყოფებოდა უკრაინაში, სადაც კონსულტაციებს უწევდა უკრაინის მთავრობას და ჯანდაცვის მინისტრს.

 

 

“ბანკები და ფინანსები” ირაკლი გოგავას საშინაო პოლიტიკურად აქტუალურ თემებზე ესაუბრა, ასევე იმაზეც, თუ როგორია პოლიტიკური პარტიების სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

 

 

 ქვეყნის განვითარებისთვის თანაბრად აუცილებელია როგორც შემდგარი ხელისუფლება, ისე ჯანსაღი ოპოზიციური ფლანგი. რამდენად შეგიძლიათ დღევანდელ ხელისუფლებას უწოდოთ შემდგარი, ხოლო ოპოზიციას ჯანსაღი?

 

 

– ყველა ხელისუფლება თავისთვის “იგონებს” ისეთ ოპოზიციას, რომელიც აწყობს – ეს ტექნოლოგიის ნაწილია. შევარდნაძე “აღორძინებას” იყენებდა, სააკაშვილი ქრისტიან-დემოკრატებს, “ოცნება” ნაციონალებს.  ამ პროცესს ვერ ვუწოდებთ ჯანსაღს.  ეს პროცესი აფერხებს საზოგადოების ზრდას, ახალი ჯანსაღი და ხალხის აზრის გამომხატველი ძალების დაბადებას. ეს ყველაფერი კი ტელევიზიების საშუალებით ხდება. თუ დააკვირდებით ყველა წამყვან არხზე ერთი და იგივე სახეებს აჩენენ, მხოლოდ ტელევიზიის პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ამ სახეების გამოჩენის  სიხშირეა სხვადასხვა. პრობლემებია ხელისუფლების საკანონმდებლო შტოში, სადაც ბევრი დაუმსახურებლად არის მოხვედრილი და ხალხის პატივისცემა არ აქვს. 2004 წლის შემდეგ პარლამენტი ფიქტიური ორგანოა და რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს. მას ფაქტიურად ჩამორთმეული აქვს ზედამხედველობის და კონტროლის ფუნქცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციაში გაწერილია. 2004 წლიდან ვერ ვიხსენებ ვერც ერთ კანონს, რომელიც საკუთრივ პარლამენტმა შექმნა და არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მომზადებული. ეს რეალობა შესაცვლელია, ქვეყანას სჭირდება ძლიერი პარლამენტი, რომელიც შეძლებს გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება. ამის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების განვითარება. გამოდის, რომ საჭიროა ძლიერი, ავტორიტეტული პიროვნებების შეყვანა პარლამენტში, რომელიც ხალხთან არის პირდაპირ პასუხისმგებელი, ანგარიშვალდებული და არა პარტიულ ბოსებთან. ერთი სიტყვით, ხელისუფლების სიჯანსაღის ხარისხი პირდაპირპროპორციულია საზოგადოების სიჯანსაღისა. ოპოზიციურ სპექტრში უფრო ბიზნესმენები არიან ვიდრე პოლიტიკოსები. ყველას არ ვგულისხმობ, ცხადია. ამას ხალხი გრძნობს, ამიტომაც პარტიები ყველაზე არაპოპულარული ინსტიტუციაა ქვეყანაში.

 

 

 საყოველთაო ვნებათაღელვა მოჰყვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების არ შესრულებას. როგორ ფიქრობთ, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, რა სისტემით იქნება არჩევნების ჩატარება საქართველოში უფრო მიზანშეწონილი და რატომ?

 

 

– ვფიქრობ, სამომავლოდ სრულად მაჟორიტარული უნდა იყოს არჩევნები. ეს პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების ყველაზე ეფექტური მექანიზმია. პოლიტიკაში პერსონას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება აირჩიოს  პიროვნება და არა პარტიის ლიდერის უკან ჩასაფრებული უცნობი ადამიანების სია. პარტიების უმრავლესობა საქართველოში ვერ განვითარდნენ, ვერ გახდნენ მასშტაბურნი. აუცილებელია ძლიერი, სტაბილური და სუფთა რეპუტაციის პარტიების არსებობა. აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი შეიძლება მისაღები იყოს, რომ დარჩეს შერეული სისტემა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეა უცხოეთიდან  2015 წლიდან შემოვიდა. რამდენიმე ასეული ათასით დაფინანსდა პიარ კამპანია მაჟორიტარების დისკრედიტაციისთვის – ხელისუფლება ამას დუმილით შეხვდა მაშინ. ამ დროს გადახედეთ პარლამენტარების სიებს პარლამენტის ვებგვერდზე: ყველა მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე სურათია – მაჟორიტარების უმრავლესობა ხარისხით, განათლებით, ავტორიტეტით აშკარად სჯობს პარტიული სიით არჩულ დეპუტატებს. 73 მაჟორიტარიდან 4-5 დეპუტატს ასახელებენ როგორც “ფეოდალს” და საეჭვო რეპუტაციის მქონეს, პარტიული სიით არჩეულ 77 პარლამენტარს შორის თუ ვნახავთ, უავტორიტეტო და საეჭვო რეპუტაციის კი რამდენიმე ათეულია. სრულად პროპორციული არჩევის წესის მოთხოვნის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ პარტიებს ხალხში ავტორიტეტის მქონე ადამიანების სერიოზული დეფიციტი აქვთ. პარტიულ სიაში კი ვისაც გინდა იმას შეიყვან. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლისთვის კონსტიტუციაში ჩაწერილი სრულად პროპორციული არჩევნები უნდა შეიცვალოს და მინიმუმ შერეული გახდეს. პირდაპირ ვამბობ: ამაზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხიც არის დამოკიდებული. ყველა ჩვენგანს დღეს ორი ხმა აქვს არჩევნებში. ერთ ხმას ვაძლევთ პარტიას და მეორე ხმას კი პიროვნებას. პარტიულ ლიდერებს სურთ, რომ ჩვენ ერთი ხმა წაგვართვან და ჩვენს ნაცვლად თავად აირჩიონ ვინ შევიდეს პარლამენტში. ეს კი ჩვენი უპატივცემულობაა. ვფიქრობ, ჩვენ ანუ ხალხი უკეთესად გავარჩევთ ვინ ავირჩიოთ და ვინ არა, ვიდრე პარტიული ბოსები.

 

 

 ქართული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ხელისუფლების არჩევნებში დასამარცხებლად მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატებით გასვლას გეგმავს. სავარაუდოდ, ეს კანდიდატები, ძირითადად, პარტიების ლიდერები იქნებიან. როგორ ფიქრობთ, თუ ოპოზიციამ მართლაც შეძლო საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, რა შანსს მისცემს ეს მას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე?

 

 

– ამ პარტიებს ყველას ერთად დღეს რეიტინგი 10%-იც არ აქვს. 32 პარტია ქუჩის აქციაზე 5000 კაცს ვერ აგროვებს, რაზე უნდა ჰქონდეთ პრეტენზია?! გამოაქვეყნეს ოპოზიციის მაჟორიტარული კანდიდატების პირველი შვიდეული, ამათგან ექვსი ნაციონალია. რას უნდა მიაღწიონ ამ ხალხით?! საკუთარი ტელევიზების და თავის დროზე გატანილი ფულით რაღაც ხმები შეიძლება მიიღონ, მაგრამ უმრავლესობის მოპოვების თეორიული შანსიც არ აქვთ. ქართველ ხალხს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – არა ნაცებს! თუ ვინმეს სურს “ოცნების” დამარცხება, ნაცები უნდა ჩამოაშორონ პოლიტიკას და შემდეგ საზოგადოება თავად გააჩენს ასეთ ძალას – ეს კანონზომიერებაა. დღეს ნაციონალური მოძრაობაა ის ძალაა, ვინც “ოცნებას” პოლიტიკურ დღეგრძელობას  უხანგრძლივებს. ყველას კარგად გვახსოვს 9 წლიანი დიქტატურა. სააკაშვილის დიქტატურის დროს რეპრესიების მასშტაბი 20-ჯერ აღემატება 30-იან წლებში საბჭოთა საქართველოში დატრიალებულ რეპრესიებს, რომელთა შესახებ დღემდე ლეგენდები დადის. საზოგადოება “მემორიალი” 12 ათასს ასახელებს, კიდევ არის სხვა წყარო, რომელიც რეპრესირებულებად 16 ათასს ასახელებს. სააკაშვილის დროს კი 300,000 მხოლოდ პრობაციონერი იყო, ორი ასეული ადამიანი ქუჩაში ჩახოცეს, ევროპაში პირველ და მსოფლიოში მეორე ადგილზე ვიყავით პატიმართა რაოდენობით და ციხეში დახოცილი პატიმრებით, ათასობით ადამიანს ბიზნესი და საკუთრება წაართვეს, მედია გააჩუმეს. ვის უნდა ახლა ამ ძალებთან შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატი?! ამ რეჟიმს უნდა მისცემოდა სამართლებლივი შეფასება და რეჟიმის ავტორებს უნდა აეკრძალოთ საჯარო მოღვაწეობა, როგორც მინიმუმ. ამათ კი განაცხადეს: “ვიღებთ პასუხიმგებლობას, გადაცდომები გვქონდაო” და ურცხვად აგრძელებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას. პარტიებმა, რომლებიც ნაცებს დაუდგნენ თუნდაც თემატურად, გამოუსწორებელი თვითდაზიანება მიიყენეს. მათ სრული ფიასკო ელოდებათ, რაც ჰქონდათ ისიც დაკარგეს.

 

 

– წერილები ოკეანის გაღმიდან – სენატორებისა და კონგრესმენების წერილები ჩვენი პრემიერისადმი უკვე ყოველდღიურობად  გვექცა.  მათ შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. თქვენ როგორ შეაფასებდით გამოთქმულ მოსაზრებებსა და პოზიციებს, რამდენად ადეკვატურია  მათი ხედვები. დგას თუ არა რაიმე ამ წერილების მიღმა?

 

 

– ეს წერილები არის ნაციონალების ლობისტური კომპანიების ნამუშევარი და არ ასახავს ოფიციალური თეთრი სახლის ან სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. მე მიმუშავია აშშ-ს კონგრესთან და ვიცი როგორ კეთდება მსგავსი განცხადებები. არ უნდა გვეგონოს, რომ კონგრესმენები წმინდანები არიან, ბევრ მათგანს მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ თქვენ გადაუხდით 250 ათას დოლარს ჩემს მიერ რეკომენდირებულ ლობისტურ კომპანიას, 4 თვეში მოგართმევთ 10-12 კონგრესმენის განცხადებას იმის თაობაზე, რომ “ბანკები და ფინანსები” არის დემოკრატიის შუქურა და ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს თქვენი გამოცემის დამოუკიდებლობას. დაახლოებით იგივე თანხის ფარგლებში მოხერხდება კონგრესის რეზოლუციის მიღება, თუმცა ამ შემთხვევაში ვორდინგი უფრო ფრთხილი იქნება. Washington Post-ში ან მსგავსი გამოცემის ნახევარ გვერდზე თქვენი სტატიის გამოქვეყნებას 50-დან 250 ათასამდე დასჭირდება, გააჩნია რომელ გვერდზე, რა თემაზეა და ვინ არის ავტორი. ევროპაში ჭკვიანური მუშაობით, სრულიად უფასოდ შეიძლება სასურველი სტატიის გამოქვეყნება ისეთ გამოცემებში, როგორიც არის Politico ან EUobserver-ში. ცოტა რთულია, მაგრამ მე The Economist-შიც მაქვს გამოქვეყნებული მასალა, რადგან შევძელი  ნაცნობი რედაქტორის თემით დაინტერესება. ევროპაში ფული ნაკლებად მუშაობს: უფრო ავტორიტეტი, პირადი კავშირები, ცოდნა და ინტელექტი.

 

 

– “ქართულმა ოცნებამ” აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა საკმაოდ ძვირადღირებული ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაეხმარება ლობისტების ჩართვა მმართველ პარტიას საერთაშორისო რეპუტაციის შექმნა-გამოსწორების საქმეში?

 

 

– ლობისტებთან მუშაობას ცოდნა უნდა, ნაცებმა იციან და ეფექტურად იყენებენ. ლობისტებს ფული გადაუხადე და ისინი შედეგს დაგიდებენ – ასე არ მუშაობს ეს თემა. ლობისტების ავტოპილოტზე მიშვება არ მოიტანს დიდ შედეგს. მე როცა ვმუშაობდი ამერიკელ ლობისტებთან, ორ თვეში კონგრესს სასურველი რეზოლუცია მივაღებინეთ, 23 სტატია დავაბეჭდინეთ ამერიკულ მედიაში და 12 კონგრესმენის მხარდამჭერ განცხადებას მივაღწიე სულ 4 თვეში. მოკლედ, თუ სწორად არ ამუშავებ, შედეგს ვერ მიიღებ. იქ ძალიან ბევრი ნიუანსია, სისტემაში უნდა ერკვეოდე. “ოცნებამ” დიდი ლობისტური ფირმა დაიქირავა Hogan Lovells, ეს იმთავითვე არასწორი გადაწყვეტილებაა. ამ ფირმის კლიენტებია Mars, Phillip Morris, Vodafone, Apple, Airbus, Credit Suisse, Deutcshe telekom, Lloyd, News Corp, Nissan, Togota, Walmart… ეს მრავალმილიარდიანი საერთაშორისო კორპორაციებია, რომელთა უმრავლესობას წლებია ემსახურებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ “ოცნება” არ იქნება პრიორიტეტული კლიენტი. ყოველთვის სჯობს ისეთი ლობისტური ფირმის არჩევა, რომლისთვისაც ექსკლუზიური და პრიორიტეტული კლიენტი ხარ. ამასთანავე ამ ლობისტურ ჯგუფს უნდა ჰქონდეს გავლენები და კავშირები იმ კონგრესმენთა და სენატორთა პულზე, რომელიც იმ კონკრეტული საქმისთვის ან თემისთვის არის ყველაზე საჭირო. Hogan Lovells დიდი ფირმაა, გარკვეულ შედეგს დადებს თუნდაც კლასის და მასშტაბის ხარჯზე, თუმცა განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოდთ. სხვათა შორის, მათ საქართველოში სხვა კლიენტებიც ჰყავთ: “ნავთობის და გაზის კორპორაცია” და “რუსთავის მეტალურგიული”. “ფრონტერას” ლობისტი კონგრესმენების განცხადებებს თუ ვნახავთ, Hogan Lovells-მა დიდი შედეგი ვერ მოუტანა “ნავთობის და გაზის კორპორაციას”. მეორე ამერიკული კომპანია DCI, რომელიც დაიქირავეს კომუნიკაციებისთვის პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც საშუალოზე სუსტი არჩევანი. მთავრობის ლობისტი Chartwell Strategy Group კარგი ლობისტური ჯგუფია, მათთან მქონია საქმიანი შეხება. ვფიქრობ, რომ საგარეო აქტივობებს ის ხალხი გეგმავს, რომელსაც სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება მსგავს საკითხებში საკმარისი არ აქვთ.

 

 

– თქვენი მოსაზრება USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის ბონი ლაურა გლინკის  საქართველოში ვიზიტის მიზეზებსა და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე საკმაოდ საინტერესოდ ჟღერდა. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა დაინახეთ საგულისხმო მის ვიზიტში, ვგულისხმობ იმას, თუ რას ისახავს მიზნად მის მიერ დაფინანსების სქემის, ვადებისა და მექანიზმების შეცვლა ადგილობრივი მიმღები ორგანიზაციების საქმიანობაში?

 

 

– დიახ, ქ-ნი გლინკი არა მხოლოდ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეა, არამედ ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი და ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ ტრამპის მიერ პირდაპირ დანიშნული და სენატის მიერ დამტკიცებული. ის ფაქტიურად გახლავთ დონალდ ტრამპის პირდაპირი წარმომადგენელი უმაღლესი მანდატით. USAID-ის 19 მილიარდიან რესურსს მაკკეინის და სოროსის მომხრე ჯგუფები იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ფავორიტი პოლიტიკური ჯგუფების მხარდასაჭერად. ახლაც ეს ხდებოდა საქართველოში, უზარმაზარ თანხას აძლევდნენ არასამთავრობოებს რევოლუციური სცენარისთვის. პირადად მე გამოვაქვეყნე ამის ანალიზი ნოემბერში და ხელისუფლებას შეეძლო ემოქმედა, თუმცა ერთი თვის განმვალობაში მათ ეს ვერ მოახერხეს. იანვარში კი ეს ანალიზი მივაწოდე ტრამპის გუნდს უკვე ჩემი არხებით და შევატყობინე, რომ იგეგმებოდა ანტიტრამპისტული პოლიგონის მოწყობა საქართველოში ლიბერალების და მაკკეინის ჯგუფის მიერ ადგილობრივ პროქსი ძალებთან ანუ ნაციონალებთან ერთად.  შედეგმაც არ დააყოვნა, ჩამოვიდა ხელმძღვანელი პირი, რომელმაც დაარბია სოროსელების გეგმები. ტრამპმა საქართველოში რევოლუციურ სცენარს ამერიკული დაფინანსება გამოაცალა. ხუმრობა ხომ არ არის, 6 არასამთავრობო ორგანიზაციას 14 მილიონს აძლევდნენ საარჩევნოდ – ეს მხოლოდ ერთი პროექტით. ახლა ეს 14 მილიონი რამდენიმე წელიწადზე გადაუნაწილეს. დააკვირდით მათ, უკვე აღარ ჩნდებიან ისეთი ხალისით და სიხშირით. ასეთი არის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება, სამწუხაროდ.

 

 

– არასამათავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ საზოგადოებასა და ანალიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ ისინი პოლიტიკურად არიან ანგაჟირებულები შესაბამისად, საკუთარ საქმეზე ნაკლებად ორიენტირებულნი. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და თქვენ როგორ შეაფასებდით ქართული, გნებავთ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას?

 

 

– არასამთავრობო ორგანიზაციები უდიდესი ნაწილი გარყვნილია და ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდიან. ჩვენთან არის დაბლოკილი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. სოროსის ქსელმა მოახერხა ეს წლების განმვალობაში. ეს ორგანიზაციები არ ემსახურებიან საზოგადოების ინტერესებს და მხოლოდ ფული აინტერესებთ, სამწუხაროდ. მაგალითად, ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა უმუშევრობა, შრომის უფლება გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპის სოციალური ქარტიით წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. ყველას აქვს უფლება დასაქმებაზე, სამართლიან ანაზღაურებაზე, შრომის ადამიანურ პირობებზე. გვინახავს, რომელიმე არასამთავრობოს პროტესტი დღევანდელ სიტუაციაზე?! არა და არც იქნება, იმიტომ, რომ სოროსი ამაში არ იხდის. უდიდესი პრობლემაა დემოგრაფია, იცლება ქვეყანა. გინახავთ სოროსის ქსელის არასამთავრობოების აღშფოთება და პროტესტი ან რამე პროექტი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის?! არა და ვერც ნახავთ, რადგან ამაში ფულს არ იხდიან. დააკვირდით, ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგი და პროექტები მიმართული მხოლოდ ერთი მიმართულებით: ყალბი ორიენტირების გამყარება განსაკუთრებით ახალგაზრდებში და შობადობის შემცირება. ეს უკვე ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ ე.წ. “პოლონური მოდელი”, რომლის მიხედვით 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 1% ყველა ინდივიდმა საკუთარი არჩევანით გადარიცხოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, რომელიც მას მოსწონს. თუ არცერთი არ მოსწონს იმ 1%-საც ბიუჯეტი წაიღებს. ამ გზით პოლონელებმა გაანეიტრალეს გარედან დაფინანსებული ჯგუფები და მათი ხშირ შემთხვევაში მავნე ზეგავლენა საზოგადოებაზე. გაჩნდა ბევრი სამოქალაქო ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ხალხისთვის მოსაწონი საქმე გააკეთონ, რათა მეტი 1%-იანი გადარიცხვა მიიღონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner