logo_geo
eng_logo
მაია ცინცაძე: ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კატებში მაღალია ახალი კორონავირუსის მიმღებლობის შემთხვევები და შესაძლოა კატიდან კატაზე ინფექცია წვეთოვანი გზითაც გავრცელდეს!
- +

13 აპრილი. 2020. 15:12

 

ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიად გამოცხადების შემდეგ მასმედიაში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, ცხოველებიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემისა, „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელის თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, თავშესაფარში არ წყდება შინაური ცხოველების ჩაბარების მსურველთა ზარები. 6 აპრილს მომხდარი შემზარავი შემთხვევაც, როდესაც ბორჯომში მამაკაცმა საკუთარი ძაღლი საცხოვრებელი კორსუსის მეთორმეტე სართულიდან გადმოადგო, საზოგადოებამ სწორედ კორონავირუსის ცხოველიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემის შიშს დაუკავშირა.

როგორია მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ცხოველების ინფიცირების სტატისტიკა და ამ კუთხით მედიკოსთა რეკომენდაციები? აღნიშნული საკითხის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის  ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი მაია ცინცაძე გვესაუბრება.

 

- ქალბატონო მაია, ბევრი ოჯახი, რომელსაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს და შეშფოთებულია მასმედიაში გაშუქებული ინფორმაციით, რომ შესაძლოა  COVID-19 ცხოველებსაც დაემართოთ... რა ინფორმაცია არსებობს ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

-  ვინაიდან მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან ძალიან ცოტა დროა გასული და საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია, ამ ეტაპზე დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება გაუმართლებლად მიმაჩნია. დღესათვის, არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ კორონავირუსის ახალი ტიპი ადამიანს შინაური ცხოველების მეშვეობით გადაეცემა.

 

- ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ვერსიით, პირველწყაროდ ღამურა მოიაზრება... ეს ფაქტი ამწვავებს ადამიანების ინტერესს, რამდენად საშიშია პანდემიის პერიოდში ცხოვლებთან ურთიერთობა და შესაძლოა თუ არა ისინი ვირუსის მიმღებლებად და გამავრცელებლებად მოგვევლინონ?

 

- უახლესი ექსპერიმენტული კვლევების თანახმად COVID-19 საქონელს და ფრინველებს თითქმის არ ემართებათ. ძაღლები ვირუსის ძალიან დაბალი მიმღებლები არიან, ხოლო ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კატებში მაღალია ახალი კორონავირუსის მიმღებლობის შემთხვევები და შესაძლოა კატიდან კატაზე  ინფექცია წვეთოვანი გზითაც გავრცელდეს. ეს განპირობებულია კატისა და ადამიანის ACE2 რეცეპტორების მსგავსებით.

 

- მშობელთა ერთი ნაწილი ფიქრობს, გაასხვისონ ან თავშესაფარში ჩააბარონ შინაური ცხოველები... ბევრი მათგანი კი ძაღლებს პირდაპირ ქუჩაში უშვებს...

 

- ამგვარი დამოკიდებულება ნამდვილად გაუმართლებელია. ვიმეორებ, უახლესი კვლევებით ირკვევა, რომ ძაღლებს კორონავირუსის ძალიან დაბალი მიმღებლობა აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით კატებზე.  შინაური ცხოველებიდან ყველაზე მარტივად ახალი კორონავირუსით ინფიცირდებიან კატები და კატისებრათა ოჯახის წარმომადგენლები. მაგალითად, ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვი სავარაუდოდ საკუთარი მომვლელისაგან დაინფიცირდა. ოფიციალური ვერსიით, ახალი კორონავირუსის გავრცელება უკავშირდება ღამურას. ღამურიდან დაინფიცირდა პანგოლი, ხოლო პანგოლინიდან ადამიანზე მოხდა ინფექციის გადაცემა. ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს ინფომაციას, რომ ვირუსის გადაცემის კუთხით ადამიანები უფრო არიან ცხოველებისთვის საშიში, ვიდრე პირიქით, თუმცა, აქვე უნდა აღნიშნოს, რომ COVID-19–ის ცხოველიდან ადამიანზე ან ადამიანიდან ცხოველზე გადაცემის  შემთხვევები ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია არც მსოფლიო ვეტერინარულ ასოციაციას და  არც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს.

 

- ქალბატონო მაია, ხომ შეიძლება შინაური ცხოველი გახდეს ინფექციის მექანიკურად გადამტანი, ანუ მან მოახდინოს ოჯახში შემოტანა ვირუსის თუნდაც ბეწვით და თათებით?

- აბსოლუტურად გასაგებია თქვენი შეკითხვის არსი. თვითიზოლაციის პირობებშიც კი, საჭიროა, შინაური ცხოველი ეზოში გასეინოს პატრონმა. ამიტომ გამოსავალი არა ძაღლების თავშესაფარში ჩაბარება ან მათი ქუჩაში გაყრაა, არამედ უმჯობესია თქვენი ცხოველის სახლში შემოყვანისას  ელემენტარული ჰიგიენური ნორმები დაიცვათ. მითუმეტეს, თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც თქვენი შვილები სახლში არიან გამოკეტილები, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველებთან ემოციური კონტაქტი. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტ ქვეყანაში აღწევს ვირუსი, მით უფრო მეტი ცხოველი რჩება ქუჩაში და შიშის გამო, ბევრი პატრონი უარს ამბობს მათზე. COVID-19–ით ინფიცირებული პირები თავად უნდა მოერიდონ ცხოველებთან კონტაქტს ან თუ  იძულებულნი არიან მოუარონ მათ,  კონტაქტი უნდა იყოს მინიმალური. ცხოველებთან ყოველი კონტაქტის წინ და შემდეგ კი აუცილებელია ხელები დაიბანოთ  საპნით და გამშრალებისთანავე სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოთ. ამავდროულად, სახლში დაბრუნებისთანავე თქვენს ცხოველს თათები  საპნიანი წყლით დაბანეთ და ვეტერინართან შეთანხმებით, ბეწვი მათთვის განკუთვნილი სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით გაუსუფთავეთ!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

right_banner
არქივი
right_banner