logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: ყველა დაპირება მემახსოვრება, რაც წინასაარჩევნოდ ჩემს ამომრჩეველს მივეცი
- +

ავტორი ანა ფერაძე

9 სექტემბერი. 2016. 15:09



„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში მერაბ ქვარაიამ „რეპორტიორთან" ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესი იდეალურად მიმდინარეობს. როგორც „რეპორტიორს" ქვარაიამ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებას მოიპოვებს, ამომრჩეველთა აზრს გაითვალისწინებს და არ დაივიწყებს ყველა დაპირებას, რაც არჩევნებამდე მისცა.


- როგორ შეაფასებთ ზუგდიდში საარჩევნო გარემოს?

 

- ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია აკადემიურ, მშვიდ, ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს საკუთარი საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა. არანაირი სისტემური ხარვეზები არ ფიქსირდება. თუ რაიმე კონკრეტული გადაცდომები ხდება, რეაგირებაც მყისიერია.


ყველა საარჩევნო სუბიექტს, ყველა პარტიას, კანდიდატს ეძლევა საშუალება, თავისუფლად წარმოადგინოს თავისი პროგრამა, ამ მხრივ დღეს საქართველოში არანაირი პრობლემა არ არის, რომ პარტიებს რაიმე სახის შეზღუდვები ჰქონდეთ მმართველი პარტიის მხრიდან.


საქართველოში საარჩევნო პროცესი იდეალურად მიმდინარეობს. ყველა ამომრჩეველს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოს არჩევანი მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. არავინ არავის არ ერჩის, ამის გამო არავინ ისჯება. ეს არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული წინასაარჩევნო გარემო და დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები არანაირ კითხვის ნიშანს არ დატოვებს არც დამკვირვებლებში და არც ამომრჩევლებში.


- რა პრობლემები აქვს ზუგდიდის მოსახლეობას?


- ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ზუგდიდის მოსახლეობასთან და ეს მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ვხვდებით და ვესაუბრებით ამომრჩევლებს.


მე ძალიან კარგად ვიცი ზუგდიდის მოსახლეობის ყველა პრობლემა და სატკივარი. ძირითადად, მოსახლეობას სოციალური პრობლემები აქვთ, არის ასევე დასაქმების პრობლემა, ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ვმსჯელობთ მოსახლეობასთან და როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე მმართველი პარტია მოტივირებულია, რომ შემდგომშიც გავაგრძელოთ აქტიური ზრუნვა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.


- ბიძინა ივანიშვილმა დღეს ზუგდიდში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ახსენა დევნილების თემა და აღნიშნა, რომ დღემდე აქვს ზუგდიდს დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა, თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების გაზას?


- „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ფაქტობრივად 400-მდე ოჯახმა ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო.


დევნილებისთვის შენდება მთელი კვარტალი, რომელიც 2400 ოჯახზეა გათვლილი. მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რათა ამ უსახლკარო ოჯახებს დროულად გადაეცეთ საცხოვრებელი.


„ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებით დაკმაყოფილება და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.


- როგორ შეაფასებთ თქვენს კონკურენტებს?

 

- მე პატივს ვცემ ყველა კანდიდატს. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი თავის წარდგენის, თუმცა ვფიქრობ, რომ უპირობო ლიდერი დღეს „ქართული ოცნებაა" და გამარჯვება იქნება დიდი უპირატესობით.


- გამარჯვების შემთხვევაში რას ჰპირდებით ზუგდიდის მოსახლეობას?

 

- ვაპირებ, ვიცხოვრო ჩემს ქალაქთან ერთად, ვიქნები მაჟორიტარი, რომელიც იცხოვრებს თავის თანამოქალაქეებთან ერთად და მათ ყველა სატკივარს თუ პრობლემას გაიზიარებს და შესაბამისად, პრობლემების მოგვარებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს.


მე ვიქნები შუამავალი ჩემს ქალაქსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ვაპირებ, რომ ბიურო, რომელიც ზუგდიდში იქნება, იქნება ძალიან აქტიური. ხელმისაწვდომი ვიქნები ყველა ჩემი ამომრჩევლისთვის ისე, როგორც ამას საკრებულოში საქმიანობის დროს ვაკეთებდი.


მაჟორიტარის ინსტიტუტის ფუნქცია, ამოცანა და სიკეთე ზუგდიდს სამწუხაროდ, დღემდე არ უგრძნია. ვფიქრობ, ამ ყველაფერს მიიღებს ჩემი არჩევის შემთხვევაში და სწორედ ასეთი ჩართულობით ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად ვიზრუნებ ჩემი ქალაქის განვითარებაზე.


ვიქნები აქტიური და ვიმუშავებ იმ თემების სრულყოფაზე, რომელიც საქართველოში აუცილებლად საჭიროებს რეფორმირებას, ასევე აქტიური ვიქნები საპენსიო სისტემის სრულყოფის და შეცვლის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მთავარია, ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, რომ ყველა ის დაპირება მემახსოვრება, რაც წინასაარჩევნოდ მათ მივეცი.





 

right_banner
არქივი
right_banner