logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: პროვოკაციები მხოლოდ „ნაციონალებისგან“ არის მოსალოდნელი
- +

ავტორი ანა ფერაძე

10 სექტემბერი. 2016. 11:04



პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო ათეული შეაფასა. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, საარჩევნო სიის ათეულს, რომელიც პაატა ბურჭულაძემ წარმოადგინა, მისთვის გაუგებარია. პოლიტოლოგის თქმით, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „ქართულ ოცნებას" აქვს.


როგორც რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, თუ ვინმე პროვოკაციების მოწყობას შეეცდება, ეს „ნაციონალები" იქნებიან, თუმცა არც ლეიბორისტული პარტიიდან არის გამორიცხული სიძნელეების შექმნა.


- როგორ შეაფასებთ პარტიების მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიებს?


- მივესალმები იმას, რომ პოლიტიკაში ახალი ადამიანების შემოყვანა ხდება. რაც შეეხება პარტიების მიერ წარმოდგენილი სიების სხვა კომპონენტებს მაგალითად, პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო სიის ათეული სრულიად გაუგებარია, რადგან ბლოკში სია პარტიების წარმომადგენლების მიხედვით კეთდება ხოლმე. ამ მხრივ ბურჭულაძის ბლოკში გაუგებარია, ვინ რატომ არის ამ სიაში.


 

- რომელ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შანსი, გადალახონ ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში?

 

- სიების მიხედვით და სხვა რესურსზე არ ვამბობ, „ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტი შანსი აქვს გამარჯვების, რადგან სათავეში არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და მეორე მხრივ ახალგაზრდა, ახალი სახეებით არის დაკომპლექტებული პარტია, რაც ამომრჩეველს იზიდავს.

 

- რამდენად სწორი იყო ცესკო-ს გადაწყვეტილება ზოგიერთი პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ?

 

- ეს იურიდიული საკითხია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით გაუგებარია, რატომ ეთქვათ მათ უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. რადგან თუ ქართულ პოლიტიკას რამე უჭირს, ეს პოლიტიკაში გამოუცდელობა და უცოდინრობაა, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსები, როგორებიც თოფაძე და მისი პარტნიორები არიან, პარლამენტის გარეთ რომ რჩებიან, სწორად არ მიმაჩნია.


- მოსალოდნელია თუ არა პროვოკაციები პარტიების მხრიდან?

 

- პროვოკაციები მხოლოდ ერთი პარტიიდან - „ნაციონალური მოძრაობიდან" არის მოსალოდნელი. ასევე გამორიცხული არ არის, გარკვეული სირთულეები „ლეიბორისტებმაც" შექმნან, რადგან ამ პარტიებს პირობა აქვთ დადებული, რომ თუ არ მოგვეწონება არჩევნების შედეგები, გავაპროტესტებთ და ჩვენს ხმებს ქუჩაში დავიცავთო. ე.ი. ისინი მიმართავენ ძალისმიერ მეთოდებს, თუ ამის ძალა ეყოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მათ ხალხის მხრიდან იმდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ ექნებათ, რომ ასეთი რამ მოახერხონ.


 

right_banner
არქივი
right_banner