logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: თითქოს ჩემი ცხოვრების ერთი დიდი გაკვეთილი იყო ის შეხვედრა...
- +

6 ივნისი. 2020. 13:00

 

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

„ბატონი არმაზ სანებლიძე და მე ოჯახურ სადილზე დაგვპატიჟეს. ბატონ არმაზს ასეთი სადილები მოსწონდა და მეც თან მიახლებდა ხოლმე. თურმე როგორ მანებივრებდა და, იმავდროულად, არ მომერიდება ამ სიტყვისა, - მზრდიდა.

 

 

ბატონი თედო ჯაფარიძე ჩვენზე ადრე მისულიყო. სხვებს არ ვიცნობდი. ძალიან ვიწრო წრე შეიკრიბა.

 

 

ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილი გვმასპინძლობდა, რომელმაც მისთვის უცნობი ახალგაზრდა კაცი ისე მიმიღო, თითქოს ოჯახის დიდი ხნის ახლობელი ვიყავი. დანახვისთანავე შემიყვარდა.

 

 

ეს იყო უშუალობით გამორჩეული და, ამავდროულად, ერთმანეთის მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანების შეხვედრა.

 

 

იმ სამიოდე საათის განმავლობაში სუფრის წევრებს არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი არაკორექტული სიტყვა არ უთქვამთ. ეგ კი არა, როცა ვინმეს ახსენებდნენ, - იმასაც მხოლოდ კეთილხმოვანი სიტყვებით. იყო დახვეწილი იუმორი და მხოლოდ პოზიტივი. მხოლოდ პოზიტივი!

 

 

თავი საუკუნის წინანდელ არისტოკრატულ სადილზე მეგონა. აი, ისეთზე, წიგნებში რომ წაგვიკითხავს, ანდა ფილმებში გვინახავს.

 

 

ეს იყო საკუთარი ღირსების გრძნობით აღვსილი ადამიანების შეხვედრა. ხაზგასმული თავაზიანობა და კეთილგანწყობით გაჯერებული უშუალობა ისე მყარად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, რომ მაშინდელი დიალოგებისთვის ადგილი აღარ დარჩა.

 

 

იცით, როგორ არის: ვიღაც რაღაცას რომ გეტყვის და სიტყვები აღარ გახსოვს, მაგრამ არასოდეს გტოვებს ემოცია, რომელიც ამ სიტყვების მოსმენისას განიცადე.

 

 

იმდენად მოვინუსხე ამ განათლებული ადამიანების საუბრის კულტურით და ურთიერთპატივისცემით, რომ ეს ემოცია ოცი წლის შემდეგაც ჩემთან არის.

 

 

თითქოს ჩემი ცხოვრების ერთი დიდი გაკვეთილი იყო ის შეხვედრა.

 

 

აი, ხომ აღარ მინახავს, მაგრამ ახლაც მახსოვს ქალბატონ მზაღოსთან პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შეხვედრა და ეს საოცრად მომხიბვლელი ქალბატონი,“ - წერს ბონდო მძინარაშვილი

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner