logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რაიმეს გაკეთების სურვილი რომ გქონოდათ, 9 წელი ბიუჯეტი ხელში გეკავათ
- +

14 აგვისტო. 2020. 00:55

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს – დავით ბაქრაძეს სოციალური ქსელით ვრცელი წერილით მიმართავს.

 

„ვრცელი პასუხი ბატონ დ. ბაქრაძეს!

 

ვეტერანების თემით სპეკულირებას ცდილობთ, მას შემდეგ, როცა ხელისუფლებაში ყოფნისას, მათ ყველაფერი წაართვით, დაარბიეთ და გარიყეთ. მივყვეთ თანმიმდევრობით.

 

ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოვუწოდებდი პარტიებს, დააფასეთ ამომრჩეველი, შეეშვით იაფფასიან პოპულიზმს, წარმოადგინეთ პროგრამები და აწარმოეთ კვალიფიციური დებატები. თქვენ მაშინაც თავი დაგვამახსოვრეთ 400 ლარიანი პენსიების დაპირებით, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის კომპეტენციაში ეს არ შედის და პენსიების მომატება ერთი თეთრითაც კი არ შეუძლია.

 

წლევანდელ არჩევნებზე კი ომების ვეტერანები გაგახსენდათ.

 

რა სინდისით ეხებით ვეტერანების დახმარების თემას?

 

მოდით, გავიხსენოთ, როგორ მოექეცით ომების, თავდაცვის ძალების ვეტერანებს და ოფიცრებს.

 

ეს ყბადაღებული 22 ლარი 2005 თუ 2007 წელს დააწესა თქვენმა ხელისუფლებამ, ანუ თქვენ მოახდინეთ კომუნალური გადასახადების მონეტიზაცია. რატომ გააკეთეთ ეს, თუ ასე ზრუნავდით ვეტერანებზე?

 

მანამდე ვეტერანები უფასოდ იღებდნენ ელექტროენერგიას 250 კვტ-მდე ზამთარში, 150 კვტ-მდე ზაფხულში, იღებდნენ, თუ სწორად მახსოვს, 200 კუბ/მეტრ გაზს, ასევე ტელეფონი, დასუფთავება, წყლის გადასახადი.

 

თქვენ აიღეთ, ეს ყველაფერი გააუქმეთ და მათ ნაცვლად დააწესეთ 22 ლარიანი სუბსიდია. რატომ მოახდინეთ შეღავათების ფულად განზომილებაში გადაყვანა? ამით ხომ დააზარალეთ ვეტერანები?

 

ეს არ იკმარეთ და 2009 წლის 4 ნოემბერს გამოეცით მთავრობის არაკონსტიტუციური განკარგულება, რომლის თანახმადაც პირი, რომელმაც ამ უსამართლო განკარგულების გამოცემამდე არ გააფორმა ვეტერანის საბუთი, 22 ლარიან სუბსიდიას ვეღარ მიიღებდა.

 

ასევე გაუუქმეთ სუბსიდიები პირებს, რომლებმაც სამუშაო დაიწყეს ან გასამართლდნენ.

 

2004-2008 წლებში თავდაცვის ძალებიდან მოახდინეთ ოფიცერთა მასობრივი წმენდა. ამ წლებში, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ომისკენ მიექანებოდა, ნამდვილი დივერსია მოაწყვეთ და 9 ათასამდე ოფიცერი(!) დაითხოვეთ.

 

ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ ეს ფაქტი იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, მაგრამ ჩვენ ხომ ჩალა გვახურავს?!

 

როცა არაკვალიფიციურობის აღლუმია, ამ ციფრის კატასტროფულობას უბრალოდ ვერ აღვიქვამთ.

 

ოფიცრების მთელი დივიზია დაითხოვეთ და ომში 18-დღიანი რეზერვისტების იმედი გქონდათ.

 

ამ დანაშაულში ბრალი მიუძღვით იმ წლების თავდაცვის მინისტრებს და გენერალური შტაბის უფროსებს.

 

2008 წლის ომის შემდეგ, თქვენ თქვენი ომის ვეტერანები გყავდათ. 90-ანების დასაწყისის ომების ვეტერანები უბრალოდ დაივიწყეთ. თუმცა, 2009 წლის განკარგულებით აგვისტოს ომის ვეტერანებიც დაზარალდნენ.

 

2011 წელს, 3 იანვარს მოშიმშილე ვეტერანები დაარბიეთ. მათთან გასაუბრება არც კი გიცდიათ. 10 მათგანი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაზარალებულად სცნო და სახელმწიფოს კომპენსაციების გადახდა დააკისრა.

 

2006 წელს შეამცირეთ ოფიცერთა პენსიები. 2005 წელს თანამდებობებიდან გათავისუფლებული ოფიცრები მანამ არ დაითხოვეთ, სანამ ახალი საპენსიო კანონი არ მიიღეთ და შემდეგ 120-ლარიანი პენსიებით გაყარეთ ჯარიდან.

 

გააუქმეთ თბილისში, ისანში არსებული თანამედროვე სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც სრულიად მავნებლურად, პირდაპირ შესაძლო საბრძოლო მოქმედებების ზონის პირას, გორში გადაიტანეთ.

 

არ ვიცი რა გამოძრავებდათ, ალბათ ისნის ძვირადღირებული ტერიტორია, ნაძვნარი, რომელიც გაიჩეხა.

 

ფაქტი ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებით, თბილისში მცხოვრები 32 ათასი ვეტერანი სამედიცინო მომსახურების გარეშე დატოვეთ.

 

ვრცელი სიაა და კარგს, ვეტერანებთან მიმართებაში, ვერაფერს ვიხსენებ.

 

მთავარი ისაა, რის გამოც ვწერ ამ წერილს, იცით 5%-საც ვერ აიღებთ არჩევნებზე და, შესაბამისად, ვერცერთ დანაპირებს შეასრულებთ, უბრალოდ, ვეტერანების მრავალათასიანი ამომრჩევლის ხმები მოგინდათ. მესმის.

 

ახლა გავიხსენით, რა გაკეთდა თქვენს შემდეგ, რაც სულაც არაა საკმარისი და ვეტერანთა ყველა პრობლემას ვერ აგვარებს, მაგრამ ზემოთ აღწერილი დამოკიდებულებისგან კარდინალურად განსხვავდება.

 

ომებში დაღუპულთა ოჯახები 2014 წლიდან 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან 1000 ლარს იღებენ. ასეთი 4 ათასი ოჯახია, რაც თვეში 4 მლნ, ხოლო წელიწადში 48 მლნ ლარს შეადგენს.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით თუ სხვა მოქალაქეს 70% უფინანსდება, სახელმწიფო ვეტერანებს 100% მკურნალობას, მათ შორის გეგმიურ მომსახურებას უფინანსებს. ჯამში, ვეტერანებისათვის დაზღვევის ბიუჯეტი 18 მლნ ლარს შეადგენს.

 

2019 წელს გაუქმდა 2009 წლის უსამართლო განკარგულება.

 

2012 წლიდან ახალი სოციალური პაკეტი დაემატა და ვეტერანები იღებენ ინვალიდობის პენსიას 134-დან 323 ლარამდე, კატეგორიების მიხედვით.

 

სატრანსპორტო შეღავათებს დაემატა მიკროავტობუსებით დღეში არაუმეტეს ოყხჯერ მგზავრობა 50%-იანი შეღავათით.

 

ვეტერანებისთვის თბილისში მალე ახალი ჰოსპიტალი გაიხსნება, უკვე სამედიცინო აღჭურვილობის მონტაჟი მიმდინარეობს.

 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ყოველთვიურად გაიცემა სოციალური დახმარება 180 ლარის ოდენობით.

 

პანდემიის პირობებში შშმ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის გაიზარდა სოციალური პაკეტის და სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 100 ლარის ფარგლებში.

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და მათი შვილები.

 

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ენიჭებათ დამატებითი ქულები; შემუშავებულია დევნილ ვეტერანთა საცხოვრისით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა.

 

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას.

 

მუნიციპალურ პროგრამებში შევიდა ცვლილება და დამკვიდრდა კრიტერიუმი „ომის ვეტერანი“. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარი.

 

საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ომის ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამები მიახლოებით 7 600 000 ლარი (ერთჯერადი მატერიალური დახმარება, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, სატრანსპორტო უზრუნველყოფა, საკურორტო უზრუნველყოფა, განათლების პროგრამა)

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის პროგრამა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს პროგრამის ბიუჯეტი იყო 1 200 000 ლარი, 2020 წელს კი 2 მლნ-მდე გაიზარდა.

 

ჯამში; ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება დაახლოებით 76 მლნ ლარი.

 

სხვა პრობლემებზეც მუშაობენ.

 

ეს ყველაფერი ასე დეტალურად იმიტომ აღვწერე, რომ დაგანახოთ რამდენად ზედაპირულად უდგებიან პოლიტიკოსები და 22-ლარიანი დახმარების, უფრო სწორად, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მათივე შემოღებული სუბსიდიის იქეთ, ვერ იხედებიან.

 

უბრალოდ რომ გაეჟღერებინათ, ვეტერანებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთო და ბატონ ბაქრაძეს თავისივე გაუარესებული პაკეტი არ ეხსენებინა, ამდენ დროს არ დავუთმობდი.

 

მოკლედ, ყველა დაპირებას ბიუჯეტზე და ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული პროგრამა მოაყოლეთ. ზეპირი, პოპულისტური განცხადებები, დაპირებები არ მიიღება.

 

ვეტერანებს კი შეეშვით. რაიმეს გაკეთების სურვილი რომ გქონოდათ, 9 წელი ბიუჯეტი ხელში გეკავათ“, – წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner