logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ეს ბრალდება აღიარეს ბანკის აქციონერებმა და შეწყვიტეს სასამართლო დავა
- +

21 თებერვალი. 2019. 16:44

 

 

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „თიბისი ბანკის“ საკითხს თავის facebook-გვერდზე ეხმაურება.

 

„თქვენ გგონიათ, მამუკა ხაზარაძე თავისით გადადგა? ფილმებში მაინც ხომ გვინახავს, როგორ ახდენს აქციონერთა საბჭო გენერალური დირექტორის არჩევას ან გადაყენებას?

 

თუ იმ ინფორმაციას დავეყრდნობით, რომ აქციონერთა საბჭომ შეწყვიტა სასამართლო დავა, აქ ყველაფერი გასაგებია, - საბჭომვე გამოუცხადა მმართველობას, დაეტოვებინათ პოსტები.

 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ J.P. Morgan-ს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD, ის იბიარდია) და სხვა აქციონერებს, რომლებიც „თიბისის“ აქციების ძირითადი მფლობელები არიან, თბილისიდან ვინმე ჩიტს აუფრენს, ძალიან ეშლებათ.

 

მხოლოდ JPMorgan Chase & Co.-ის შესახებ დავწერ ძალიან მოკლედ. ამერიკული საფინანსო ჰოლდინგია, რომელიც რამდენიმე მსხვილი ამერიკული ბანკის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.

 

JPMorgan-ის მოგებამ 2017 წელს 24 მლრდ დოლარი შეადგინა. ბრუნვა 100 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო აქტივები 2,5 ტრილიონი დოლარია.

 

ხვდებით, რა რესურსები აქვს „თიბისის“ მხოლოდ ერთ აქციონერს? თუ დანარჩენ აქციონერებსა და მათ ფინანსურ რესურსებს ერთად წარმოვიდგენთ, საქართველო კი არა, ცოტა უფრო ძლიერი სახელმწიფო ან რომელიმე მსხვილი ბიზნესმენი ათასჯერ დაფიქრდება, დაუპირისპირდეს თუ არა ასეთ ფინანსურ მონსტრებს.

 

ქვემოთ დავწერ, რას ედავებიან „თიბისი ბანკს“. ეს ბრალდება აღიარეს ბანკის ზემოხსენებულმა აქციონერებმა და შეწყვიტეს სასამართლო დავა. ასეთი ტრანზაქციები ყველაზე მეტად ურტყამს ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაციას. ამიტომაც არ დაელოდნენ სებ-ის მიერ მოთხოვნილ 2-თვიან ვადას.

 

აქ, მგონი, არაფერია გაუგებარი.

 

ისმის კითხვა, რატომ მოხდა ეს ახლა, ანუ შარშან გაზაფხულზე და არა 10 წლის წინათ?!

 

როგორც ირკვევა, „თიბისის“ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებამდე დაიწყო ამ უკანონო ტრანზაქციების გამოძიება, თუმცა მაშინდელმა სებ-მა ზომები არ გაატარა. შესაბამისად, გამორიცხული არაა, კითხვები სებ-ის ძველ ხელმძღვანელობასაც დაუსვან.

 

გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნით 2018 წლის მაისში დაიწყო. ამ თარიღიდან გამომდინარე, მნიშვნელობას კარგავს, ვინ ვის დაუჭირა მხარი შემოდგომით საპრეზიდენტო არჩევნებზე, ან ვინ ვის რა ლექციები ჩაუტარა.

 

რაც შეეხება პროგრესთან ბრძოლას, ეს ბანკებია, რომლებიც წლების განმავლობაში მართლა ებრძვიან პროგრესს კაბალური საპროცენტო განაკვეთებით, ბუნდოვანი სქემებით ქონებების და ბიზნესების „ახევის“ მიზნით, ლარის კურსის სპეკულაციებით.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ ძიების მიმდინარეობაზე და პროცესები გამჭვირვალედ ჩატარდეს. თუმცა, ბანკის რეპუტაციის დასაცავად მისი აქციონერებიც დადგებიან და დიდად გარჯა არ მოგვიწევს.

 

რაც შეეხება ანაკლიის პორტის საკითხს, ის არაა რომელიმე ერთი ბიზნესმენის პროექტი. ანაკლიის პროექტი წინა ხელისუფლებამ დაიწყო, მოქმედი აგრძელებს და გააგრძელებს შემდეგიც.

 

ესაა მოკლედ, რასაც ვფიქრობ ამ სკანდალის შესახებ. დანარჩენი ლირიკაა.

 

რაც შეეხება ბანკის დანაკარგებს, როგორც დავარდა აქციების ღირებულება, ისევე მოიმატებს და ძალიან მოკლე ვადებში აინაზღაურებენ.

 

არ მიხარია ვინმეს ცუდი, მით უმეტეს წარმატებული ბიზნესმენების, რადგან მსხვილი და საშუალო ბიზნესის განვითარებაა სახელმწიფოს ეკონომიკის სიმტკიცის საფუძველი. არ დაიკარგებიან ბანკის ყოფილი ხელმძღვანელები, მრავალმილიონიანი ხელფასებითა და 20%-იანი აქციებით, იმათგან განსხვავებით, რომლებმაც ბიზნესები და ბინები დაკარგეს, რადგან წლიური 36%-ით ბიზნესს ვერ გააკეთებ და შეიძლება გაკოტრდე კიდეც.

 

ქვემოთ კი სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გთავაზობთ, საიდანაც გაიგებთ, რას ედავებიან ბანკს. თუ ეს ასე იყო, რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოხდა? აქ შეიძლება მეტი ეჭვი დაიბადოს, ხომ არ იყო ბანკის გაკოტრების მცდელობა?! ვისაც ახსოვს, 2008-09 წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო და გაზაფხულზე უკვე შეინიშნებოდა კრიზისის დასაწყისი.

 

რას ედავებიან?

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა „თიბისი ბანკისგან“ სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, $17 მლნ-მდე სესხი მიიღეს. თანხის ჩარიცხვისთანავე ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, „თიბისის“ გასესხებული თანხა თავად ისესხეს წერეთლის კომპანიებიდან.

 

2008 წლის ბოლოს „თიბისი ბანკმა“ წერეთლის კომპანიებზე გაცემული სესხები საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. ხოლო 2012 წელს, ისე რომ წერეთლის კომპანიებს ვალი არ გადაუხდიათ, ჩანაცვლდნენ ოფშორში რეგისტრირებული სხვა კომპანიით. „სამგორი თრეიდს“ და „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ არც სესხის მომსახურების თანხა გადაუხდიათ და არც ვალი დაუბრუნებიათ ბანკისთვის. პროკურატურის განცხადებით, არც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გაუსტუმრებიათ „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ვალი.

 

P.S. ვისაც „თიბისის“ რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი“ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ „TBC Bank Group PLC“ („თიბისი ბანკის“ 100%-იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებს. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner