logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მათ არ მოეწონებოდათ შს მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ, რომელიც მწვავე კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხებს სცემდა
- +

12 ივლისი. 2019. 16:15

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ტვ პირველის“ გუშინდელ ეთერში გიორგი გახარიას სტუმრობას ეხმაურება და აცხადებს, რომ შს მინისტრი მწვავე კითხვებზე გულწრფელ და არგუმენტირებულ პასუხებს სცემდა.

 

მისი თქმით, ერთ მხარეს არის სახელმწიფოს ინტერესები, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება, მეორე მხარეს კი ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების აღვირახსნილი მცდელობა.

 

„ფაქტია, რომ 20-21 ივნისის ღამეს პირველად მოხდა, რომ აქციის მონაწილეებმა განახორციელეს ძალადობა სამართალდამცველების მიმართ; ფაქტია, რომ გასტაცეს აღჭურვილობა, რიგებიდან გაიტაცეს პოლიციის 30 თანამშრომელი და თითოეული მათგანი იყო ნაცემი; ფაქტია, რომ პოლიციელების მიერ მომიტინგეებისთვის დარიგებული წყლის საპასუხოდ, პროვოკატორებმა სამართალდამცველების მიმართ დაიწყეს ბოთლებისა და ქვების სროლა; ფაქტია, რომ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა წამოაყენეს ულტიმატუმი, რაც პარლამენტში შეჭრაში გამოიხატებოდა და შემდეგ სცადეს ამ ულტიმატუმის სისრულეში მოყვანა; ფაქტია, რომ შემდეგ, ისინი აპრილის თოვლივით გაქრნენ რუსთაველის გამზირიდან და ფაქტია, რომ დღემდე არც ერთ ეპიზოდზე არ აუღიათ პასუხისმგებლობა.

 

ცხადია, მათ არ მოეწონებოდათ შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ, რომელიც ყველაზე მწვავე კითხვებზე, ორი საათის მანძილზე, გულწრფელ და არგუმენტირებულ პასუხებს სცემდა, რადგან ერთ მხარეს არის სახელმწიფოს ინტერესები, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება, მეორე მხარეს კი ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების აღვირახსნილი მცდელობა.

 

გარდა ამისა, ერთი მთავარი სხვაობა, რომელიც ჩვენ შორის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას არსებობს, არის ის, რომ იქვე ვამბობთ სამართალდამცელების მხრიდან ნებისმიერ გადაცდომაზე იქნება შესაბამისი და სამართლებრივი რეაგირება და ეს პროცესი, სახალხო დამცველის ჩართულობით, დაწყებულია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ისევ გაურბის პასუხისმგებლობის აღებას და ყველაზე უზნეო მეთოდებით ცდილობს პოლიტიკური დღის წესრიგის დაკმაყოფილებას.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შს მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობიდან წასვლა ნიშნავს პასუხისმგებლობიდან გაქცევას და რომ სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა ხშირად გვაყენებს მძიმე არჩევანის წინაშეც, კერძოდ - უკანონობასთან კომპრომისსა და მასზე მძიმე პასუხის გაცემას შორის. ამ დროს, კი სწორი არჩევანის გაკეთება ჩვენი ვალდებულებაა.

 

დღეს ჩვენი ქვეყნის მტრების მიზანია, დაისაჯონ პოლიციელები, ვინც არ დაუშვეს დესტაბილიზაცია, პარლამენტზე შტურმი, ძალადობა და არა ის, ვინც ამ ძალადობას და შტურმს აორგანიზებდა და ახორციელებდა, ამიტომ პოლიციის დელეგიტიმაციის ნებისმიერი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც არ დაუშვებს ჩვენი სახელმწიფო და ქართველი საზოგადოება“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner