logo_geo
eng_logo
პარლამენტის აპარატის ინიციატივებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსებმა მხარი დაუჭირეს
- +

10 სექტემბერი. 2019. 16:43

 

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ინიციატივით, შავი ზღვის აუზის NATO-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და ბულგარეთის პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით მეორე დღეა მიმდინარეობს.

 

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის აუზის NATO-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები ხვდებიან ერთმანეთს, რაც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ქოლგის ქვეშ ხორციელდება. აღნიშნული მიუთითებს NATO-ს მზარდ ინტერესზე შავი ზღვის რეგიონთან თანამშრომლობის გააქტიურებით. ამ პროცესში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა უკვე როგორც აპარატის ადმინისტრაციის მხრიდან, გვაძლევს დამატებით შესაძლებლობებს, რომ წარმოვაჩინოთ რეფორმები, შესაძლებლობები და პოტენციალი, რომელიც საქართველოს პარლამენტში არსებობს და რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ რეგიონის მასშტაბით პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.

 

დღეს გამართულ დახურულ სესიას, რომელსაც მოდერაციას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დეივიდ ჰობსი უწევდა, რეგიონალურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს, სადაც პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებში განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

სამუშაო შეხვედრის ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ოთხი პუნქტისგან შემდგარი  წინადადებების პაკეტი წარადგინა, რომლებიც ყველა მონაწილე ქვეყნის მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.

 

ოთხი პარტნიორი ქვეყნის აპარატის წარმომადგენელთაგან შემდგარ დელეგაციას საქართველოს პარლამენტი დეკემბერში, სამდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლებს. გივი მიქანაძის განმარტებით, ორი დღის განმავლობაში განხორციელდება პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ასევე, აპარატში მიმდინარე რეფორმების და კონკრეტული აქტივობების გაცნობა, რაც დაკავშირებულია ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით არსებულ მიღწევებთან, პარლამენტის სასწავლო ცენტრში დანერგილ ნოვაციებთან და  იმ დროისთვის უკვე გახსნილ მოქალაქეთა ჩართულობის ახალ ცენტრთან. მისივე თქმით, ერთი დღე დაეთმობა მთავრობის ფორმატში მოქმედი იმ სტრუქტურული ერთეულების წარმატებული საქმიანობის გაცნობას, რომლებიც ფუნქციონირებენ პარლამენტში მიღებული ნოვატორული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ფორმატში.

 

„ამ კუთხით, ჩვენ ვგეგმავთ რომ ვაჩვენოთ იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

 

ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ქართული მხარის ინიციატივა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტების ჩართულობით, შავი ზღვის რეგიონის აკადემიის შექმნის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები. აკადემიას 2020 წლის მაისში,  პირველად საქართველო უმასპინძლებს.

 

ქვეყნებს შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, სექტემბრის ბოლომდე თითოეული ქვეყნის პარლამენტის აპარატში, იდენტიფიცირებული იქნება ერთი კონკრეტული თანამშრომელი, ვინც პასუხისმგებელი იქნება რეგიონალურ თანამშრომლობაზე, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო დაახლოებს ამ ქვეყნებს და გაზრდის კოორდინაციის დონეს.

 

შეხვედრისას, ასევე გადაწყდა, რომ წელიწადში ერთხელ, ყოველი წლის სექტემბერში, აპარატის უფროსების დონეზე განხორციელდება შეხვედრა, რომლის ფორმატშიც აპარატის უფროსები რეგიონული აქტივობების შედეგებსა და ხარისხს შეაფასებენ და მომავალი წლის აქტივობებს დაგეგმავენ, გაუზიარებენ ერთმანეთს იმ ნოვაციებს, რომლებიც წლის განმავლობაში პარლამენტებში განხორციელდება. გადაწყდა, რომ 2020 წლის სექტემბერში, ამგვარ შეხვედრას ბულგარეთის პარლამენტი უმასპინძლებს.

 

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სასწავლო ცენტრი მოინახულეს და საკანონმდებლო ორგანო დაათვალიერეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner