logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: არანაირი მუქარა, მათ შორის მირზა სუბელიანისგან, არ მახსოვს
- +

18 ოქტომბერი. 2018. 15:39

 

 

„ადვილი შესაშინებელი არ ვარ და რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

 

კახიშვილი გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ კახიშვილის და ჟურნალისტ ლალი მოროშკინას საუბრის ფარული ჩანაწერი აქვს.

 

„მე მგონი, ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? - არალოგიკურია ეს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

რაც შეეხება კომპრომატებს, რომელიც შესაძლოა, მის წინააღმდეგ არსებობდეს, კახიშვილი პასუხობს, რომ „კომპრომატის არსებობა მაშინ დგინდება, როცა ესა თუ ის პირი უცებ გაჩუმდება“.

 

„ჩემი გაჩუმება არავის გახსოვთ. არც იმ წლებში, როცა ვიყავი ექსპერტი, მე არ მახსოვს არასდროს, არც პირდაპირი და არც ირიბი მუქარა. არანაირი მუქარა, მათ შორის მირზა სუბელიანისგან, არ მახსოვს. კომუნიკაციაც კი არ ყოფილა ამა თუ იმ თემაზე მასთან“, - აღნიშნა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner