logo_geo
eng_logo
მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის დროს 6 თვით გაუხანგრძლივებს
- +

12 ივნისი. 2019. 12:59

 

„მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადას 6 თვით გაუხანგრძლივებს“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვადების გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა.

 

როგორც საქართველოს „პირველ არხს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუცხადეს, ვინაიდან რვაპუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება, ვადის გახანგრძლივების საკითხი ავტომატურად დადგა.

 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ ძირითადად შესათანხმებელი რჩება ერთი პუნქტი, რომელიც ტვირთბრუნვაზე გარანტიებს უკავშირდება. ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებისთვის რვაპუნქტიანი მოთხოვნა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა დააყენეს.

 

ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner