logo_geo
eng_logo
ხატია მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტი ვერ შევა „რუსთავი 2“-ის საქმეზე კომერციული დავის საკითხების გარჩევაში
- +

23 ივლისი. 2019. 16:53

 

 

„პრეზიდენტი ვერ შევა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ვერც სამართლებრივი ნიუანსების და ვერც კომერციული დავის საკითხების გარჩევაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ აღნიშნა პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს.

 

„საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხს გამოეხმაურა, მე ვგულისხმობ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ უნდა იყოს დაცული, არის და იქნება დაცული, მას სჯერა, რომ ასე იქნება მუდმივად.

 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს მიმართ გამოტანილი უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რითაც ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საკითხთან მიმართებაში საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა. სალომე ზურაბიშვილის აზრით, თუ ჩვენ გვსურს ევროპასთან მეტი სიახლოვე და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ევროპისკენ, ასევე ევროპული ღირებულებებისკენ. შესაბამისად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ ითხოვეს მისგან განმარტება, რას ნიშნავდა პრეზიდენტის მხრიდან განცხადება -„არ მაინტერესებს“.

 

„მე კიდევ ერთხელ აქ განვმარტე, რა მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებას და გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, რაოდენ მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ამის იქეთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტი ვერ შევა ვერც სამართლებრივი ნიუანსების და ვერც კომერციული დავის საკითხების გარჩევაში“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ არა მხოლოდ კომერციულ დავაზეა საუბარი, არამედ – ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

 

„აქ არის საუბარი გადაწყვეტილებაზე – ერთი მხრივ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ გვინდა მეტი ევროპა საქართველოში და საქართველოს გზა არის ევროპისკენ, ამას ვაღიარებთ და მივესალმებით. ჩვენ უნდა გავიზიაროთ ევროპული ფასეულობები და პატივი უნდა ვცეთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ამ შემთხვევაში ევროპულმა სასამართლომ და რომლითაც დადასტურდა საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ საკითხთან მიმართებაში მიუკერძოებლობა, ეს ერთი. მეორე – კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც არაერთხელ აღუნიშნავს საქართველოს პრეზიდენტს, ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება რომ იყოს დაცული. ეს არის აქ ძირითადი საკითხები, რაზეც შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტი აკეთებდეს კომენტარს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

ამასთან, მან დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილს სჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში არის და იქნება დაცული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner