logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის
- +

12 აგვისტო. 2019. 11:25

 

11 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის საცურაო აუზზე მიმდინარე 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო - რუმინეთის ნაკრებების მატჩს დაესწრნენ, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გულშემატკივარს და ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც სოსო მაისურაძე წვრთნის, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რუმინელები 12:10 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა უპირატესობას და მეორე პერიოდში 4 ბურთითაც იგებდა, თუმცა სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს და თამაშის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, მაგრამ უშედეგოდ, ბოლო წამებზე ახვლედიანმა გადამწყვეტი, გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

დღეს, საქათველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება, რომელიც გაცილებით ძლიერი ნაკრებია - ჩვენს გუნდს რთული შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

 

ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის უძლიერესი 16 ნაკრები 18 აგვისტოს ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბ-ჯგუფში არიან  - მონტენეგრო, სლოვაკეთი და რუმინეთი.

 

„მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, წყალბურთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს, მართლაც ძალიან კარგი დღე იყო, არაჩვეულებრივი მატჩი გვაჩუქეს ახალგაზრდებმა.  პირველ რიგში, მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვება, მადლობა გადავუხადო და  მომავალი წარმატებები ვუსურვო!

 

დღეს, ერთმანეთისგან ორმოცდაათი მეტრის დაშორებით, ევროპის  ორი ჩემპიონატი მიმდინარეობს, ერთ დარბაზში ქართველებმა მოკრივეებმა სკოლის მოსწავლეებს შორის 15 მედალი აიღეს, მათ შორის 7 ოქრო და ეს უზარმაზარი მიღწევაა. ჩვენ გვჯერა, რომ წლევანდელი წელი წარმატებით გაგრძელდება და საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს  კიდევ მეტი გამარჯვება ელის“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 4-11 აგვისტოს, დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე გაიმართა კრივის ევროპის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 15 მედალი მოიპოვა - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

 

11-18 აგვისტო; ოლიმპიური აუზი; 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი

 

A ჯგუფი: რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა

B ჯგუფი: მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი

C ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია

D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია,გერმანია, საფრანგეთი

 

11 აგვისტო

19:00 GEO-ROU/საქართველო-რუმინეთი 12:10

 

12 აგვისტო

19:00 MNE-GEO/მონტენეგრო-საქართველო

 

13 აგვისტო

19:00 GEO-GRE/საქართველო-საბერძნეთი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner