logo_geo
eng_logo
„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა
- +

9 ნოემბერი. 2019. 11:57

 

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე  შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.

 

შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსს“ დააკისრა პირგასამტეხლო.

 

ამასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასება, რის გამოც  კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე.

 

შპს „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში.

 

თავის მხრივ, სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“  განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner