logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ნინო ქადაგიძეს ვნახავ, ავუხსნი ყველაფერს და რაც შემიძლია, მხარს დავუჭერ, მეცოდება
- +

5 აგვისტო. 2020. 11:38

 

 

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მეუღლესთან, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასთან შეხვედრას აპირებს.

 

როგორც თოფაძე ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, ნინო ქადაგიძეს „როგორც შეეძლება, მხარს დაუჭერს“. მისივე თქმით, რადგან მისი შვილიშვილი უკეთაა, „სიფიცხემ გაუარა“.

 

„ქალბატონმა ნინომ დამირეკა, მას რას ვერჩი... იმ დროს პოლიციაში ვიყავი და ჩემი დაკითხვა მიდიოდა. ვუთხარი, საღამოს დამირეკეთ, სახლში ვიქნები-მეთქი, ვიცნობ ამ ქალბატონს, რა უნდა ვუთხრა, რა უნდა ვქნა? პოლიციაში ის ვთქვი, რაც იყო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასჯელის ზომის ასე აწევა ჩემი სურვილი არ ყოფილა, არ წავალ ამაზე თანახმა. მეგონა, ბავშვი კვდებოდა, გამწარებული ვიყავი და რა მოხდა და რატომ გადაწყვიტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრალი.

 

რა ვუქნა იმას, რაც ჩვენებაში მიწერია და რაზეც ორჯერ მომაწერინეს ხელი? პირველი 2 დღე გიჟად ვიყავი და ის დავწერე, რაც რეალურად ვიცოდი. ვიცნობ დედამისს, კარგი ქალია, ტირის, მაგრამ რა ვქნა? მე რაც პოლიციას ვუთხარი, ის არ ითვალისწინებს 15 წელს, მაქსიმუმ 3 თუ 4 წელს. ვნახავ იმ ქალბატონს, ავუხსნი ყველაფერს და რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება...

 

ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სადღაც მენახა, იქნება მომეკლა კიდეც, მაგრამ ახლა ლევანი უკეთესობისკენაა და სიფიცხემ გადამიარა. მთვრალი იყო ისიც, ჩემი შვილიშვილიც, იმას ის გოგო მოსწონდა, ჩემსას იმ ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ჟვანიას რა და როგორ მოეჩვენა, არ ვიცი. ყველანი, ვინც იქ იყვნენ, ლევანიკოს თანაკლასელები არიან, ის გოგონაც. შევხვდები დედამისს, დაველაპარაკები... რომ გავიგე 15 წელიო, შემეცოდა, კაცო, ის ბიჭი და დედამისი“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავის მხრივ, ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძემ გუშინ თოფაძეების ოჯახს მომხდარის გამო ბოდიში საჯაროდ მოუხადა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner