logo_geo
eng_logo
გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩვენი ინფორმაციით, გატაცებული ბიჭების მდგომარეობა ნორმალურია
- +

20 აგვისტო. 2019. 14:08

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული პირების ოჯახებს ესტუმრა და მათ გაესაუბრა. ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, გატაცებული ბიჭების მდგომარეობა ნორმალურია.

 

„ამ დროისთვის, რაიმე დამატებით, კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან იდგმება ყველა მის ხელთ არსებული ნაბიჯი და ხორციელდება ღონისძიებები, რომ დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანად დაბრუნება სახლებში.

 

ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ბიჭების მდგომარეობა არის ნორმალური და დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, არ ფლობენ ინფორმაციას, როდის გაიმართება დაკავებულთა ე.წ. სასამართლო პროცესი.

 

რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

 

ამასთან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი 18 აგვისტოსაც დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner