logo_geo
eng_logo
ლადო გუდიაშვილი იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა - „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ გაიხსნება
- +

21 დეკემბერი. 2016. 10:48



2016 წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება.


ამ თარიღთან დაკაშირებით, 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში კიდევ ერთი გამოფენა გაიხსნება - „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა". 


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილის მრავალფეროვანი შემოქმედების ერთი ასპექტი - მონუმენტური მხატვრობა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აისახა. 


გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა" წარმოადგენს ლადო გუდიაშვილის მიერ შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის, მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1917 წელს მოწყობილი ტაო-კლარჯეთისა და 1954 წელს, ბიჭვინთის V-VI საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა-გადარჩენის ექსპედიციის დროს (მხატვარ ოთარ სულავასთან ერთად) შესრულებულ ასლებს. ასევე,  თავად ლადო გუდიაშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული თუ განუხორციელებელი კედლის მოხატულობების ესკიზებსა და უნიკალურ ფოტომასალას. 


გამოფენა 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.


1916-1917 წლებში, სრულიად ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილი ჩაერთო საისტორიო-  საეთნოგრაფიო და ქართველ ხელოვანთა საზოგადოებების მიერ, ეროვნული კულტურის შესწავლა-გადარჩენის მიზნით მოწყობილ ექსპედიციებში და მათი დავალებით ასრულებდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ასლებს.


ამ დროიდან, ლადო გუდიაშვილი თავად ქმნიდა კედლის მხატვრობას ტფილისის მოდერნისტულ არტ-კაფეებსა და კლუბებში (მათ შორის, 1919 წელს ქართველ მწერალთა არტისტულ კაფე-კლუბ „ქიმერიონში"). ლადო გუდიაშვილს პარიზშიც და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ შეუწყვეტია მონუმენტურ მხატვრობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესი ნაწილი დაუდევრობისა თუ საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. თავდაპირველი სახით შემორჩა მხოლოდ 1946 წელს მოხატული ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის საკურთხეველი.




 

right_banner
არქივი
right_banner