logo_geo
eng_logo
„როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ"
- +

9 დეკემბერი. 2016. 03:22



გთავაზობთ ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის გამონათქვამებს:


„ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები..."

 

„ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამ ქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას. ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა დაავადებათა შორის."

 

„ძალიან ძალიან რომ გაგიჭირდება ადამიანებთან, მიდი მიწასთან ბარით და თოხით, გაუხსენი გული, იმას ელაპარაკე ის დაგიამებს სულის ტკივილს."

 

„ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ. დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც.."

 

„ხანდახან ვფიქრობ - დანაშაულს ხომ არ ჩავდივარ, შვილიშვილებს ტკბილად რომ ვექცევი-მეთქი. მერე გადავავლებ ჩემს ცხოვრებას თვალს, - სულ დაძაბულობა, სულ პასუხისმგებლობის ქვეშ კანკალი! მხოლოდ ბებიას ღიმილი, მისი სათნო დამოკიდებულება ყველაფრისადმი! და ისევ განვაგრძობ ჩემსას. მე რომ ბებიას გვერდით არ გამეტარებინა ჩემი ბავშვობის დღეები, რაღა დამრჩებოდა ლამაზი მოსაგონებელი, არ ვიცი.."

 

„როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ."

 

„ერიდე სილამაზეს, რომელსაც ყველა ამჩნევს და ყველას წინაშეა გამოფენილი. მას შენ არავინ დაგითმობს უტიფრობითა და სითავხედით აღსავსე ქვეყანაში. შენ იარე, ეძებე და თვითონ აღმოაჩინე-ასეთ სილამაზეს გემოც გაცილებით უკეთესი აქვს."

 

„თქვენ შეგიძლიათ თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის მიჩვეული და მომხვეჭელობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული, მაგრამ მე უფლებას არ მოგცემთ იგივე გაიმეოროთ ერზე, ქართველ ერზე. ხალხი ესაა, რასაც ახლა უყურებ, ერი კი სხვაა. ისაა მთლიანობა ხალხისა და დროისა, რომელიც საუკუნეებით იზომება მხოლოდ და მხოლოდ".


 

right_banner
არქივი
right_banner