logo_geo
eng_logo
„The Daily Beast“: ჰემინგუეი საბჭოთა აგენტი იყო, მაგრამ ამერიკელებს ამის გაგონებაც არ სურთ
- +

19 აგვისტო. 2017. 15:17



მართალია, ერნესტ ჰემინგუეის საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობის ფაქტი გამჟღავნდა, ამერიკელებს ეს მწერალი მაინც უყვართ და ლიტერატურულ კერპად თვლიან, - წერს ამერიკული გაზეთი „The Daily Beast". ჰემინგუეის ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს ვაშინგტონზე გავლენის მოხდენას და აშშ-ის ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს არამარტო ხმაურიან შპიონურ სკანდალებს, ასევე, ასეთ ჩრდილოვან აქტიურობასაც, წერს სტატიის ავტორი.


„ერთხელ, 1940-41 წლების ზამთარში ნიუ-იორკში საბჭოთა მზვერავმა იაკობ გოლოსმა თანამშრომლობაზე დაითანხმა ერნესტ ჰემინგუეი", - ასე იწყება „The Daily Beast"-ში გამოქვეყნებული სტატია. საბჭოთა დაზვერვის ყურადღება ჰემინგუეიმ ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როცა უკიდურესად მემარცხენე გაზეთ „ახალ მასებში" წერდა, შემდეგ კი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს კომუნისტებთან ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობდა. სწორედ ფაშიზმის სიძულვილი დაედო საფუძვლად მის რომანს „ვის უხმობს ზარი?"  და განაპირობა ჰემინგუეის თანხმობა „ენკავედესთან" თანამშრომლობაზე, წერს სტატიის ავტორი.


„რა უნდოდა  „ენკავედეს" ჰემინგუეისგან?" - კითხვას სვამს ჟურნალისტი. ის არ მუშაობდა მთავრობისთვის და ხელი არ მიუწვდებოდა სახელმწიფო საიდუმლოებებზე. საბჭოთა მზვერავები ხომ მაშინ ძირითადად ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და ტექნოლოგიებზე აგროვებდნენ ინფორმაციას. 1930-იანი წლებისთვის საბჭოთა კავშირს იმდენად გააფართოვა აგენტურული ქსელი აშშ-ში, რომ მისმა მზვერავებმა შეაღწიეს სახდეპარტამენტში, იუსტიციის სამინისტროში, ხაზინაში და, რა თქმა უნდა, თეთრ სახლში. სტატიის ავტორის თქმით, საბჭოთა მზვერავებმა ატომური ბომბის შექმნის გეგმაც კი მოიპარეს.


ამავე დროს სსრკ ცდილობდა გადაებირებინა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, რომელთა საშუალებითაც გავლენას მოახდენდა აშშ-ზე, თანაც მათ შეეძლოთ თავისუფლად ემოძრავათ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და საჭირო ცნობები მოეპოვებინათ, დროდადრო კი საბჭოეთზე დადებითი ინფორმაციაც გაევრცელებინათ.


სწორედ ჟურნალისტის ამპლუაში სჭირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას ჰემინგუეი, მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის მას უკვე იცნობდნენ, დაქორწინებული იყო ელეონორა რუზველტის ერთ-ერთ პროტეჟეზე, შემდეგ კი პრეზიდენტსა და პირველ ლედის ესტუმრნენ.


თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, „ენკავედესთან" თანამშრომლობაზე დათანხმებით ჰემინგუეის ამერიკული კანონები არ დაურღვევია. დიდი მწერალი დიდი მზვერავი ვერ გახდა, თუმცა, წლების განმავლობაში პროსაბჭოურ შეხედულებებს იზიარებდა, 1945 წლის შემდეგაც კი, როცა აშშ-ისა და სსრკ-ის ინტერესები კარდინალურად დაშორდნენ. ასე მაგალითად, ჰემინგუეი იზიარებდა პრეზიდენტობის კანდიდატ ჰენრი უოლესის მოსაზრებას, რომ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს გაცილებით ბევრი რამ აქვთ საერთო, ვიდრე განსხვავება და ამიტომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და ყურადღება არ მიაქციონ ბებერ ევროპას.


სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსული დაზვერვა სახელწოდების ცვლილების მიუხედავად 30-იანი წლებიდან აქტიურად ცდილობდა და ცდილობს აშშ-ზე გავლენის მოხდენას. ჰემინგუეის ისტორია აჩვენებს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო შპიონაჟისა და საქმეებში ჩარევის აშკარა შემთხვევებს, ასევე ჩრდილოვან ქმედებებს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამერიკის პოლიტიკაზე. აშშ-სა და სხვა ქვეყნების ინტერესები ზოგჯერ თანხვედრაშია, მაგრამ არასოდეს არის ერთნაირი, ამიტომ „არ შეიძლება ორი ბატონის მსახურება".


და ბოლოს, ჟურნალისტი აღიარებს, რომ ჰემინგუეის შემოქმედება ამერიკელებს ძველებურად უყვართ და  არ სურთ იმის ცოდნა, რომ მათი ლიტერატურული კერპი უცხო ძალასთან ფარულად თანამშრომლობდა.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner