logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: კახა კალაძის მერობის პერიოდში ავტობუსების პარკი სრულად შეიცვლება
- +

16 იანვარი. 2018. 01:02


 

„ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი მიმართულება მშენებლობის გეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობა იქნება", - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, რეფორმის დასრულების შემდეგ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სატრანსპორტო პოლიტიკის გამტარებელი იქნება.


„კონკრეტული მშენებლობა მოსახლის მიზიდულობას ქმნის და შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის ზრდას იწვევს, რასაც იქ არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა უძლებდეს. ამიტომ, ანალიზის გაკეთება წინასწარ უნდა მოხდეს, რათა შემდეგში, ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების პირობებში დისკომფორტი არ შეექმნათ.

 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოკლე და გრძელვადიან სატრანსპორტო პოლიტიკას შეიმუშავებს და შემდეგში, მის განხორციელებას მოახდენს.

 

თბილისს დაახლოებით, 668 ავტობუსი ემსახურება, საიდანაც 144 MAN-ის ავტობუსია. კახი კალაძის მერობის ოთხწლიან პერიოდში ავტობუსების პარკის ჩანაცვლება სრულად მოხდება და ამასთან, ავტობუსების ჯამური რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება, რადგან 670 ავტობუსი საკმარისი არ არის. კვლევების მიხედვით, დღევანდელი მონაცემებით, მინიმუმ, 900 ერთეულია საჭირო, რომ სატრანსპორტო მომსახურება სათანადოდ განხორციელდეს. ვგეგმავთ, პირველი ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდეს", - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.


ირაკლი ხმალაძემ მეტროსადგურების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე სადგურისთვის საჭირო თანხები 2018 წლის ბიუჯეტში დევს, რაც ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სადგურების რეაბილიტაციას მოხმარდება.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner