logo_geo
eng_logo
სოფიო კილაძე: ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე თუ ოჯახისგან ემუქრება, მისი დაცვა სახელმწიფომ უნდა იტვირთოს
- +

25 იანვარი. 2019. 23:51

 

 

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ როდესაც ბავშვის დაცვის ფუნქციას ოჯახი ვერ ასრულებს, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„მაშინ როდესაც ბავშვს სიცოცხლის ხელყოფა ოჯახისგან ემუქრება, მისი დაცვის ტვირთი სახელმწიფომ უნდა აიღოს. ამაში ორი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა კილაძემ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმის გამოძიების პირველადი შედეგები, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან, საქმის დეტალები იცის, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე მისი გაჟღერებისგან თავს შეიკავებს.

 

„საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას. თუმცა ამ საქმეზე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი სუბიექტური შეხედულება“, – განაცხადა კილაძემ.

 

შეკითხვაზე, რას მიიჩნევს მთავარ პრობლემად, რამაც ასეთი მძიმე შედეგი გამოიწვია და რატომ ვერ მოხერხდა ბავშვის დაცვა, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ფაქტია, არსებობს კონკრეტული პირი, რომლის ბრალის გამოც ეს ტრაგედია მოხდა და შეიძლება, იყოს რამდენიმე პირიც.

 

„ეს ძალიან ფაქიზად მისადგომი საქმეა, რადგან მე ახლა, ბუნებრივია, პირდაპირ ვერავის დავადებ ხელს. პირველ რიგში, უნდა დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ აქ შეიძლება, ასევე ვისაუბროთ სისტემურ გამოწვევებზეც“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×