logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს
- +

8 მარტი. 2016. 18:45



„თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელის დაკავების ფაქტს მიესალმება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული საქმის გამოსაძიებლად ძალისხმევას არ იშურებს. აქვე ცაგარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შსს უმოკლეს დროში მეორე თავდამსხმელის კვალზეც გავა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გია ცაგარეიშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა.


- ბატონო გია შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელი ერთი პიროვნება უკვე დააკავა. თქვენთვის თუ არის ცნობილი ამ პიროვნების შესახებ რაიმე ინფორმაცია და ხომ არ იცით, რა აკავშირებს პეტრიაშვილს დაკავებულთან? ასევე ხომ არ ვრცელდება ინფორმაცია მოტივის შესახებ?


- არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვფლობთ ინფორმაციას არც ამ პიროვნებაზე და არც მოტივზე. მივესალმები იმ ძალისხმევას, რაც შსს-მ გასწია ამ პიროვნების დაკავებისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ამ საქმის გამოძიების გზაზე. ვიცით, რომ საბურთალოს სასაფლაოზე დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ორი პიროვნება. ერთი მათგანი დაკავებულია. მეორე იძებნება. იმედს ვიტოვებ, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ მეორე ძებნილიც უსწრაფესად ამხილონ და დააკავონ. ამის შემდეგ, უკვე ვფიქრობ, რომ შსს-ს და პროკურატურას მიეცემათ კანონით დადგენილი ყველა საშუალება, რომ გამოაშკარავდეს დანაშაულის მოტივი. ვფიქრობ, რომ მოტივის დადგენა ამ ეტაპზეც შესაძლებელია, როდესაც ერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია.


მოხდა ძალიან საგანგაშო ფაქტი, ასე ცინიკურად და დაუფარავად. ეს არის სრულიად საზოგადოების გამოწვევა და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ეს იქნება ძალიან ცუდი მაგალითი ბევრი კრიმინალისთვის.


შსს-სთან გვქონდა შეთანხმება, რომ არ მოხდებოდა საქმის პოლიტიზირება და ჩვენ ამას პირველივე დღეებიდან ავერიდეთ. ახლა ველოდებით მოტივის დადგენას, თუ რისთვის გაიმეტეს მოსაკლავად ალექსი პეტრიაშვილი. ველოდებით ასევე მეორე კრიმინალის დაკავებას.

 

- გამოძიების დაწყებისთანავე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვდით. რატომ ვერ ხერხდება დღემდე საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა?


- მუხლის შეცვლას ვითხოვთ პირველივე დღიდან. ეს არ იყო მხოლოდ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. როდესაც ადამიანს 5-ჯერ ესვრიან, აქედან სამ ტყვიას მოახვედრებენ და უმოწყალოდ სცემენ რკინის ჩაქუჩით და ბეისბოლის „ბიტებით", ეს არის მკვლელობის მცდელობა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მუხლი უნდა შეიცვალოს. ეს იყო მკვლელობის მცდელობა. მკვლელობა ვერ განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ იყვნენ თვითმხილველები და დამნაშავეებს მოუწიათ გაქცევა.


რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, ალექსი პეტრიაშვილი ჯერ დაზარალებულადაც არ არის ცნობილი. ესეც ყურს ჭრის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მხოლოდ ფორმალური საკითხია, რომელიც უსწრაფესად გადაწყდება. ბატონი პეტრიაშვილი დიახაც რომ დაზარალებულია. აბა, ვინ არის სხვა ამ საქმეში დაზარალებული? დამნაშავე, რომელიც გუშინ დააკავეს?! ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროკურატურამ და შსს-მ ყველა დეტალი დროზე უნდა შეაფასონ, შეკრიბონ მტკიცებულებები, მიმართონ სასამართლოს და დადგეს შესაბამისი მსჯავრი.

 

- ემხრობით თუ არა ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ოჯახის მნიშვნელობა დაზუსტდეს და განისაზღვროს, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი ერთობა?


- ვფიქრობ, რომ ამგვარი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში უნდა არსებობდეს. ამას ვამბობ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და „თავისუფალი დემოკრატი". მახსენდება ხორვატიის მაგალითი, ევროკავშირში შესული ბოლო წევრი ქვეყანა, რომელმაც ჩაატარა რეფერენდუმი და ამგვარი ჩანაწერი ხორვატიის კონსტიტუციაში აისახა. ეს იყო ხორვატი ხალხის უმრავლესობის ნება და ამ ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგა. სწორედ ამგვარი ჩანაწერით შევიდა ხორვატია ევროკავშირში. ასე რომ, ევროკავშირისგან რაღაც ბუას შექმნა და საუბარი, რომ თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაძლებელია, ამგვარი ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის უფლება არ მოგვცეს ვინმემ, სრული სისულელე და ღრმა არაპროფესიონალიზმია.საქართველოს შინაურ საქმეებში არავინ ჩაერევა. თუ ეს ქართველი ხალხის ნება იქნება, საქართველოს ვერავინ შეუშლის ხელს, იგივე გააკეთოს.


- თუმცა, რესპუბლიკური პარტია არ აპირებს, აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭიროს.


- ჩვენი ფრაქცია ამგვარი ჩანაწერის გაჩენას კონსტიტუციაში მხარს დაუჭერს. არ მესმის რესპუბლიკური პარტიის მოტივი, რომ თავი აარიდოს ამ განხილვებში მონაწილეობას და მხარი არ დაუჭიროს ამ ჩანაწერს. წინასწარ იმის თქმა, რომ საკითხი ჩავარდება, არასერიოზულია. არავინ იცის, როგორ მოიქცევიან დარბაზში ჩვენი კოლეგები. ამიტომ, მოდით, ნუ შევქმნით დაძაბულ ფონს. თუ ეს საკითხი ინიცირებული იქნება უმრავლესობის მიერ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს გაუგებარ ინსინუაციებს. თუ ძალთა შორის კონსენსუსი შედგება, ერთი უარი „რესპუბლიკელების" მხრიდან ვერ შეგვაფერხებს. ამგვარი ჩანაწერი უნდა არსებობდეს საქართველოს კონსტიტუციაში და იგი აუცილებლად გაჩნდება, მოსწონს ეს რესპუბლიკურ პარტიას თუ არა.


- ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა შეუერთდეს საქართველო ამ მოთხოვნას?


- ქალბატონი სავჩენკო რომ პოლიტპატიმარია, ამაზე საუბარი ზედმეტია. ვფიქრობ, რომ მთელი ეს ბოღმა და გესლი, რომელიც ახლა მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთმა ამ ქალბატონის თავზე გადმოანთხია. იგი არის პოლიტპატიმარი და ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. 21-ე საუკუნეში ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესები იშვიათობაა. ეს გვაგონებს გასული საუკუნის 30-იან წლებს, როდესაც პუტინის სულიერი მამა სწორედ პოლიტიკური მოტივით ადამიანებს ხოცავდა, აპატიმრებდა. აბსოლუტურად მიუღებელია დღეს რუსეთში მსგავსი მეთოდებით ადამიანების დევნა. ჩვენ თანაზიარი უნდა ვიყოთ ქალბატონი სავჩენკოსი, ჩვენი უკრაინელი მეგობრების. სხვანაირად არ შეიძლება, რადგან მომავალში შეიძლება რომელიმე ქართველი აღმოჩნდეს იმავე მდგომარეობაში.


- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ბერკეტები არსებობს რუსეთის შესაჩერებლად?


- ვფიქრობ, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით. რუსეთს ევროსაბჭოში ახლა ხმის უფლება შეჩერებული აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ გაირიცხოს რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოდან. არსებობს კიდევ ბევრი ინსტრუმენტი, რომ რუსეთი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდეს.


- ოპოზიციური სპექტრი წინასაარჩევნოდ გაერთიანების გეგმაზე მუშაობს. „თავისუფალი დემოკრატები" აპირებთ თუ არა ამ პროცესში ჩართვას თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას?


- როდესაც კოალიცია დავტოვეთ, განვაცხადეთ, რომ გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად გვევლო პოლიტიკურ გზაზე და დამოუკიდებლად მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ურყევი არჩევანი და ვფიქრობ, რომ ეს აღარ შეიცვლება. დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებზე და მოვსინჯავთ საკუთარ ძალებს. 


 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner