logo_geo
eng_logo
დავით-გარეჯიდან ლევილის დაბრუნებამდე - ინტერვიუ გელა დუმბაძესთან
- +

3 ნოემბერი. 2016. 11:14

 

 

ამ ერთობ გაუგებარი სათაურის ამოხსნას ჩვენი პუბლიკაციის პოსტსკრიპტუმში წაკითხვის შემდეგ შეძლებთ.

 

მანამდე კი: საპარლამენტო არჩევნების მიერ ერთგვარად გადაფარული მოვლენის შესახებ ვესაუბროთ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს.

 

საქართველოსთვის ლევილის მამულის დაბრუნებაზე ვილაპარაკებთ.

 

- ლევილის მამულის დაბრუნებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამბობს ბატონი გელა, - ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სწორად გათვლილი და ენერგიულად განხორციელებული სტრატეგიის შედეგად მოხერხდა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურთა ოჯახების წარმომადგენლებმა, ვისზეც გაფორმებული იყო ეს მამული, როგორც კერძო საკუთრება, დააფასეს ჩვენი შრომა, გვენდნენ და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მამული თავისი შატოთი (პარიზიდან 23 კილომეტრში), დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს - ქართველ ხალხს. იმ ფონზე, როცა საქართველოს დროებით აქვს დაკარგული თავისი ტერიტორიის ნაწილი, ამ აქტის ისტორიული მნიშვნელობა მრავალგზის იზრდება.


ძალიან ბევრი პრობლემა იყო მოსაგვარებელი: მთავარი მათ შორის - ქართული მხარისადმი არასათანადო ნდობის ხარისხი იმათი მხრიდან, ვისაც ჰქონდა ხელმოწერის უფლება, მოლაპარაკებათა არათანმიმდევრული ხასიათი და საკითხების არადეტალური განხილვა. ვგულისხმობ აკადემიურ განხილვას.


ჩვენი განახლებული კომისია ხელისუფლების მხრიდან აღჭურვილი იყო სრული ნდობითა და მხარდაჭერით.


- განახლებაში რას გულისხმობთ?

 

- მაგალითად, სტრატეგიულ ნაბიჯად მიმაჩნია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოწვევა, რომლის ღვაწლი ამ თემაში ფრიად სოლიდური იყო. ასევე, საფრანგეთში  ჩვენი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის გოჩა ჯავახიშვილის ჩართვა, რომელმაც მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ლევილის მფლობელ ქართულ ოჯახებთან, ფრანგულ ნოტარიატთან, საერთოდ, საფრანგეთის მხარესთან ურთიერთობის მოგვარებაში. გამოვყოფდი, აგრეთვე, ჩვენი ელჩის ეკა დელონე-სირაძის შედეგიან მონაწილეობას ამ პროცესებში. იგი სპეციალურად ჩავიდა იტალიაში, შეისწავლა „ვილა მედიჩის" გამოცდილება, რომელიც ერთ-ერთ საფუძვლად დაედება ლევილის მამულის ახალი მიმართულებით განვითარებას და ა.შ.


- თქვენ გაკვრით მიმანიშნეთ, რომ მამულის მფლობელ ოჯახებს ჰქონდათ რაღაც პრეტენზიები.

 

- უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, ჰქონდათ მოთხოვნები, რომელთა შორის უმთავრესი იყო ის, რომ მამულს უნდა შენარჩუნებოდა ისტორიული პროფილი. ეს მოთხოვნა აბსოლუტურად გავიზიარეთ. აქ მოეწყობა ქართულ-ფრანგული კულტუროლოგიური კერა. ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები როტაციის წესით ჩავლენ ლევილში და იმუშავებენ ამ მიმართულებით, მოამზადებენ თემებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დამოუკიდებელი საქართველო, მისი გმირები, პირველი რესპუბლიკა და მისი მეთაურები და ასე შემდეგ. ღია ტიპის საზოგადოება, რომელიც იქ შეიქმნება, უზრუნველყოფს მამულის ახალ სიცოცხლეს და სამეცნიერო და კულტუროლოგიური პროცესების მჩქეფარებას.


უახლოეს მომავალში განხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მამულის გადაცემა, როგორც საქართველოს კერძო საკუთრების. ამ საქმეს მოაგვარებს ახალი სამუშაო ჯგუფი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლების შემადგენლობით.


ჩვენი მხარე ჩართულია აღნიშნულ პროცესებში ისე, როგორც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის წლევანდელი აპრილისა და მაისის ორ, ძალიან სერიოზულ განკარგულებაში. ეს ცალკე უნდა აღვნიშნოთ.


- კი ბატონო, მაგრამ, მანამდე, თუ შეიძლება, თვით ლევილის მამულის ისტორიულ მნიშვნელობაზე, იმ დოკუმენტებზე, არტიფაქტებზე უთხრათ ჩვენს მკითხველებს ორიოდ სიტყვა, რომლებიც იქ ინახება.


- მამულში დღესაც არის მდიდარი ბიბლიოთეკა, უამრავი წიგნითა და დამოუკიდებული საქართველოს უამრავი პერიოდული გამოცემით. აქვს მასალები ქართულ და უცხოურ ენებზე, მიმოწერა, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მოღვაწეობას, სხვა ქვეყნებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ დროს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტების უზარმაზარI მასის მეცნიერულ შესწავლას, კვლევას წლები დასჭირდება. ეს მარტო ისტორიოგრაფების საქმე არ არის, აქ შეეძლებათ ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობის გაშლა მწერლებს, ჟურნალისტებს...

 

- გმადლობთ. ახლა კი, თუ არ შეწუხდებით, საქართველოს მთავრობის იმ დადგენილებებს დავუბრუნდეთ, რომლებიც ლევილის მამულთან დაკავშირებით არის მიღებული.


- ამ დადგენილებების განხორციელებამ უზრუნველყო ჩვენი საქმიანობის წარმატება. ეს უპირველეს ყოვლისა.


მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფილოსოფიას, რომელმაც ეს წარმატება მოგვიტანა.


უპირველესი ჩვენი ხედვა არის ის, რომ ღირსეულად ვაფასებთ ყველა წინამორბედის, ხელისუფალი იქნება, მეცნიერი თუ უბრალოდ პიროვნება, გაწეულ ღვაწლს, თუნდაც მცირეს, რომელიც მიმართული იყო ლევილის მამულის საქართველოსთვის დასაბრუნებლად.


ჩვენს თანამემამულეებთან პირველსავე შეხვედრაზე მე, როგორც ქართული პარიტეტული კომისიის თავმჯდომარემ, ჩვენს თანამემამულეებს განვუცხადე, რომ არც მე, არც ჩვენი კომისია, არ ვართ მხარე, არამედ თქვენიანები ვართ, თქვენი წინაპრები ჩვენი წინაპრებიც არიან, ამიტომ ჩვენ ვიქნებით ლევილის მამულის უფლებათა ნომერ პირველი დამცველები. გავუხსენით, ასე ვთქვათ, ჩვენი გულის კარი და ამით მივაღწიეთ ნდობის მაღალ ხარისხს. მოვუყევით იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოში განვახორციელეთ საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებით, მათ შორისაა ფუნდამენტური ალბომების და ბროშურების გამოცემა, პირველი რესპუბლიკის მეთაურთა სახელები დაერქვა ორ ქუჩას, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მარცხენა ფლიგელთან გაიხსნა პირველი რესპუბლიკის ბაღი, სადაც ხელი მოეწერა წინასწარ განზრახულებათა ოქმს საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის შესახებ, მოეწყო ლევილში დაცული და სხვა დოკუმენტების გამოფენა იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით და ა.შ. და ა.შ.


ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობამ გამოჰყო 107 ათასი ევრო ლევილის მამულის წინასწარი დიაგნოსტიკური შეფასებისთვის (ასეთი იყო ფრანგული მხარის მოთხოვნა) და დაიდო 700-გვერდიანი ფუნდამენტური დოკუმენტი მამულის ყოველმხრივი კვლევით მიღებული შედეგების.


საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ორ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, კერძოდ, ისიც, რომ ლევილის მამულის ჩვენთვის გადმოცემის შემდეგ, ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გაიღებს 5 მილიონ 600 ათას ევროს ლევილის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის.


ამ ყველაფერმა, როგორც ვთქვი, შექმნა ფრანგული მხარის ჩვენდამი მაღალი ნდობის ხარისხი, და 23 სექტემბერს თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, ლევილში, კერძოდ, შატოში (სასახლეში) ხელი მოვაწერეთ იმ ისტორიულ დოკუმენტს, რომელზეც ვლაპარაკობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მონიჭებული უფლებამოსილებით შეთანხმებას მე მოვაწერე ხელი, და დაუბრუნდა მამული მის კანონიერ მემკვიდრეს - ქართველ ხალხს.


ჩამოსვლისთანავე თავისთან მიმიხმო მისმა უწმინდესობამ, საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ და თქვა, რომ ლევილის დაბრუნება საქართველოს ისტორიისთვის დიდად მნიშვნელოვანი ფაქტია.


P.S. ჩვენს მკითხველებს შევახსენებ, რომ ბატონი გელა დუმბაძე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან იბრძოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულად გამორჩეული ჯგუფის წევრი, რომელმაც 1980-იანი წლების ბოლოს წამოიწყო დიდად რეზონანსული და მასშტაბური მოძრაობა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადასარჩენად და გაიმარჯვა. ახალგაზრდებმა საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელების მხარდაჭერით უკან დაახევინეს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს და კომპლექსის ტერიტორიაზე შეწყდა სიკვდილის მთესველი და სამონასტრო კომპლექსის დამანგრეველი საარტილერიო ჭურვების გამოცდა, ტანკების საბრძოლო მანევრები, ყოველგვარი საწვრთნელი სწავლება და საბოლოოდ გაუქმდა აქ არსებული სამხედრო პოლიგონი.

 

ეს იყო, პირდაპირ ვთქვათ, მოკავშირე რესპუბლიკის ტერიტორიიდან საბჭოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზის გაყვანის მანამდე წარმოუდგენელი პირველი ფაქტი.

 

საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილამდე ერთი წლით ადრე გადაიდგა.

 

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner