logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: თარხან ბათირაშვილი ცოცხალია და აგრძელებს თავის საქმიანობას
- +

21 მარტი. 2016. 16:42


სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მსოფლიოში არსებულ დაძაბულ ვითარებასა და აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე „რეპორტიორს" ესაუბრა.


- ბატონო ვახტანგ, რუსეთს სირიიდან ჯარი გაჰყავს. რა გახდა კრემლისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი?


-  რუსეთს სირიიდან ჯარი არ გაჰყავს, უბრალოდ ამცირებს. ჯარი მცირდება 20%-ით. დანარჩენი 80% რჩება სამხედრო ბაზებზე, უბრალოდ მათ ეცვლებათ ფუნქცია-ამოცანები. ისინი ინტენსიურად აღარ მიიღებენ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. თუკი რუსეთს დასჭირდება სირიაში სრულმასშტაბიანი ოპერაციის განხორციელება, 24 საათში ამის მობილიზებას მოახერხებს.


- რამ განაპირობა რუსეთის ეს ქმედება?


- ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, პოზიტიური და ნეგატიური ფაქტორები.  პოზიტიური ფაქტორი რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის ის, რომ რუსეთმა მეტ-ნაკლებად მიაღწია თავის მიზანს და შეძლო სირიაში „ალ-ქაიდას" მომხრე ჯიჰადისტური დაჯგუფებების შევიწროება და რამდენიმეს სრულად განადგურება. ეს დაჯგუფებები უშუალოდ უქმნიდნენ საფრთხეს რუსეთის ფედერაციას.


რუსეთმა შეძლო და შექმნა ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მეშვეობითაც იგი თავის სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებს იკმაყოფილებს აღმოსავლეთის რეგიონის ფარგლებში. საუბარია სირიაში მოქმედი ადგილობრივი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლებთან ალიანსზე. ამ მიმართულებით, გარკვეულწილად მოხდა ამერიკელების ერთგვარი შევიწროება. ასევე ალიანსი შედგა ერაყის მთავრობასთან და ასადის რეჟიმის წარმომადგენლებთან.


რუსეთმა ჩათვალა, რომ იმ დონეზე გააძლიერა ასადის რეჟიმი, მას შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს სამხედრო ოპერაციები. რუსეთმა მოახერხა ასადის რეჟიმისთვის მყიფე მდგომარეობიდან საკმაოდ სტაბილურ პირობებში გადაყვანის უზრუნველყოფა.


რუსეთმა ასწია დუღილის ტემპერატურა სირიის კონფლიქტში და გადამწყვეტ მომენტში ფაქტობრივად გვერდზე გადგა, პასუხისმგებლობა კი დაუტოვა ამერიკულ მხარეს.


- რა არის ნეგატიური ფაქტორები, რამაც კრემლს ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა?


- კრემლში გაიმართა საიდუმლო თათბირი და მკაცრად დაისვა საკითხი, რომ რუსეთს აღარ შეუძლია, ფინანსურად უზრუნველყოს სირიაში ოპერაციების წარმოება. მას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა ყოველ დღე საბრძოლო მოქმედებების განხორციელება. მეტსაც გეტყვით, რუსეთი აპირებს, 2016 წელს თავდაცვის ხარჯები 10 %-ით შეამციროს. ეს საკმაოდ სერიოზული გარემოებაა. ის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დღეს რუსეთში არსებობს, სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყანაზე.


რუსეთს, როგორც ჩანს, ახლა პოზიციების გამყარება კავკასიის მიდამოებში სჭირდება.


- შესაძლოა თუ არა, რომ ამ ყველაფერს დავუკავშიროთ გრიგორი კარასინის საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება?


- დიახ, ეს ყველაფერი შემთხვევით არ დამთხვევია ერთმანეთს. ეს იყო ძალიან აგრესიული განცხადება საქართველოს მიმართულებით. ეს ყველაფერი ასევე საეჭვოდ დაემთხვა შიდა ქართლში მცოცავი ოკუპაციის პროცესის დაწყებას. იქ უკვე ცდილობენ, დააგონ გზის საფარი. რაც ნიშნავს, რომ რუსეთი აპირებს, სერიოზულად განიხილოს თბილისი-გორის მაგისტრალის გადაკეტვის პერსპექტივა.


რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს სამხედრო­პოლიტიკური ზეწოლა და ჩართულობა კავკასიაში. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანის მიმართულებითაც რუსეთი აძლიერებს თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას. კარასინის მუქარა მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, რუსეთი უახლოეს პერიოდში გააძლიერებს პირდაპირ ჩარევას კავკასიის ქვეყნების შიდა საქმეებში. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დუღილის ტემპერატურა უფრო აიწევს და ერთი­ორად გაიზრდება რუსეთის მიერ ასეთი ჩარევის ალბათობის შანსები.  


- ვრცელდება ინფორმაცია პანკისელი თარხან ბათირაშვილის, იმავე ომარ ალ-შიშანის გარდაცვალების შესახებ. რამდენად რეალურია აღნიშნული ინფორმაცია?


- თარხან ბათირაშვილი არ არის მოკლული, ის ცოცხალია და აგრძელებს თავის საქმიანობას. ამას ადასტურებენ „ისლამური სახალიფოს" საინფორმაციო საშუალებები და სხვა ჯიჰადისტური წყაროები. თარხან ბათირაშვილი მართლაც რომ ყოფილიყო მოკლული, ამას „დაიში" არ დამალავდა. დოკუ ომაროვის მკვლელობის ფაქტიც მოკლე პერიოდში დაადასტურეს და არ დაუმალავთ. ასეთი ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. თარხან ბათირაშვილი ახლა, სავარაუდოდ, გადასროლილია სირიის მიმართულებით, რადგან დღეს „ისლამურ სახელმწიფოს" ყველაზე მეტად ამ მიმართულებით უჭირს. ფაქტობრივად, ადგილობრივი სირიელი ქურთების და ამერიკელების კოალიციის ერთობლივი ძალებით შეიქმნა საფრთხე, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ" დაკარგოს ქალაქი რაკა. ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს.


- ასევე მუსირებს აზრი, რომ ბათირაშვილის გარდაცვალებით საქართველო „ისლამური სახელმწიფოს" წინაშე დაუცველი რჩება. რამდენად აქვს ამ აზრს არსებობის უფლება? რეალურად, შესაძლებელია თუ არა, რომ ბათირაშვილი საქართველოს გარკვეულწილად მფარველობდეს?


- ეს არის ერთგვარი მითი. „ისლამურ სახალიფოში" ეთნიკურ წარმომავლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ დასჭირდა „ისლამური სახალიფოს" ხელმძღვანელობას, ისეთივე ტერორისტულ საქმიანობას განახორციელებს, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის მიმართ ახორციელებს.  


- პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებაზეც გკითხავთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება ზოგადად ფაქტზე და ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან?


- ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, სახელმწიფოსთვის გამოწვევის მიზნით ხელთათმანის სროლა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პოლიტიკური დესტაბილიზაცია. ეს ფაქტი ასევე არყევს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის პრინციპებსაც. ამას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგები.


რა თქმა უნდა, ამ ფაქტების უკან დგას სერიოზული ძალა. იგრძნობა გარკვეული სპეცსამსახურების ხელწერა. ეს ოპერაცია სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, თუნდაც დაახლოებით 8 თვის მანძილზე. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კიდევ იქნება მსგავსი და კიდევ უარესი შეტევები, რომელიც ამ ოპერაციის შემადგენელი ნაწილი იქნება.


ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ე.წ. კადრების განადგურება არაფერს წარმოადგენდა, რადგან ეს იყო შეგნებულად დატოვებული კადრები. ხელისუფლება ამ სატყუარას წამოეგო. რეალურად, ორიგინალი კადრები გაიტანეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ძალებმა, რომლებიც ამ ყველაფერის ჩაწერას ახორციელებდნენ. ორიგინალები, როგორც ჩანს, გადეცათ გარკვეული ქვეყნების სპეცსამსახურებს. ცოტა ხანში გამოჩნდება, რომელ ქვეყნებზეა საუბარი და დავინახავთ, თუ ვის აწყობს წინასაარჩევნოდ ასეთი დესტაბილიზაციის შექმნა. აქ ერთმანეთს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა წინა ხელისუფლების ეგოისტური ინტერესები ფინანსური კუთხით და გარკვეული ქვეყნების ინტერესები. 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner