logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: „ქართული ოცნებას“ რეალური კონკურენტი არ ჰყავს!
- +

11 აპრილი. 2016. 15:49



სახელისუფლებო კოალიციის დაშლა, „ქართული ოცნება", მმართველ გუნდს მიღმა დარჩენილი პარტიები - რას უკავშირებს კოალიციის დაშლას და რა პროგნოზებს აკეთებს საარჩევნოდ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე - შეიტყვეთ ჩვენი ინტერვიუდან:



- კოალიციის დაშლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა. მას ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია, არამედ ურჩიეს, რომ ასე აჯობებდა. უთხრეს, რომ ზოგიერთი პარტია იყო ტვირთი, რაც მართალიცაა. კოალიციის დაშლა და არჩევნებზე „ქართული ოცნების" დამოუკიდებლად გასვლა, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა „ოცნებისა" და ივანიშვილის მხრიდან. ეს აძლევს საშუალებას ამ პარტიას, მიიზიდოს ახალი სახეები, უჩვენოს მოსახლეობას, რომ შეუძლია განაახლოს, შეცვალოს ბევრი რამ ქვეყანაში. რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც იყვნენ კოალიციაში, მათ მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი ძალიან მცირეა...


ზოგადად, ჩვენს მცირერიცხოვან ქვეყენაში რეგისტრირებულია 200-მდე ჯგუფი, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს პოლიტიკური პარტია. ესენი არიან ჯგუფები, შემოკრებილნი ცალკეული პიროვნებების გარშემო და იდეოლოგია და იდეა აქვთ ერთი - მოვიდნენ ხელისუფლებაში ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, რომ შემდეგ ფუფუნებაში იცხოვრონ; ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინონ ძვირადღირებული მანქანები, დაიწყონ ბიზნესი და ასე შემდეგ. რეალურად კი თავგანწირვაა საჭირო, რათა საქართველო გამოიყვანო იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც არის ახლა. ასეთი ჯგუფები არ არიან, ისინი მხოლოდ საკუთარზე, პირადზე ფიქრობენ. არჩევნებამდე დარჩენილია ნახევარი წელი, ბევრი რამ შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ არსებითად არაფერი შეიცვლება. აქვე ვიტყვი, არ არსებობს ბიზნესმენი, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომელიც დააფინანსებს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს... ასე რომ, არჩევნებამდე არაფერი მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელია არაა პოლიტიკურ პალიტრაზე.


- დამოუკიდებელ პარტია „ქართული ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსები რამდენად აქვს?


- მართალია, მისი რეიტინგი დაეცა, მაგრამ შანსები აქვს ძალიან მაღალი. განურჩევლად იმისა, ვინ რა გამოკითხვას ჩაატარებს, ჩვენ ეს შესანიშნავად ვიცით, ვისაც გვაქვს ურთიერთობა ხალხთან. ამას გარდა, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, წვდომა ტელევიზიებზე - ეს ფაქტორები იმარჯვებს ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იწყება საერთო სახალხო გამოსვლები და ამბოხი. დღეს კი საზოგადოებაში უკმაყოფილების გრადუსი არ არის იმ დონეზე, რომ ამბოხი მოხდეს. ამიტომ ამ რესურსების სწორი, ჭკვიანური გამოყენებით, „ოცნება" მიიღებს სრულ უმრავლესობას პარლამენტში.


- რომელი პოლიტიკური ძალაა დღეს ხელისუფლების ალტერნატივა, ვინ მიგაჩნიათ „ქართული ოცნების" რეალურ კონკურენტად?


- ნამდვილად არავინ. კარგად ვიცნობ პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს, საქართველოში არ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც იცის, რომ საქართველოს ჰაერივით სჭირდება ღრმა, ყოვლისმომცველი რეფორმები, მოდერნიზაცია. აბა გვაჩვენონ, რა იდეები, რა კონკრეტული ხედვა და გეგმები აქვთ. ასეთი რამ არ არსებობს. სახელწოდებებიც არ ვიცი, ვიცი ბურჯანაძის ჯგუფი, ალასანიას ჯგუფი და ა.შ. ნამდილად ვერ ურჩევ მოსახლეობას, რომელიმე კონკრეტულ ძალას მისცეს ხმა. ვისურვებდი, „ოცნებამ" მეტი ნორმალური ადამიანი მონახოს და ჩაიყენოს თავის რიგებში. კვირიკაშვილის მოყვანა პრემიერ-მინისტრად იძლევა გარკვეული იმედების საფუძველს.


- მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საფრთხეები საქართველოს წინაშე - როგორ უნდა აიცილოს თავიდან ხელისუფლებამ რისკები და დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება?

 

- ყარაბაღის კონფლიქტი ყველაზე სახიფათო კონფლიქტია, რაც კი არსებობს დიდი ევროპის ტეროტორიაზე. სახიფათო იმიტომ, რომ მასში შეიძლება აქტიურად ჩაერთოს რუსეთიც, თურქეთიც და ზოგი სხვა სახელმწიფოც. წლების განმავლობაში არავითარი ძვრა არ არის და კონფლიქტი გაყინულია. ორივე მხარე ამბობს, რომ რომ არავითარი სამხედრო ძალების კონცენტრაცია არ მოუხდენია. შესაბამისად, რეალური ომისთვის მზადება ჯერ არ არის. მაგრამ პოტენციურად ძალიან სახიფათო ვითარებაა. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? მეზობლებთან, რომლებთანაც საუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და რომელთა ეთნიკური უმცირესობები ჩვენთან ცხოვრობენ, უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე და დელიკატურობა. ღმერთმა ნუ ქნას, კონფლიქტი გაღვივდეს და გადაიზარდოს ომში, ჩვენი მდგომარეობა იქნება ურთულესი. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც ადრე იყო, როცა ორივე მხარე საქართველოს უყურებდა, როგორც მშვიდობის მომტან ქვეყანას. ასე რომ, ძალიან პრაგმატული, ბრძნული პოლიტიკა მართებს ჩვენს მთავრობას და ამ მხრივ იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება.


- და ბოლოს, გკითხავთ ტელეკომპანია „იმედში" მომხდარ სკანდალზე... უნდა გახდეს თუ არა სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი?


- რთული რამ არის. საჭიროა განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა. კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომ მართლაც ფიქსირდებოდეს და მუშაობდეს იმ შემთხვევაში, როცა რაღაც ჩადენილია. მაგალითად, ვიცი დასავლეთში ბევრი გახმაურებული სკანდალი, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა პროვოკაცია, პროვოკაცია მოწყობილი ქალბატონის მიერ. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა აშშ-ის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი შედის პროფესორთან, კეტავს  კარებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოვარდეს ყვირილით, იმის გამო, რომ ცუდ ნიშანს უწერდნენ. ამიტომ ასეთ ფაქტებს აქვს ორი მხარე. კანონმდებლობა კარგია, მაგრამ საჭიროა, რომ ის იყოს ადეკვატური და რაც მთავარია, მისი აღსრულება უნდა იყოს ისეთი, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა და უნდობლობა არ გააჩინოს.


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner