top_leaderboard

ავთო წიკლაური: „ჩვენ ორს კიდევ ბევრი ბრძოლა მოგვიწევს დედამიწაზე…“

ბავშვობაში ფერწერით და ის მოზაიკით იყო გატაცებული. მოგვიანებით, ქანდაკებების კეთება დაიწყო. ხელოვნების მოყვარულებს კი თავი დაამახსოვრა როგორც ანსამბლ „ბერიკონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, განსაკუთრებული ვოკალური მონაცემების მქონე მომღერალმა და სოლისტმა. მანამდე, სცენაზე თამარ გვერდწითელთან ერთად გამოდიოდა, მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“ და „ჯადოსნური გზები“, რომელსაც ვალერი ლომსაძე ხელმძღვანელობდა.

დღეს ავთო წიკლაური ლექსებსა და მოთხრობებსაც წერს. ქანდაკებები კი მისი ინტერესების სფეროში ისევ რჩება.

 

ცნობილი მომღერლის ბიუსტი

მე თემურ წიკლაურის ბიუსტი მაკეტის სახით მზად მაქვს. ის 70-სანტიმეტრიანია და გარე ფასადისთვისაა გათვალისწინებული. შემდეგ მარმარილოში უნდა გაკეთდეს, მაგრამ სანამ მერია ან კულტურის სამინისტრო არ დააფინანსებს, არაფერი გამოვა. იმედია, ვისაც ეს ეხება, სათანადო ყურადღებას გამოიჩენს, რადგან ეს ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებს. თემურ წიკლაურს ასეთი სტროფი მივუძღვენი:

„დაცარიელდა სცენა უშენოდ,

ადრე დაგიგო განგებამ მახე,

მაინც მღერიხარ ზეცაში, მაღლა,

რადგან შენ უკვე უფალი ნახე!“

მრავალჟამიერ „ივერიას“!

ახლახან ალექსანდრე ბასილაიას ბიუსტზე დავიწყე მუშაობა. ვფიქრობ, ამ პიროვნების შემდეგ, თემურ წიკლაურის წასვლით, ანსამბლ „ივერიას“ სული გამოეცალა. თუმცა ამ დანაკლისის მიუხედავად, ბატონ ჯემალ ბაღაშვილისა და „ივერიის“ შემადგენლობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი დღემდე ინარჩუნებენ ანსამბლის ღირსეულ სახელს და აქტუალობას არ კარგავენ. მინდა, მის წევრებს წარმატება ვუსურვო, მრავალჟამიერ „ივერიას“!

„მეორედ მოსვლამდე“

ბოლო დროს ბევრი ლექსი დავწერე, მაგრამ კრებულის გამოცემას ამ ეტაპზე ალბათ ვერ შევძლებ. ჩემს შემოქმედებაში სიახლე ისაა, რომ მოთხრობებიც დავწერე. ერთი მათგანი, სოციალურ ქსელებში გავაზიარე. მას ჰქვია „მეორედ მოსვლამდე“ და სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ თემაზეა. ამ მოთხრობაში სული, რომელიც გაეყარა სხეულს, ასეთ სიტყვებს ეუბნება მას: „მჯერა, რომ წესიერად ვცხოვრობდით, უფალი მოწყალე იქნება და არსებობას ისევ ერთად გავაგრძელებთ. მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა, არ  არის შორს. მჯერა, რომ ერთ-ერთი შენ იქნები, ვინც მკვდრეთით აღდგება! ჩვენ ორს კიდევ ბევრი ბრძოლა მოგვიწევს დედამიწაზე – სიკეთისთვის! სინათლისა და ბოროტზე გამარჯვებისთვის!“

გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, თუმცა…

პირველად ასეთ მარადიულ თემებზე მაშინ დავფიქრდი, როცა ჩვენი ქვეყანა გაყიდეს – 89 წლის 9 აპრილს. არ იფიქროთ, პესიმისტი ვარ, სინამდვილეში, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. თუმცა, რეალურად ვაანალიზებ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება. სამმილიონიან ქვეყანას ამდენი ნარკომანი რომ ჰყავს, მისი მდგომარეობა მაინცდამაინც საიმედო არ უნდა იყოს.

საბერძნეთს რომ არ დავემსგავსოთ…

როცა გავიგე, საქართველოში გეი-აღლუმი არ ჩატარდებოდა, გამიხარდა. ჩვენ ხომ არ გვინდა დავემსგავსოთ საბერძნეთს, სადაც ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა?! ამას უფალი არ გვაპატიებს, ეს ხატზე დაბიჯების ტოლფასი იქნებოდა. ის ხალხი ფულის – 30 ვერცხლის გულისთვის ყველაფერს იკადრებს. მჯერა, რომ აღლუმს ზაფხულშიც არ ჩავატარებთ, რადგან ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს.

პოეტის ცნობილი ლექსის ამღერება

შანდორ პეტეფის ცნობილ ლექსზე „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“ სიმღერა დავწერე. მას შევასრულებ იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ამ სიტყვებს ხშირად ვუმეორებ, ანუ ჩემს საყვარელ მეუღლესთან, მომღერალ ტატა ჩუბინიძესთან ერთად. კიდევ, ძალიან მინდა „ბერიკონის“ ახალი თაობის კონცერტის გაკეთება. ახალი სიმღერები და მათი არანჟირება მზად მაქვს. იმედია, ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებ, რადგან ჩემი ცხოვრების პრინციპი უცვლელია: ლოცვა და შრომა…

ასევე იხილეთ