logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე: ადამიანი მოიგებს ამ ომს!
- +

20 ოქტომბერი. 2020. 00:16

 

 

„არ ვარგა ვინმეს მოტყუება, რომ კორონა ყველაზე უარესი პანდემიაა, რაც მსოფლიოს უნახავს და არც თავის მოტყუება, რომ ,,კორონა არ არსებობს“, - ამის შესახებ  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

,,არ არსებობს ზომიერებაზე მოსაწყენი რამ, მაგრამ ადამიანის ცხოვრება ასე აეწყო, რომ საზოგადო ყოფაში ეს მოსაწყენი რამ დიდად საჭიროა.

 

აგერ, ხუთი თვის წინ ფეხსაცმელს რომ მეზობელ სადარბაზოში ვტოვებდით, ინფექციის შინ მიტანის შიშით და დღეს ლამის იმ ფეხსაცმლით გაჯიუტებულ ვახტანგურებს ვსვამთ - ეგ არ ვარგა.

 

არ ვარგა ექიმების ღმერთად გამოცხადება, მათი მცირე კრიტიკის გამო სხვისი გუნდური მოძახილით მიწაში დამარხვა გუშინ და ახლა იგივე ექიმების დაუნდობელი კრულვაც არ ვარგა.

 

არ ვარგა ვინმეს მოტყუება, რომ კორონა ყველაზე უარესი პანდემიაა, რაც მსოფლიოს უნახავს და არც თავის მოტყუება, რომ ,,კორონა არ არსებობს".

 

არ ვარგა იმის ძახილი, რომ ქართველებს არაფერი მოგვეკარება და არც ის ვარგა, თავზე ნაცარს რომ წავიყრით, ა, ახლა მორჩა და დავიქეცითო.

 

ხანაც ფარული სიხარულით წავიყრით ამ ნაცარს - ეგ ყველაზე მეტად არ ვარგა.

 

არც გამარჯვების ცეკვა ვარგა მწვერვალზე ასვლამდე და არც დამარცხების გლოვა ძირს დანარცხებამდე.

 

არც ის ვარგა, ამ ჭკვიან ხალხს მე რომ ჭკუას გარიგებთ, მაგრამ ჩუმად რომ ვიყო, ისიც ხომ არ ვარგა?!

 

ჰოდა, ვიყოთ ზომიერები, ყველა ნაპირზე, იქითაც და იმის იქითაც.

 

ზომიერები, როცა საქმე ერთმანეთს ეხება.

 

თორემ ისე რომ ზომიერება ყველაზე მოსაწყენი სპორტია, თავიდანვე მოგახსენეთ.

 

ადამიანი მოიგებს ამ ომს", - წერს გიორგი კეკელიძე.

 

right_banner
არქივი
right_banner