გიორგი ვოლსკი: მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში
-
+
26 იანვარი. 2021. 19:36
„მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში“, – წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
ის ყოფილი მმართველი პარტიის იმ ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაცმოძრაობის გამარჯვებად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებით:
რა ვითარება დაგვხვდ
- დაკარგული იყო და საქმეში არ იდო გორში აფეთქებული ბალისტიკური რაკეტა ისკანდერის ნარჩენები, რომელმაც 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა;
- მტკიცებულებად არ იყო გამოყენებული საჰაერო რადარის ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ომის დროს საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა და თავდასხმებს მისი სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებდნენ;
- მოპოვებული და გამოყენებული არ იყო რუსული ბომბებისა და ჭურვების განაღმვის დოკუმენეტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ რუსეთი ბომბავდა ქართულ დასახლებულ პუნქტებს;
- საქმეში არ იყო სეისმური სადგურის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა ომის პერიოდში ბომბებისა და ჭურვების აფეთქებებს;
- წარდგენილი არ იყო სატელიტით გადაღებული მასალის შედარებითი ანალიზი, რომელიც ადასტურებდა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას;
- მტკიცებულებად გამოყენებული არ იყო სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;
- საქმეში არ იყო ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;
- წარდგენილი არ ყოფილა ქართველ ტყვეთა დაზიანებების ამსახველი მთელი რიგი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები;
- სადავო მტკიცებულებებზე წარდგენილი არ იყო ექსპერტიზის დასკვნები;
- არ იყო ჩატარებული სათანადო მუშაობა მოწმეთა ჩვენებების შესაგროვებლად;
- ამას დაუმატეთ ჰააგის გაეროს სასამართლოში ნაცხელისუფლების მიერ შეტანილი სრულიად არასრულფასოვანი სარჩელი, რის გამოც წარმოებაშიც არ მიიღეს;
- გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათვე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს.
აქედან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში“, – წერს ვოლსკი.