logo_geo
eng_logo
„ოლღა, ილიას ღირსეული მეუღლე, ლუკმაპურის საშოვნელად ილიას წიგნებს ჰყიდდა“- აქამდე უცნობი ისტორია, რომელიც აგატირებთ
- +

26 აპრილი. 2020. 01:29

 

 

 

ციური ნარმანია ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილის შესახებ ამაღელვებელ, აქამდე უცნობ ისტორიას აქვეყნებს.

 

„ვაიმე, რა ვიპოვე... ერთი ფოტო, რომელიც ილია მართალის ქვრივს, ოლღა გურამიშვილს (ჭავჭავაძისას) ეხება და შარშან, დიდი გულისტკივილით, მესენჯერით გამომიგზავნა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა.

 

ჩვენ ბევრი ვიტირეთ და ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ძალიან მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს დარდი და ტკივილი...

 

როგორც ქვემოთ ხედავთ, ფოტოზე დიდი ილიას თხზულებათა წიგნია გადაშლილი, შემდეგი წარწერით: "ეს წიგნი ვიყიდე თვითონ ილიას ცოლისაგან, რომელიც ბაზარში დადიოდა და იძახდა, "ილიკოს თხზუელება, ილიკოს თხზულებაო".

 

ოლღა გურამიშვილს ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებით არასოდეს უცხოვრია... მან გვერდზე გადადო საკუთარი თავი, ამბიციები და მთელი მისი სიცოცხლე ილიას და ერის კეთილდღეობას მიუძღვნა. ისიც მსხვერპლი აღმოჩნდა, ილიასავით, მაგრამ უხმოდ და უსახელოდ...

 

მოკლეს ილია, მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს ოლღა, რომელიც ქართველებისგან სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს, წიწამურთან, შემდეგი სიტყვებით გადაეფარა : "კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! _ ეს ქვეყანას სჭირდება".

 

ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან ოლღა. მას არც გაუხედავს საგურამოსკენ და არც თბილისის ბინისკენ, ისე ჩააბარა "წერა _ კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და თვითონ მთაწმინდის უბანში, ილიასთან ახლოს პატარა ბინაში შეიყუჟა.

 

ეს ის ოლღა იყო, რომლის ხასიათით, ღირსებით და მორალით აღფრთოვანებული და გაოცებული ლევ ტოლსტოი წერდა: "მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც, იგი მხეცურად სცემეს და დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის. ახლა უნდა დავსძინოთ და ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა".

 

დიახ, ეს საამაყო ოლღა, ილიას ღირსეული მეუღლე და დასაყრდენი ძალა, იქამდე იყო მიტოვებული, რომ ლუკმაპურის საშოვნელად ილიას წიგნებს ჰყიდდა. იმ წიგნებს რომლებიც აუწონავი განძი იყო ქვრივისთვის. სამაგიეროდ, ვიდრე იგი უკანასკნელ განსაცდელს გადიოდა, ბოგანო ქართველთა ოჯახებში მრავლდებოდა ილიას კრებულები, სხვადასხვა წარწერებით, რომლის ერთი მაგალითი ეს წიგნია. კიდევ უნამისოდ, დიდი სიამაყით წააწერა, რომ ილიას "ვაჭარი" ცოლისგან იყიდა, ვინ იცის შეევაჭრა კიდევაც, იმის ნაცვლად, რომ ფეხქვეშ გაგებოდა, ბოდიში მოეხადა სამარცხვინო ერის სახელით და ისე მიეცა პურის ფული.. მამა დავითზე შავად მოსილი ქალიც, რომელიც მუხლებზე უდგებოდა მოსიარულეებს და ემუდარებოდა, "ერთი სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომაც ტაძარი აგიშენებიათო", არ უნდოდათ ეცნოთ, რომ ილიას ქვრივი ოლღა იყო და ფეხით გაუწევიათ რამდენჯერ.

 

სად იყო მაშინ ქართული საზოგადოება?! ეს ხომ გასაბჭოებამდე იყო (წიგნი, 1914 _ის გამოცემაა). როგორ ვერ გამოკვებეს დიდი ილიას ქვრივი?! იმ ილიასი, რომელის პირველი და უკანასკნელი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის კეთილდღეობა იყო; იმ ილიასი, რომელმაც თქვა: "მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა" და ერთი წამითაც არ უღალატია მისთვის. იმ ილიასი, რომელმაც ცხოვრების კრედოდ "ენა, მამული, სარწმუნოება" გაიხადა და თავი შესწირა მას. თვით ილიასგან დამოუკიდებლადაც, ოლღაც უდიდესი პატრიოტი ქალბატონი და ერის სიამაყე იყო; "იგი წერა _ კითხვის გამავცელებელი საზოგადოების", "ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა" და "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" წევრი იყო...

 

რა თმა უნდა, კვლავ ბოღმა და შური... მათ შინაგანად სძულდათ ილია, სიდიადისა და შეუპოვრობის გამო, პირველობისა (როგორც ვაჟამ უწოდა) და განუმეორებელი ნიჭიერების გამო. იმ ნიჭიერების გამო, რომელზეც თვით სტალინმა თქვა: "მსოფლიო ერთ კაცს რომ ემართა, ეს უეჭველად ილია იქნებოდაო".

 

სამაგიეროდ, როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე, ქართველებმა, ოლღას დაკრძალვაზე იოსებ იმედაშვილმა ეს სიტყვები წარმოთქვა: "ახლა მიწას ვაბარებთ 19 _ ე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლის და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს, ოლღა თადეოზის ას. გურამიშვილს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი და თავისი მეუღლის ნარ _ ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკლო ზვარაკად შეეწირა".

 

დღესაც ასეთი ბოროტების ხელშია ბედკრული საქართველო. ვერაფრით ვერ ავმაღლდით ბოროტებაზე და შურზე.

 

მომიტევეთ ჩემო მეგობრებო უარყოფითი ემოციები, ამ ისედაც მძიმე ჟამს, მაგრამ ვერ მოვითმინე. შემდგომს ილია და ოლღას ულამაზეს და უერთგულეს სიყვარულზე დავწერ და გულს გაგითბობთ, გპირდებით.

 

მიყვარხართ!  თავს გაუფრთხიდით! გაუტეხელ რწმენას და ლოცვით გაძლიერებას გისურვებთ.  "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"!

right_banner
არქივი
right_banner