logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა პირველი თებერვლიდან დაიწყება
- +

21 იანვარი. 2021. 21:38

 

 

„საქართველოში კორონავირუს გადატანილი პაციენტების კვლევა პირველი თებერვლიდან დაიწყება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, შემთხვევით პრინციპით შეირჩევა 500 კოვიდ გადატანილ პაციენტს, დამოუკიდებლად იმისა მას ჩივილი აქვს თუ არა.

 

„ჯერჯერობით არანაირი კლინიკური კვლევები არ მიმდინარეობს არც ჩვენთან და არც სხვაგან. ჩატარდა ერთადერთი კლინიკური კვლევა ინგლისში, რომელმაც აჩვენა ძალიან საინტერესო შედეგები. მათ კოვიდ გადატანილი პაციენტებიდან 47 ათასი კაცი გამოიკვლიეს 140 დღის განმავლობაში, ანუ დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში. გაწერიდან 29.4 პროცენტი შემოვიდა კლინიკაში და 12.3პროცენტი, ანუ ყოველი მერვე, მეცხრე დაახლოებიით, გარდაიცვალა. ეს ძალიან საყურადღებო შედეგებია. ჩვენთან კვლევა როგორც ასეთი, ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ პაციენტები ბევრია და მოგვმართავენ. ჩვენ მათ ვიღებთ როგორც ჩვეულებრივ პაციენტებს ორგანიზებული კვლევების გარეშე. როცა პაციენტი მოგვმართავს პოსტკოვიდური სინდრომით ან გახანგრძლივებული კოვიდით, თუ კოვიდის შემდგომ, განკურნებიდან ჩივილები მაშინვე გრძელდება, მაგალითად სისუსტე, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რამე, ამას ეძახიან გახანგრძლივებულ კოვიდს, ხოლო თუ გაჯანმრთელებიდან ერთი თვე გავა და მერე გაჩნდება ჩივილები, ამას უკვე პოსტკოვიდურ სინდრომს ეძახიან. ეს ორი პათოლოგია გამიჯნული ძალიან მკაცრად არ არის. ამ სინდრომით ავადმყოფები საქართველოში არის, ისინი მიმართავენ ბევრ კლინიკას, ძირითადად იმ კლინიკას, საიდანაც გაეწერნენ და ჩვენ ასეთ პაციენტებს ვიღებთ, ვაძლევთ რეკომენდაციებს, თუ საჭიროა ვუწევთ დახმარებას. ეს არის არაოგანიზებულად, თვითდინებით, რაც არ გვაძლევს საკმარის საფუძველს, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდი, რომელი გამოვლინებები ჭარბობს და როგორ სჭირდებათ მათ მკურნალობა. საერთოდ სჭირდებათ მკურნალობა თუ არა. ყველაფერ ამას პასუხს გასცემს კვლევა 500 კაცზე, რომელიც დაიგეგმა ჩვენ კლინიკაში და განხორციელება რამდენიმე სხვა კლინიკასთან პარტნიორობაში. ეს კვლევა დაიწყება პირველ თებერვლას და ჩვენ ავიღებთ 500 კოვიდგადატანილ პაციენტს, დამოუკიდებლად იმისა, მას ჩივილი აქვს თუ არა. შემთხვევითი შერჩევით ავიღებთ ამ პაციენტებს და მათ ჩაუტარებთ როგორც კლინიკურ გამოკვლევას, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტულ გამოკვლევებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით, ერთი თვის შემდეგ ზუსტად იქნება ცნობილი, რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი, რა სიმძიმით, რა გამოხატულებით, რამდენს აქვთ სუნთქვის უკმარისობა, რამდენს გულის ჩივილები, სისუსტე, შფოთი, უძილობა, დეპრესია.

 

„ყველაფერ ამაზე პასუხი გვექნება კვლევის შემდეგ. ამის შემდეგ სამინისტრო ვარაუდობს, რომ შეადგენს პროგრამას, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებები უფასოდ მოემსახურებიან პოსტკოვიდური სინდრომით პაციენტებს, ოღონდ ეს პროგრამა შედგება და გაწერილი იქნება ამ კვლევის საფუძველზე. კვლევით რა შედეგებიც მიიღება, იმის მიხედვით შედგება პროგრამა. შესაძლოა, საქართველო პირველი ქვეყანა იყოს, ვინც ასეთ პროგრამას შეადგენს. ჯერ უცხოეთშიც მსგავსი პროგრამა, ორგანიზებული სახით პოსტკოვიდური ავადმყოფების შესწავლა არ არის, იქაც თვითდინებით, არაორგანიზებულად მიმართავენ ექიმს და ექიმი უწევს დახმარებას, დღეს ჩვენთანაც ასეა. ერთ თვეში ასე არ იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner