logo_geo
eng_logo
გიორგი ხანიშვილი „მთავარ არხს“: თანამედროვე ბაღების გასაშენებლად სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარჯავს, იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ
- +

23 იანვარი. 2022. 18:53

 

 

„თანამედროვე ბაღების გაშენებაში სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარჯავს, იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

გავრცელებული ვიდეოჩანაწერით, ვაშლის ბაღების გაჩეხის მიზეზად ხილის ფასია დასახელებული, რომელიც მინიმალურია. „ვაშლი, რომელიც ადგილზე ღირს ლარის ფარგლებში, იმაზე იმის თქმა, რომ არ იყიდება, უსამართლობაა“, - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა PIA.GE-თან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ფაქტი გამოყენებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და ემსახურება ფერმერების შეცდომაში შეყვანას.

 

მისი თქმით, ფერმერი, სავარაუდოდ, ახალი თანამედროვე ბაღის გაშენებას აპირებს.

 

„მთავარ არხს“ არ გაუშუქებია 14 500 ჰექტარი ახალი ბაღების გაშენებიდან არცერთი ბაღის გაშენება. ის, რომ სადღაც, რომელიღაც გლეხი იმისათვის, რომ დარწმუნებული ვარ, გააშენოს ახალი თანამედროვე ბაღი, ჩეხს ძველ ამორტიზებულ ბაღს, სპეციალურად ვიღაცამ დააყენა ტელევიზია და სწორედ ამიტომ, ძალიან წუხს, რომ შვილივით ნაზარდია. შვილივით ნაზარდი ბაღები არის მოვლილი და ნაპატრონები, ეს ბაღი არის - მოუვლელი, ძველი გაშენების ბაღი, რომელსაც პერიოდულად სჭირდება განახლება, გაჩეხა და ახლით შეცვლა, ამიტომ ასეთი იაფფასიანი სპეკულაციების დრო დამთავრდა“, - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.

 

გიორგი ხანიშვილის თქმით, ფერმერი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ემსახურება არასწორ საქმიანობას.

 

„ჩვენ ვნახეთ, აჩეხილი ატმის ბაღები და ექსპორტზე გასული 30 000 ტონა ატამი, აჩეხილი ვენახი და მერე 10-ჯერ გაზრდილი ექსპორტი. ასევე, ვიხილეთ განადგურებული საზამთროები და შემდეგ ექსპორტზე გატანილი ათასობით. ხომ შეიძლება არ იმუშაონ ადამიანებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ?! არ გამოიყენონ და შეცდომაში არ შეიყვანონ ფერმერები. ძალიან ბოროტად არის გამოყვანილი ამ შემთხვევაში, რომელიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, აბსოლუტურად ემსახურება არასწორ საქმიანობას. ვინც დაკავებულია ბაღების გაშენებით, ყველამ იცის და ვერცერთ ფერმერს ვერ მოატყუებ, თუ რატომ შეიძლება გაიჩეხოს ძველი ბაღი და როგორ აუცილებელია ძველის გაშენება, რომ ახალი თანამედროვე ბაღები გაშენდეს“, - აღნიშნავს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ იაფფასიანი სპეკულაციების დრო უნდა დამთავრდეს.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარჯავს თანამედროვე ბაღების გაშენებაში. „თანამედროვე ვაშლის ბაღები ორი ათას ჰექტარს გადასცდა, მათ შორის, გორის რაიონში. ანარჩევი ვაშლიც 30 თეთრად იყიდება. იაფფასიანი სპეკულაციების დრო დამთავრდა ამ ქვეყანაში და მოვუწოდებ მათ, რეალურად გააშუქონ ის ფაქტი, რასაც ნამდვილად აქვს ადგილი ქართულ სოფლის მეურნეობაში. ვაშლი, რომელიც ადგილზე ღირს ლარის ფარგლებში, იმაზე იმის თქმა, რომ არ იყიდება, უსამართლობაა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეო გავრცელდა, რომლის თანახმად ფერმერი ერგნეთში ვაშლის ბაღებს ჩეხს. ადგილობრივების ინფორმაციით, ფერმერი ვეფხვია კასრაძე, რომელიც ვაშლის ბაღებს ჩეხს, „ლელოს“ აქტივისტია, რომელიც სოფელში საცხოვრებლად რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა.

 

მათივე თქმით, ვეფხვია კასრაძე პარტია „ლელოს“ თავმჯდომარესთან მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული პირია და ხაზარაძემ მას საჩუქრად ტრაქტორი გადასცა.

 

ადგილობრივები განმარტავენ, რომ აღნიშნული ბაღი, რომელიც კეხურის ჯიშებით იყო გაშენებული, მოუვლელი და მიტოვებული იყო და სავარაუდოდ, ვეფხვია კასრაძე აღნიშნული ბაღის ახალი ჯიშებით ჩანაცვლებას აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner