logo_geo
eng_logo
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სტარტს იღებს
- +

31 მაისი. 2017. 20:29



კოალიციამ „განათლება ყველასათვის - საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" პრეზენტაცია გამართა, რომელზეც საზოგადოებას კამპანიის ეტაპების, კონკურსის  პირობების, საკონკურსო კომისიის, კამპანიის მხარდამჭერების, ფინალური ღონისძიებისა და ეროვნული ჯილდოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციაზე, ასევე, წარადგინეს სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო კლიპი და ვებგვერდი - www.tprize.ge რომელზეც, კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლები დარეგისტრირდებიან.


კონკურსანტების რეგისტრაცია ვებგვერდზე 31 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ ეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.


კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი".   


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს",  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize" - ნაწილია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.


 

right_banner
არქივი
right_banner