logo_geo
eng_logo
კასპში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება
- +

18 მაისი. 2020. 17:23

 

 

ქალაქ კასპში გრძელდება კელაპტრიშვილის ქუჩის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ადგილზე მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს.

 

ქუჩაზე ამჟამად კიუვეტების მოწყობა და გზის მოსწორება-მოშანდაკება ანუ ასფალტის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

აღნიშნული ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ქუჩაზე 2018-2019 წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.

 

პროექტი ითვალისწინებს 1068 გრძივ მეტრზე, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, რკინაბეტონის ღარების, ეზოში შესასვლელების, გზასთან მისასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობას. გზა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

 

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს და ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner