logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: Позор, ოთარ ჩხეიძის ქალიშვილო!
- +

22 სექტემბერი. 2020. 20:21

 

 

ოქრიაშვილიც, ოქრუაშვილიცა და ოქუაშვილიც ახლა ისევ სააკაშვილის ოქროები არიან და ერთ პოლიტიკურ ოჯახში სიამტკბილობენ, რომლის დიასახლისიც ნატო ჩხეიძე გახლავთ!

 

პაატა ბურჭულაძის გამონაცვალი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც ახლა ქართული პოლიტიკური ზოოპარკის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ბინადარი ნიკა მაჭუტაძე ხელმძღვანელობს, „ნაცმოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკში გაწევრიანდა.

 

შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ბლოკში აღმოჩნდა და სააკაშვილის აწ უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ პარტნიორად მოგვევლინა ბურჭულაძის გამონაცვალი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი ნატო ჩხეიძე, რომელიც ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს.

 

ასე და ამრიგად, პოლიტიკური ფლირტი, რომელიც ნატო ჩხეიძემ და მისმა ქმარმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა სააკაშვილის პარტიასთან ორი წლის წინათ წამოიწყეს, პოლიტიკური ქორწინებით დაგვირგვინდა!

 

თუმცა, კარგად თუ ჩავუღრმავდებით და გავჩხრეკთ, ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ფლირტი მთლად ახალ დაწყებულსაც არ ჰგავს.

 

დიახ, ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთობა ჯერ კიდევ 200-იანი წლების დასაწყისიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ან დაწყებითი კლასის მოწაფეთა სიყვარულობანას მოგვაგონებს, როცა პატარა ბიჭი პატარა გოგოსადმი გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ ტრფიალს მისთვის თმების დაწიწკნითა და ჩქმეტით გამოხატავს.

 

2004 წელს სააკაშვილის რეჟიმის სადამსჯელო რაზმები ზაზა ოქუაშვილის „ომეგა ჯგუფში“ რომ შეცვივდნენ და კომპანია დაარბიეს, საზოგადოებას ეს ბიზნესის დატერორება ეგონა, სინამდვილეში კი სიყვარულისა და სითბოს თავისებური გამოხატვა ყოფილა.

 

იმავე სააკაშვილის რეჟიმმა ნატო ჩხეიძის დაფუძნებული ტელეკომპანია „იბერია“ ბლიცკრიგით რომ აიღო და დახურა, თურმე, ესეც სიყვარულით „თმების დაწიწკნა“ და „ლოყების დაჩქმეტა“ იყო, საზოგადოება კი სულ ტყუილად ყვიროდა – „ნაცები“ თავისუფალ მედიას ახშობენო!

 

რაც მთავარია, ჩხეიძე-ოქუაშვილისადმი სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური ლტოლვა, რომელიც მათთვის ბიზნესის წართმევასა და ტელევიზიის დახურვაში სუბლიმირდა, ცალმხრივი არ ყოფილა: ბიზნესწართმეულმა და ტელევიზიადახურულმა ჩხეიძე-ოქუაშვილმა გახელებულ პოლიტიკურ მიჯნურს საპროტესტო გამოსვლები მოუწყვეს, ძალადობასა და ტერორში ამხილეს და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვეს.

 

აი, ასე საოცრად და უჩვეულოდ იწრთობოდა ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცრეჟიმის“ პოლიტიკური მიჯნურობა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიწმინდა, დაკრისტალდა და მტკიცე პოლიტიკური ოჯახის შექმნით დასრულდა!

 

თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ მოსიყვარულე წყვილის ურთიერთობაში ვიღაც მესამე გაეჩხირება, რომელიც ყველაფრის არევ-დარევას ლამობს, მიჯნურებს ერთმანეთით ტკბობაში ხელს უშლის და ბედნიერების საშუალებას არ აძლევს.

 

ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიყვარულში ასეთი „მურმანის ეკლისა“ და „არამკითხე მოამბის“ როლი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იკისრა, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დარბევისა და დახურვის საქმე გამოიძია და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი მის ყოფილ მოადგილე გიორგი ლაცაბიძესთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 

ის კი არა, ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მიჯნურობაში ხელის ფათური არც სასამართლომ ითაკილა, რომელმაც პროკურატურის მიერ ბრალდებულ ადეიშვილსა და ლაცაბიძეს ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა – ყოფილ გენერალურ პროკურორს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის ყოფილ მოადგილეს კი 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

 

ერთი სიტყვით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მგზნებარე პოლიტიკური სიყვარული, რომელმაც ათას ქარტეხილს გაუძლო, შეერყია და გაებზარა, თუმცა, ჩხეიძე-ოქუაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, როგორც ნამდვილ მიჯნურებს სჩვევიათ, თავიანთი ურთიერთობის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლეს და დღეს მაინც ერთად არიან.

 

დიახ, ხვიშტი შენ, „ქართულო ოცნებავ“ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნატო ჩხეიძისა და ზაზა ოქუაშვილის დატერორების, მათთვის ბიზნესის წართმევისა და ტელევიზიის დახურვის საქმე გამოიძიე, ადეიშვილი პასუხისგებაში მიეცი და გეგონა, ამით ნამდვილ სიყვარულს დაამარცხებდი? იმედი გქონდა, რომ ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ თავანკარა მიჯნურობას ამით რამეს დააკლებდი?

 

არა, ფეხი არ ჩაგივიდა, არამკითხე ხელისუფლებამ, ისე დაგემართა, ნათქვამი რომ არის: ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო! მერე რა, რომ ნატო ჩხეიძე ამ სამიოდე წლის წინათაც აცხადებდა – „იბერიის“ დახურვაში მარტო ადეიშვილი კი არ არის დამნაშავე, არამედ „ომეგა ჯგუფის“ საწარმოებში სპეცრაზმის შეჭრასა და ტელევიზიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას პირადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდაო! „ოცნებავ“, ნუ თუ მართლა იფიქრე, რომ ქალბატონი ნატო ამას გულწრფელად ამბობდა? არა, უბრალოდ, პოლიტიკურ მიჯნურს სიყვარულით „თმებს წიწკნიდა“ და „ლოყაზე ჩქმეტდა“.

 

ჰოდა, „მურმანის ეკლად“ ქცეულო ხელისუფლებავ, ახლა მაინც იწამე ნამდვილი სიყვარულის! ხომ ხედავ, ნატო ჩხეიძე დღეს სწორედ იმ სააკაშვილის პოლიტიკურ ოჯახში ფუსფუსებს, რომელსაც „ომეგა ჯგუფის“ საწარმოების დარბევასა და ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვაში ადებდა ხელს! ზურაბ ადეიშვილიც, რომელსაც ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის გამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მოსიყვარულე პოლიტიკური ოჯახის განუყოფელი წევრია! ის კი არა, ზაზა ოქუაშვილმა სააკაშვილის პირადი ტელევიზიის – „მთავარი არხის“ 40-პროცენტიანი წილიც კი იყიდა, რათა პოლიტიკური ოჯახის სიმყარეს არაფერი დაემუქროს და საკადრისი პასუხი მიიღოს ყველამ, ვინც პოლიტიკურ მიჯნურთა იდილიის დარღვევას მოიწადინებს!

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ჩხეიძე-ოქუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ოჯახში მატებაა, რასაც, შეიძლება „უძღები შვილების დაბრუნება“ ვუწოდოთ.

 

კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც პირდაპირ ეთერში განაცხადა – სააკაშვილმა იმიტომ დამიჭირა, რომ განცხადებებში გადავამლაშეო, დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური პარტნიორია და საბურთალოს მაჟორიტარად კენჭს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ეგიდით იყრის.

 

„ნაცმოძრაობის“ წიაღს დაუბრუნდა და სააკაშვილის პარტიასთან საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა „მარადმწვანე“ პარლამენტარი და სააფთიაქო მაფიის ერთ-ერთი ბოსი კახა ოქრიაშვილიც, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ იყო პორტირებული.

 

ასე რომ, ოქრიაშვილიც, ოქრუაშვილიცა და ოქუაშვილიც ახლა ისევ სააკაშვილის ოქროები არიან და ერთ პოლიტიკურ ოჯახში სიამტკბილობენ, რომლის დიასახლისიც ნატო ჩხეიძე გახლავთ!

 

ნატო ჩხეიძის მამა, ცნობილი ქართველი მწერალი ოთარ ჩხეიძე ცოცხალი რომ იყოს, საკუთარი სიძე-ქალიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მრავალნაცად პოლიტიკურ სიყვარულზე ან სქელტანიან რომანს დაწერდა, ან თავში ხელებს წაიშენდა და აღმოხდებოდა – „პაზორ, ოთარ ჩხეიძის ქალიშვილო!“

 

მაგრამ ოთარ ჩხეიძე, რომელმაც ქართულ ლიტერატურას საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა, საკუთარი სიძე-ქალიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ დაწყვილებას ვერ მოესწრო.

 

მისდა საუბედუროდ თუ მისდა საბედნიეროდ, ეგ უკვე აღარ ვიცით!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner